logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობა უფრო ეფექტიანი გახდა" - ინტერვიუ ტერესა მორეირასთან

გლობალური კონკურენცია, ციფრული ბაზრების გამოწვევები, მომხმარებელთა უფლებები და საქართველოს კონკურენციის პოლიტიკის განვითარების პერსპექტივები - სწორედ ამ თემებზე ისაუბრა "ბიზნესპარტნიორთან" კონკურენციის საერთაშორისო ექსპერტმა, ტერესა მორეირამ, რომელიც საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფებოდა. 

  • ბოლო წლებში როგორ შეიცვალა გლობალური კონკურენციის გარემო და რა არის დღეს მთავარი გამოწვევები?

- ვფიქრობ, მსოფლიო ეკონომიკა მუდმივად ვითარდება, თუმცა ბოლო ექვსი-შვიდი წლის განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პირველ რიგში, გვქონდა გლობალური პანდემია, რამაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები აიძულა, ჩარეულიყვნენ ეკონომიკურ პროცესებში, რათა მხარი დაეჭირათ კომპანიებისთვის, გაეგრძელებინათ მათი საქმიანობა და ამავდროულად, მოსახლეობისთვის ძირითადი სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების მიწოდება უზრუნველეყოთ. ამასთან, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ციფრული ბაზრები უფრო კომპლექსური გახდა და განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. ეს, ერთი მხრივ, ახალ შესაძლებლობებს ქმნის, თუმცა, მეორე მხრივ, გარკვეულ რისკებსაც შეიცავს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა კლიმატის ცვლილება და გარემოს დეგრადაცია, რომლის შედეგებსაც მთელი მსოფლიო განიცდის. გაეროს ვაჭრობისა და განვითარების ორგანიზაციაში ჩემი წინა საქმიანობის გამოცდილებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მინდა გამოვყო სიღარიბისა და უთანასწორობის საკითხები. დღემდე უამრავი ადამიანი სათანადო საკვების გარეშე ცხოვრობს და სიღარიბის პირობებში იმყოფება. ვფიქრობ, ეს საკმაოდ საგულისხმო და შემაშფოთებელი რეალობაა.

  • რამდენად მნიშვნელოვანია სამართლიანი კონკურენცია ეკონომიკური ზრდისთვის, განსაკუთრებით განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში?

- კონკურენცია უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ის, როგორც წესი, ბაზარზე წვდომის შესაძლებლობას ზრდის. ის კომპანიებს განვითარების და დივერსიფიკაციისკენ უბიძგებს, რადგან მათ სურთ ახალი მომხმარებლების მოზიდვა, არსებული კლიენტების შენარჩუნება და ბაზარზე საკუთარი წილის გაზრდა. შედეგად, მომხმარებლებს უფრო მრავალფეროვანი არჩევანი, დაბალი ფასები და უკეთესი ხარისხის პროდუქცია თუ მომსახურება ხვდებათ. კომპანიები ცდილობენ, ერთმანეთისგან განსხვავებული შეთავაზებები ჰქონდეთ და კონკურენტული უპირატესობა მოიპოვონ. საბოლოო ჯამში, ეს სარგებელს მოუტანს როგორც მომხმარებლებს, ისე თავად ბიზნესს. კონკურენცია ასევე ახალ შესაძლებლობებს ქმნის მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, სტარტაპებისა და უცხოური პირდაპირი ინვესტიციებისთვის, რაც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.

  • რა შეუძლიათ გააკეთონ მთავრობებმა იმისთვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს მსხვილ კომპანიებთან კონკურენციის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს?

- კონკურენციის პოლიტიკა, ძირითადად, ისეთ პრაქტიკებზეა ორიენტირებული, რომლებსაც ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია. მცირე და საშუალო საწარმოებს კი, როგორც წესი, მიუხედავად იმისა, რომ მათი რაოდენობა შეიძლება დიდი იყოს, არ აქვთ საკმარისი საბაზრო ძალაუფლება, რომ ბაზრის ფუნქციონირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ. შესაბამისად, კონკურენციის კანონმდებლობა მათ გარკვეულ თავისუფლებას აძლევს თანამშრომლობისთვის. რაც შეეხება იმას, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ მთავრობებს, მათ შეუძლიათ შექმნან შესაბამისი წამახალისებელი მექანიზმები და ხელი შეუწყონ მცირე და საშუალო ბიზნესს ექსპორტის განვითარებაში, ახალი ბაზრებისა და მომხმარებლების მოძიებაში. გასათვალისწინებელია, რომ მათი ნაწილი ძალიან მცირე მასშტაბით მუშაობს ან ოჯახური ბიზნესია, რის გამოც მათი საქმიანობა ზოგჯერ ტრადიციულ მეთოდებს ეფუძნება. სახელმწიფოს შეუძლია დაეხმაროს მათ მოდერნიზაციაში, ტექნოლოგიების დანერგვასა და ელექტრონული კომერციის შესაძლებლობების ათვისებაში.

