logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

კონკურენციის პოლიტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სემეკი დაჯილდოვდა

კონკურენციის პოლიტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სემეკი დაჯილდოვდა

1795512120

კონკურენციის  პოლიტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) საპატიო ჯილდო გადაეცა.

სემეკის ცნობით, დაჯილდოების ღონისძიება კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

"საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ  და საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, კონკურენციის პოლიტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და სააგენტოსთან თანამშრომლობისთვის საპატიო ჯილდო სემეკის თავმჯდომარეს, დავით ნარმანიას გადასცეს.

ღონისძიება საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის 30-წლიანი ისტორიის აღნიშვნას მიეძღვნა. სემეკთან ერთად დაჯილდოვდნენ სხვა სახელმწიფო უწყებებიც, რომლებმაც სამი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კონკურენციის კანონმდებლობის განვითარებისა და მისი ეფექტიანი აღსრულების პროცესში.

კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კონფერენცია წლების განმავლობაში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, პროფესიული დიალოგისა და სფეროში არსებული აქტუალური საკითხებისა და გამოწვევების განხილვის მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა. კონფერენცია უკვე მეხუთე წელია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ), საქართველოს ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.

V საერთაშორისო კონფერენციამ თბილისში 22 ქვეყნის 40-ზე მეტ უცხოელ დელეგატს უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, მარეგულირებელი ორგანოების, საჯარო ინსტიტუტების, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. ორდღიან კონფერენციას 370 დელეგატი ესწრებოდა.

კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის შემდგომი გაძლიერების ხელშეწყობა, სფეროში მიღწეული შედეგებისა და არსებული გამოწვევების შესახებ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების განვითარება და მათი ეფექტიანობის გაუმჯობესება",-აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით