„თბილღვინოს“ დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ზურაბ მარგველაშვილის განცხადებით, კომპანია ყოველთვის ცდილობდა და დღესაც ცდილობს, რომ საექსპორტო ბაზრები მაქსიმალურად დივერსიფიცირებული იყოს.
როგორც მან „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, 2026 წელი ადგილობრივი გაყიდვებისა და ექსპორტის თვალსაზრისით წარმატებული იყო.
„2026 წელი გამოწვევებით სავსეა, თუმცა „თბილღვინო“ პარტნიორებთან ერთად ხარისხიანი ქართული ღვინის ექსპორტს 30-მდე ქვეყანაში ახორციელებს. ვაძლიერებთ ჩვენს პოზიციებს. 2026 წელი შეიძლება დადებითად შეფასდეს როგორც ადგილობრივი გაყიდვების, ისე ექსპორტის თვალსაზრისით. ზუსტ პროცენტებზე საუბარი გამიჭირდება, წლის ბოლოს შევაჯამებთ. დაახლოებით 85% ექსპორტზე გაგვაქვს, დარჩენილი 15% კი ადგილობრივ გაყიდვებზე მოდის.
ორი წლის წინ მაღალი საფასო კატეგორიის ასორტიმენტი გამოვუშვით, რომლის დამკვიდრებაც სხვადასხვა საექსპორტო ბაზარზე მიმდინარეობს. მიმდინარე ასორტიმენტის პარალელურად, პრემიალური კატეგორიის ღვინოების ექსპორტიც გავზარდეთ. ყოველთვის ვცდილობდით და დღესაც ვცდილობთ, რომ ჩვენი საექსპორტო ბაზრები მაქსიმალურად დივერსიფიცირებული იყოს.
გარდა ამისა, გვაქვს პროექტი – The Wine, რომლის ფარგლებშიც მაღალი კატეგორიის მსოფლიო მეღვინეობის ქვეყნებიდან ღვინის იმპორტს ვახორციელებთ და საქართველოს ბაზარზე წარმოვადგენთ“, - განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა.
ამასთან, გაზრდილი ხარჯების ფონზე კომპანია ფასების კორექტირებას არ გამორიცხავს.
„როგორც იმპორტის, ისე ექსპორტის მიმართულებით ტრანსპორტირების ფასები გაზრდილია. უახლოეს პერიოდში ეს გარკვეულწილად ფასების კორექტირებას გამოიწვევს. როგორც ცნობილია, რიგი დანახარჯები იზრდება. ამ ფაქტორმაც შესაძლოა, გარკვეულწილად ფასების კორექტირება განაპირობოს. სამწუხაროდ, ასეთი რეალობაა- ფასები იზრდება. დღეს გასაყიდი ფასის გაზრდა რთულია, თუმცა ეს შესაძლოა იძულებითი ზომა იყოს“, - განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა.
მისი თქმით, კონკურენცია მუდმივი გამოწვევაა როგორც ქართულ, ისე მსოფლიო მეღვინეობაში.
„ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, როგორც რეგულარულ, ისე პრემიალურ ასორტიმენტში, სტაბილურად მაღალი ხარისხია - დაწყებული ვენახიდან, დამთავრებული საბოლოო პროდუქტის ხარისხითა და მიწოდებით. „თბილღვინო“ კომპეტენტური გუნდისგან შედგება, რომელიც მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული“, – განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, "თბილღვინო" ქართული ღვინის მწარმოებელი წამყვანი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციაც ექსპორტზე მსოფლიოს 30 ქვეყანაში გადის. "თბილღვინოს" ისტორია გასული საუკუნის 60-იან წლებში იწყება. 1962 წელს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. დაარსებიდან დღემდე, "თბილღვინომ" უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ლონდონის საერთაშორისო კონკურსებზე: Decanter World Wine Awards, International Wine Challenge და International Wine & Spirit Competition.
"თბილღვინოს" ვენახებში გაშენებულია სხვადასხვა ქართული ყურძნის ჯიში და მდებარეობს ქინძმარაულის, მუკუზნის და წინანდლის მიკროზონებში.