logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

საქართველოს ავტოპარკი წლიურად 5%-ით, 2.1 მლნ-მდე გაიზარდა

2026 წლის 9 თვეში საქართველოს ავტოპარკი წლიურად 5%-ით გაიზარდა და 2 მილიონ 100 ათასს  გადააჭარბა. ავტოპარკის ძირითად ნაწილს ტრადიციულად მსუბუქი ავტომობილები შეადგენს, რომელთა წილი 83%-ია.

"თიბისი კაპიტალის" კვლევის თანახმად, 2026 წლის 9 თვეში პირველად რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 130 ათასამდე  იყო. აღსანიშნავია, რომ ახლად რეგისტრირებული ავტომობილების საშუალო ასაკი მნიშვნელოვნად შემცირდა და 7 წელი შეადგინა, ხოლო 0-5 წლის ასაკის ავტომობილების წილი 38%-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2025 წელს ეს მაჩვენებელი 28% იყო.

2026 წლის 9 თვეში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი და რეექსპორტი წლიურად, შესაბამისად, 13%-ით და 26%-ით შემცირდა. კლება მეტწილად  შიდა აქციზური გადასახადების ცვლილებამ განაპირობა.

ყირგიზეთი და ყაზახეთი კვლავაც რეექსპორტის მთავარ მიმართულებებად დარჩნენ, თუმცა მათი ერთობლივი წილი 66%-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც 2025 წლის 9 თვეში 79%-ს შეადგენდა.

2026 წლის 9 თვეში მსუბუქი ავტომობილების პირველ რეგისტრაციებში ელექტრომანქანების წილი, 2025 წლის 5%-თან შედარებით, 9%-მდე გაიზარდა, რაც დაახლოებით 10 ათასი ელექტრომანქანას შეესაბამება. ბენზინისა და დიზელის საწვავზე ფასების ზრდამ, სხვა ფაქტორებთან ერთად, ელექტრომანქანების პოპულარობის ზრდას შეუწყო ხელი.

საქართველოში მსუბუქი ელექტრომანქანების ავტოპარკში აშშ-ში წარმოებული ელექტრომანქანები დომინირებს და მთლიანი რაოდენობის 49%-ს შეადგენს. სამეულს კრავს იაპონია და გერმანია, რომელთა წილები, შესაბამისად, 21% და 13%-ია.

გამოგვყევით