  • დღეს არსებული კონკურენციის კანონმდებლობა საკმარისად ეფექტიანია იმისთვის, რომ მსხვილი ციფრული პლატფორმებისა და ტექნოლოგიური კომპანიების საქმიანობა დაარეგულიროს?

- დიდმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა და ციფრულმა პლატფორმებმა მოქალაქეებსა და ბიზნესს ახალი ბაზრების, პროდუქტებისა და სხვადასხვა საქმიანობის მიმართულებით წვდომის შესაძლებლობა მისცეს. თუმცა, რეგულირების არარსებობის შემთხვევაში, ამ კომპანიების საქმიანობა გარკვეულ რისკებსაც შეიცავს, რადგან მათ პრაქტიკულად შეუზღუდავი მოქმედების შესაძლებლობა ეძლევათ. მაგალითად, ევროპასა და სხვა ქვეყნებში, მათ შორის ისეთ განვითარებად ეკონომიკებში, როგორიცაა ინდოეთი და ბრაზილია, მთავრობებმა მიიჩნიეს, რომ აუცილებელია კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულებასთან ერთად დამატებითი რეგულაციების შემოღებაც. ვფიქრობ, ეს რთული პროცესია. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ისე უშუალოდ კონკურენციის უწყებებს შორის. იგივე შეიძლება ითქვას მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებზეც. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ როგორ ფუნქციონირებს ეს ბაზრები და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იმის განსაზღვრა, თუ რა ღონისძიებებია საჭირო. მაგალითად, ევროკავშირი უკვე არეგულირებს ციფრულ პლატფორმებსა და ციფრულ მომსახურებებს. ამასთან, მიღებულია ხელოვნური ინტელექტის შესახებ კანონიც.

  • როგორ ფიქრობთ, ხელოვნური ინტელექტი ცვლის ბიზნესებს შორის კონკურენციას და რა რისკები არსებობს?

- ვფიქრობ, ხელოვნური ინტელექტი უკვე ცვლის კონკურენციის პირობებს სხვადასხვა სფეროში. რაც შეეხება რისკებს, ისინი საკმაოდ მასშტაბურია. პირველ რიგში, ეს უკავშირდება უსაფრთხოებას, მართვისა და ზედამხედველობის საკითხებს, ნდობას და იმ მონაცემებს, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი იყენებს. ის ერთგვარ ჯადოსნურ ინსტრუმენტად გვევლინება, რომელსაც სასურველი შედეგების ძალიან სწრაფად მიღება შეუძლია. თუმცა, მთავარი საკითხი ისაა, როგორ აგროვებენ ამ მონაცემებს მისი შემქმნელები? მათი ნაწილი შესაძლოა სხვა პირებს ეკუთვნოდეს და არასწორად ან უნებართვოდ იქნას გამოყენებული. შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას ყოველ ჯერზე მოგვიწიოს მიღებული ინფორმაციის სისწორის გადამოწმება. ეს გარკვეულწილად ეწინააღმდეგება თავად ამ ტექნოლოგიის გამოყენების მთავარ მიზანს, დროის დაზოგვასა და ეფექტიანობის გაზრდას. მიუხედავად ამისა, AI უკვე აქტიურად ინერგება სხვადასხვა სფეროსა და ეკონომიკურ საქმიანობაში და, ვფიქრობ, მას მნიშვნელოვანი დადებითი შედეგების მოტანა შეუძლია. სწორედ ამიტომ არის საჭირო შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო, რომ ტექნოლოგიური პროგრესი მთელი საზოგადოების სასარგებლოდ უნდა მუშაობდეს და არა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის შემქმნელი კომპანიების ინტერესებისთვის.

