Wizz Air ევროპაში გაფართოებას გეგმავს. უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ევროპის აეროპორტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ფინანსური პრობლემების მქონე ავიაკომპანიების ფრენის დროითი სლოტების მოსაპოვებლად. ამის შესახებ კომპანიის კორპორაციულმა დირექტორმა, ოვეინ ჯონსმა, 13 ოქტომბერს, ლისაბონში გამართულ მსოფლიო საავიაციო ფესტივალზე განაცხადა.
Reuters-ის ცნობით, ავიაციის სექტორში საწვავის მაღალი ფასებისა და გეოპოლიტიკური არასტაბილურობის გამო, სუსტი ფინანსური მდგომარეობის მქონე გადამზიდავები შესაძლოა დამატებითი ზეწოლის წინაშე აღმოჩნდნენ. მათი ბაზრიდან გასვლის შემთხვევაში კი სხვა ავიაკომპანიებს მარშრუტებისა და აეროპორტის სლოტების მოპოვების შესაძლებლობა ეძლევათ.
Wizz Air-ი ამ მიმართულებით მარტო არ მოქმედებს. ანალოგიურ სტრატეგიას ირლანდიური Ryanair-იც განიხილავს. კონკურენცია განსაკუთრებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მწვავდება, სადაც ორივე კომპანია ბაზრის წილის გაზრდას ცდილობს.
Wizz Air-ის განცხადებით, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა კომპანიის ძირითად ბაზრად რჩება. პარალელურად, ავიაკომპანია იტალიაში გაფართოებას და ესპანეთში ახალი ბაზების გახსნას გეგმავს. ამასთან, კომპანიამ ახლო აღმოსავლეთში ოპერაციები შეამცირა და ყურადღება ევროპულ ბაზრებზე გადაიტანა. ავიაციის სექტორში მიმდინარე ცვლილებებმა შესაძლოა ევროპაში მარშრუტების განაწილებაზე იმოქმედოს. თუმცა, ახალი მიმართულებების გახსნა და ბილეთების ფასებზე გავლენა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელ აეროპორტებში შეძლებენ ავიაკომპანიები პოზიციების გაძლიერებას და რამდენად ძლიერი იქნება კონკურენცია კონკრეტულ მარშრუტებზე.
თამარ გაზდელიანი