logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

ქართულმა მხარემ IBM-ის წარმომადგენელთან საქართველოში კომპანიის საქმიანობის გაფართოებისა და საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილა

ქართულმა მხარემ IBM-ის წარმომადგენელთან საქართველოში კომპანიის საქმიანობის გაფართოებისა და საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილა

1794476520

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე სულაბერიძე ამერიკული ტექნოლოგიური კორპორაცია IBM-ის უფროს ვიცე-პრეზიდენტს და გლობალური ურთიერთობების მთავარ ოფიცერს, ჯონათან ადაშეკს შეხვდნენ. შეხვედრა ლისაბონში, ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ტექნოლოგიური ღონისძიების — Web Summit 2026-ის ფარგლებში გაიმართა, სადაც საქართველო მასშტაბური ეროვნული პავილიონით არის წარმოდგენილი.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო გარემო, ქვეყანაში საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის არსებული შესაძლებლობები და IBM-თან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. კერძოდ  ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოში IBM-ის ტექნოლოგიური და სერვისების ცენტრის შექმნის შესაძლებლობა იყო. საუბარი შეეხო საქართველოში ისეთი მიმართულებების განვითარებას, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია, აპლიკაციების მოდერნიზაცია და ტექნიკური მხარდაჭერა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და ციფრული უნარების გაძლიერებას. ამ კონტექსტში განიხილეს IBM SkillsBuild-ის ფარგლებში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ადგილობრივ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ  ყურადღება გაამახვილა საქართველოს მზარდ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაზე, IT სექტორის სწრაფ განვითარებაზე, საერთაშორისო კომპანიებისთვის ხელსაყრელ ბიზნესგარემოსა და კონკურენტულ საგადასახადო პირობებზე. აღინიშნა, რომ საქართველოდან IT სერვისების ექსპორტმა 2025 წელს 1.15 მლრდ ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 67%-იანი ზრდაა. ქვეყანაში უკვე 170-ზე მეტი საერთაშორისო IT კომპანია ოპერირებს, ხოლო ICT სექტორის წილი ეკონომიკაში 2026 წლის პირველ ნახევარში 8.9%-მდე გაიზარდა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას, ევროპისა და აზიის ბაზრებთან წვდომის შესაძლებლობას, კვალიფიციური ადამიანური რესურსის არსებობასა და ტექნოლოგიური განათლების განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებს. ასევე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო კომპანიებისთვის მოქმედ სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმებსა და საგადასახადო შეღავათებზე, მათ შორის საერთაშორისო კომპანიის სტატუსით გათვალისწინებულ პირობებზე.

IBM გლობალური ტექნოლოგიური კორპორაციაა, რომელიც 175-ზე მეტ ქვეყანაში კორპორაციული პროგრამული უზრუნველყოფის, ხელოვნური ინტელექტის, საკონსულტაციო მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით საქმიანობს. კომპანია აქტიურად ავითარებს ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა მართვისა და კიბერუსაფრთხოების ინოვაციურ გადაწყვეტილებებს და მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებს ემსახურება.

გამოგვყევით