  • როგორ ეხმარება ეფექტიანი კონკურენციის პოლიტიკა ქვეყნებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და უფრო ძლიერი ბიზნესგარემოს შექმნაში?

- ვფიქრობ, კონკურენციის პოლიტიკა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასა და მდგრად განვითარებაში. მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანას უკვე მიღებული აქვს კონკურენციის კანონმდებლობა და ახორციელებს შესაბამის პოლიტიკას. ისინი უფრო აქტიურად ცდილობენ, უპასუხონ იმ პრობლემებს, რომლებიც ბაზრების რღვევამ და ცვლილებებმა გამოიწვია. არ ვიტყოდი, რომ სიღარიბისა და უთანასწორობის დაძლევა მხოლოდ კონკურენციის პოლიტიკით არის შესაძლებელი. თუმცა, კონკურენციის ორგანოებს შეუძლიათ პრიორიტეტად განსაზღვრონ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, პირველადი მოხმარების საქონლისა და მომსახურების სექტორების შესწავლა და ანალიზი. მაგალითად, საქართველოში შეიძლება არსებობდეს კითხვები და გარკვეული შეშფოთება სურსათის, ელექტროენერგიის, ტელეკომუნიკაციების ან ფინანსური მომსახურების ბაზრებთან დაკავშირებით. კონკურენციის ორგანოს შეუძლია გამოიყენოს მის ხელთ არსებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინსტრუმენტები, შეაგროვოს ინფორმაცია, შეისწავლოს და გამოავლინოს პრობლემები.

  • საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის განვითარებიდან 30 წელი გავიდა. საერთაშორისო პერსპექტივიდან როგორ შეაფასებდით ამ პერიოდში მიღწეულ პროგრესს და რა უნდა იყოს ქვეყნის მთავარი პრიორიტეტები მომავალში?

-  ვფიქრობ, საქართველომ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენა. ამ პროცესებს, დაახლოებით, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ყურადღებით ვაკვირდებოდი. თუმცა, აშკარაა, რომ 2019-2020 წლებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სამართლებრივი ჩარჩო უფრო ეფექტიანი და მოქნილი გახდა. ხოლო 2022 წლიდან, როდესაც მას მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკაც დაემატა, ამ ორი ურთიერთშემავსებელი მიმართულების გაერთიანებამ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს უფრო აქტიური მოქმედების შესაძლებლობა მისცა. როდესაც მიღწეული შედეგების ანგარიშს ეცნობი, ვფიქრობ, შთამბეჭდავია ჩატარებული მოკვლევებისა და სხვადასხვა მნიშვნელოვან სექტორში განხორციელებული შერწყმების შეფასების მასშტაბი. გარდა ამისა, მომხმარებელთა საჩივრების, ინფორმაციის მოთხოვნისა და განცხადებების რაოდენობის ზრდა აჩვენებს, რომ ცნობიერების ამაღლების, ინფორმირების და მომხმარებლებისა თუ სხვა დაინტერესებული მხარეების გააქტიურების მიმართულებით გაწეული სამუშაო კვლავ ეფექტიანია. ვფიქრობ, ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ რა პროგრესის მიღწევაა შესაძლებელი კანონმდებლობის განვითარების გზით, რომელსაც უკვე 30-წლიანი ისტორია აქვს.

  • რა გამოცდილების გაზიარება შეუძლიათ სხვა ქვეყნებს საქართველოსთვის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გასაძლიერებლად?

- ვფიქრობ, არსებობს არაერთი საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც საქართველომ უკვე დანერგა. როგორც ვიცი, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ჯანდაცვისა და სურსათის ბაზრების შესწავლას, რაც ორივე მიმართულებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრაქტიკაა საერთაშორისო კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროფესიულ ქსელებში აქტიური მონაწილეობა. თქვენმა ქვეყანამ ცოტა ხნის წინ უმასპინძლა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო აღსრულების ქსელის ყოველწლიურ მნიშვნელოვან კონფერენციას. არ ვფიქრობ, რომ არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც საქართველომ უგულებელყო. პირიქით, საქართველო საკმაოდ გახსნილი ქვეყანაა და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებით დაინტერესებულია, რაც ნამდვილად დადებითი ფაქტორია.

გამოგვყევით