პარფიუმერიულ და კოსმეტიკურ მაღაზიათა ქსელ „ვულე ვუში“ (Voulez-Vous) ყველაზე დიდი მოთხოვნა ქსელში არსებულ ახალ პროდუქტებსა და ბიუჯეტურ ბრენდებზეა.
როგორც „ვულე ვუს“ (Voulez-Vous) საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნინო ნოდიამ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, კომპანიის გაყიდვები ყოველწლიურად იზრდება.
„ჩვენთან 23 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით თითქმის სრულ ასორტიმენტზე 50%-მდე ფასდაკლება მოქმედებს. გარდა ამისა, კონკრეტულ დღეებში "ქეშბექის" შეთავაზებები გვაქვს „თიბისი ბანკთან“, „საქართველოს ბანკთან“ და „ბაზისბანკთან“. ზოგადად, „შავი პარასკევი“, ახალი წელი, შობა და ვალენტინობა ის პერიოდებია, როდესაც ადამიანები ერთმანეთს საჩუქრებს უკეთებენ და ცდილობენ, პროდუქცია სწორედ ამ დროს შეიძინონ. შესაბამისად, გაყიდვების დიდი წილი ამ თარიღებზე მოდის. ამიტომაცაა, რომ მთელ მსოფლიოში ამ პერიოდებს განსაკუთრებულად ელოდებიან. ჩვენც ვცდილობთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ, რათა რაც შეიძლება მეტი კმაყოფილი მომხმარებელი გვყავდეს.
ყველაზე დიდი მოთხოვნა ქსელში არსებულ ახალ პროდუქტებზეა. მომხმარებლებს ახალი ბრენდები და ახალი სუნამოები აინტერესებთ, როგორც ქალების, ისე მამაკაცების შემთხვევაში. ასევე, მოთხოვნაა უფრო ბიუჯეტურ ბრენდებზე. პარფიუმერიის სამყაროში ახალი ტენდენციაა – სულ უფრო მრავლად ჩნდება ისეთი სუნამოები და ბრენდები, რომლებიც ნაკლებად ცნობილია, თუმცა ძალიან საინტერესო სურნელით გამოირჩევა. ისინი შედარებით ბიუჯეტურია, რადგან არ ჰყავთ ცნობილი სარეკლამო სახეები და მათი სარეკლამო რგოლები ცნობილი რეჟისორების მიერ არ არის გადაღებული. ეს ყველაფერი, საბოლოოდ, პროდუქტის ფასზეც აისახება. მათ ცნობილ ბრენდებთან და პარფიუმერულ ნაწარმთან ძალიან მიახლოებული სურნელები აქვთ, თუმცა უფრო ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევიან“, – განაცხადა ნინო ნოდიამ.
მისი თქმით, მომხმარებლებს პროდუქციის განვადებით ან რამდენიმე თვეზე გადანაწილებით შეძენის შესაძლებლობაც აქვთ, რაც გაყიდვებზე დადებითად აისახება.
„პროდუქციის შეძენა რამდენიმე თვეზე გადანაწილებითაც არის შესაძლებელი. ამ შეთავაზებაში პარფიუმერიაც მონაწილეობს“, – აღნიშნა ნინო ნოდიამ.
როგორც მან განაცხადა, პანდემიის შემდეგ საქართველოში ონლაინ გაყიდვები საგრძნობლად გაიზარდა.
„საქართველოში პარფიუმერიის მიმართულებით ონლაინგაყიდვები დღეს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული მიმართულებაა. „ვულე ვუ“ თბილისში თითქმის ყველა უბანშია წარმოდგენილი, ასევე მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებს ქუთაისსა და ბათუმში.
ჩვენი მომხმარებლები აქტიურად სარგებლობენ როგორც ონლაინ შოპინგით, ისე ფიზიკურ მაღაზიებში შეძენის შესაძლებლობით. „ვულე ვუ“ „შავ პარასკევს“ საკმაოდ მომზადებული ხვდება. 2020 წლიდან ონლაინშოპინგი ჩვენთვის აქტიური მიმართულებაა და ამ გამოწვევას წარმატებით ვუმკლავდებით“, – განაცხადა ნინო ნოდიამ.
მისი განმარტებით, კომპანია „ვულე ვუ“ მომხმარებლებს 2027 წელს სიახლეებს ჰპირდება.
„ვულე ვუს“ საქართველოში ცხრა ობიექტი აქვს, მათგან ერთი ბათუმშია, ერთი – ქუთაისში, დანარჩენი კი თბილისში მდებარეობს. ორიენტირებული და მონდომებული ვართ, რომ გავფართოვდეთ, თუმცა კონკრეტული სავაჭრო ცენტრების გახსნას ველოდებით. წინასწარ ვერაფერს დავაანონსებთ. როგორც კი ახალ ობიექტებს გავხსნით, ფართო საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით“, – განაცხადა ნინო ნოდიამ.
ცნობისთვის, პარფიუმერული მაღაზიათა ქსელი Voulez-Vous, საქართველოს მასშტაბით, 10-ზე მეტ ფილიალს ფლობს და 200-ზე მეტ პარფიუმერულ ბრენდს წარმოადგენს.