„გურია ფიშ ფარმინგმა“ ბათუმში პირველი მაღაზია გახსნა და გაზაფხულზე ქსელის გაფართოებას გეგმავს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი ჩხაიძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, მაღაზიის გახსნა თბილისშიაც იგეგმება.
„ბათუმში ჩვენი პირველი მაღაზია გავხსენით. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს პროდუქციის შეძენის სურვილი, რის გამოც ჩვენი ტერიტორიის წინ მაღაზიის გახსნას ვგეგმავთ, სადაც პროდუქციის რეალიზაცია მოხდება. ყველაზე დიდი მოთხოვნა ზაფხულში, სეზონის განმავლობაშია. ვფიქრობთ, რომ მაღაზია, სავარაუდოდ, გაზაფხულზე გაიხსნება.
მანამდე გეგმაში გვაქვს, რომ ბათუმის შემდეგ, მომავალი წლის გაზაფხულზე, თბილისში ერთი ან ორი მაღაზია გავხსნათ.
ამ ეტაპზე დაახლოებით 25 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც სტაბილურად მუშაობენ. თუმცა, პერიოდულად დამატებით თანამშრომლებსაც ვასაქმებთ, სადაც დაახლოებით 15-20 ადამიანი მუშაობს. ყველა მათგანი ადგილობრივია, ძირითადად ლანჩხუთიდან და ოზურგეთიდან“, - განაცხადა გიორგი ჩხაიძემ.
რაც შეეხება გამოწვევებს, გიორგი ჩხაიძე აღნიშნავს, რომ თურქეთიდან იმპორტირებული თევზი ბაზარზე „შავი ზღვის ორაგულის“ სახელით იყიდება, რაც კომპანიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
„შემდეგ ჩვენ გვიწევს ადამიანებისთვის იმის ახსნა, რომ შავი ზღვის ორაგული არ არსებობს და ეს სინამდვილეში კალმახია“, - განაცხადა გიორგი ჩხაიძემ.
ბაზარზე არსებულ ვითარებაზე საუბრისას გიორგი ჩხაიძემ განმარტა, რომ „გურია ფიშ ფარმინგის“ კონკურენტული უპირატესობა ნორვეგიული ორაგულის წარმოებაა, რომელსაც რეგიონში სხვა არავინ აწარმოებს.
„ჩვენ მხოლოდ ერთი სახეობის თევზი გვაქვს- ნორვეგიული ორაგული. რეგიონში ამ სახეობას ფიზიკურად სხვა არავინ აწარმოებს. კონკურენციას მხოლოდ ნორვეგიიდან იმპორტირებულ თევზს ვუწევთ. ჯერჯერობით სხვა სახეობის თევზის დამატებას არ ვგეგმავთ“, - განაცხადა გიორგი ჩხაიძემ.
მისივე თქმით, თევზის ლაბორატორიის გახსნა ამ ეტაპზე გადაიდო, რადგან აღნიშნულ საკითხზე სახელმწიფო მუშაობს.
„წესით, ლაბორატორიის არსებობა მეთევზის ფუნქცია არ არის. რადგან სახელმწიფომ ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო, ლაბორატორიის მომსახურების დეფიციტი უკვე ისეთი მწვავე აღარ არის, როგორიც მანამდე იყო. ადრე ამის შესაძლებლობა ფიზიკურად არ არსებობდა, ახლა კი ნელ-ნელა ჩნდება. ამასთან, ამბობენ, რომ ქართული ლაბორატორიების შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა გიორგი ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, კომპანია „გურია ფიშ ფარმინგი" გრიგოლეთში მდებარეობს. პროექტის ღირებულება 8,5 მლნ ლარია, საიდანაც 5 მლნ ლარი დაფინანსებულია პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში. პროექტი გათვლილია 5 წელზე და კომპანიის მენეჯმენტი ჯამში 200 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს.