ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა მსხვილ ჩინურ იმპორტიორ კომპანიებთან - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარემ, მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.
როგორც მიხეილ ხიდურელი აცხადებს, გარდა იმპორტიორებისა, შეხვედრები გაიმართა სხვა დარგის კომპანიებთანაც.
“ყველა ეს კომპანია მოვიწვიეთ საქართველოს ეროვნულ პავილიონში, რომელიც ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში გაიხსნება. წელს საქართველო გამოფენაზე სამი პავილიონით იქნება წარმოდგენილი - ეროვნული, რომელიც ჩვენი ქვეყნის კულტურასა და პოტენციალს წარმოაჩენს და ორი ბიზნეს პავილიონი. ჯამში გამოფენაში ინვესტიციების სააგენტოს მხარდაჭერით 37 ქართული ექსპორტიორი კომპანია მონაწილეობს“ - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.
ცნოისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, საქართველო შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე წარდგება, სადაც ქართული კომპანიები საერთაშორისო მყიდველებს საკუთარ პროდუქციას წარუდგენენ, რაც ახალი სავაჭრო კავშირების დამყარებასა და საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას შეუწყობს ხელს. გამოფენის ფარგლებში პირველად გაიმართება ქართული და ჩინური კომპანიების B2B შეხვედრები პოტენციურ მყიდველებთან და ბიზნესპარტნიორებთან. შეხვედრები ქართულ კომპანიებს საშუალებას მისცემს, პირდაპირი საქმიანი კონტაქტები დაამყარონ, განიხილონ თანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობები და გააფართოონ ჩინეთის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის პერსპექტივები.
წელს ეროვნული პავილიონის კონცეფცია ქართული კულტურისა და ისტორიის წარმოჩენას დაეთმობა. პავილიონის გაფორმებაში გამოყენებული იქნება ნიკო ფიროსმანის შემოქმედების მოტივები. სტუმრები გაეცნობიან ქართული ჭადრაკის ისტორიას და შესაძლებლობა ექნებათ თავადაც ითამაშონ ჭადრაკი.
ეროვნულ პავილიონში ასევე გაიმართება ქართული კალიგრაფიის მასტერკლასი, რომლის ფარგლებშიც დამთვალიერებლები ქართული დამწერლობის ისტორიასა და უნიკალურობას გაეცნობიან. ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაშია შეტანილი.
გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის მიზანია ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენა, ახალი სავაჭრო კავშირების დამყარება და საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოება. ინვესტიციების სააგენტო ქართული კომპანიების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას ორგანიზაციული და ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფს, რაც მათ პოტენციურ მყიდველებთან და ბიზნესპარტნიორებთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობას აძლევს.
საქართველო China International Import Expo-ში ყოველწლიურად, უკვე მეცხრედ მონაწილეობს.
გამოფენა ჩინეთის ქალაქ შანხაიში, 5-10 ნოემბერს გაიმართება.