logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"დღეს, ადამიანები სვამენ ნაკლებ ღვინოს, მაგრამ მზად არიან გადაიხადონ უფრო მეტი თანხა" - "თბილღვინო"

პრაქტიკულად, კოვიდის შემდგომი პერიოდი არის ისეთი, რომ გლობალურად ღვინის მოხმარება ბოთლებში, ლიტრებში არის შემცირებული, მაგრამ გაზრდილია ღირებულებაში, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს" კომპანია „თბილღვინოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ზურაბ მარგველაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, დღეს, ადამიანები სვამენ ნაკლებს, მაგრამ მზად არიან გადაიხადონ უფრო მეტი თანხა, შესაბამისად, ყიდულობენ უფრო მაღალი კატეგორიის და მაღალი ხარისხის პროდუქციას.

„მომხმარებლის ეს ქცევა, როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, შემდეგ წლებშიც გაგრძელდება. ამიტომ, იმისთვის, რომ ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები არ შემცირდეს, აუცილებელია მაღალი, პრემიუმ ხარისხის პროდუქციის წარმოება. ჩვენს კომპანიას სწრაფვა ხარისხიანი მეღვინეობისადმი ყოველთვის ჰქონდა. 15 წელია, რაც ჩვენი ვენახების გაშენება დავიწყეთ და შესაბამისად, მთელ ჩვენს ასორტიმენტს ჩვენივე ვენახებიდან მოყვანილი ყურძნიდან ვამზადებთ. გამოვარჩიეთ ერთი კონკრეტული ვენახი და სწორედ იქიდან მოყვანილი ყურძნით შევქმენით მაღალი კატეგორიის კოლექცია. ამჟამად, გვაქვს ასეთი 8 ღვინო, რომელთა რეალიზაციაც უკვე დავიწყეთ. ასე რომ, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, გავაგრძელებთ ქართული ღვინის დამკვიდრებას იქ, სადაც ყველაზე მაღალი კატეგორიის მსოფლიოს ღვინოები იყიდება“, - აღნიშნა ზურაბ მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, კომპანია „თბილღვინომ“ ქართველი მომხმარებლისთვის მსოფლიო მეღვინეობის გასაცნობად, გასულ წელს, ახალი პროექტიც დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ადგილობრივ ბაზარზე პრემიუმ ხარისხის ღვინოების იმპორტს და შემდეგ, რეალიზაციას ახდენს.

როგორც ზურაბ მარგველაშვილი ამბობს, საქართველოში მაღალი კლასის ღვინოების იმპორტს ახალი ზელანდიიდან, აშშ-დან - კერძოდ, კალიფორნიის შტატიდან, ასევე - იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთისა და გერმანიის რეგიონებიდან ახორციელებენ.

„საუბარია დიდი ხნის ისტორიის მქონე საოჯახო მეღვინეობების მიერ წარმოებულ ალკოჰოლურ სასმელებზე. ვფიქრობ, მსოფლიოში გამორჩეული ღვინოების საქართველოში რეალიზაცია, ადგილობრივ ბაზარს განავითარებს და საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასაც“, - განმარტა ზურაბ მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, მსოფლიო ბაზარზე ღვინის მოხმარება მცირდება. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, 2025 წლის განმავლობაში, მთელ მსოფლიოში 21 მილიარდამდე ლიტრი ღვინო დაილია, რაც გასულ წელთან შედარებით, თითქმის 3%-ით შემცირებული მონაცემია. რამდენიმე წლის ჭრილში კი, ვარდნა გაცილებით მაღალია. 2018 წლიდან დღემდე, ღვინის გლობალური მოხმარება, დაახლოებით, 14%-ით არის შემცირებული. 2025 წლის მაჩვენებელი კი, ამ ეტაპისთვის, ყველაზე დაბალია 1957 წლის შემდეგ.

გამოგვყევით