"გადაზიდვების ციფრული პლატფორმა Cargon-ი ამ ეტაპზე აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვაზე, რადგან მიზანი იმ ქვეყნებში მასშტაბირებაა, სადაც სტარტაპი უკვე წარმოდგენილია, თუმცა მომდევნო ნაბიჯი ტექნოლოგიის თურქეთში განვითარებაა,"- ამის შესახებ Cargon-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო ჩალაძემ „ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.
"ამ ეტაპზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ინვესტიციის მოზიდვაზე. ალბათ წარმატებით დავამთავრებთ საინვესტიციო რაუნდს წლის ბოლომდე და შემდეგ ვფიქრობთ, რომ პირველი ნაბიჯი ამ ქვეყნების მიღმა ჩვენი ტექნოლოგიის თურქეთში განვითარება იქნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო გადაზიდვა და არა შიდა გადაზიდვები. თურქეთში ძირითადად შიდა გადაზიდვებზე არის ძალიან დიდი კონკურენცია, მათ შორის, რა თქმა უნდა, საერთაშორისოზეც, მაგრამ რადგან ჩვენ ვუყურებთ შუა აზიის დერეფანს და ჩვენს გეოგრაფიულ ნაწილს, მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ამის მხარდაჭერა მოხდეს თურქეთიდან და არ შევიდეთ პირდაპირ კონკურენციაში ისეთ კომპანიებთან, რომლებიც 50 ან 60 წელი არიან ბაზარზე“, - განაცხადა ვანო ჩალაძემ.
შეგახსენებთ, Cargon-ი ქმნის ციფრულ ლოგისტიკურ პლატფორმას, რომლის მიზანია ტვირთის გამგზავრებისა და გადამზიდავების ერთმანეთთან, ერთ სივრცეში დაკავშირება, სატვირთო გადაზიდვების პროცესის გაციფრულება, გამჭვირვალობის გაზრდა და მიწოდების ჯაჭვში ხარჯებისა და დროის ოპტიმიზაცია. ამ ეტაპზე სტარტაპს 500-ზე მეტი ტვირთის მფლობელი/პარტნიორი ჰყავს და 12 000-ზე მეტი გადამზიდდთან თანამშრომლობს.
Cargon (კარგონი) საქართველოს გარდა კიდევ 5 ქვეყანაში ოპერირებს. მათ შორის: სომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ყაზახეთი.