logo
Loading data...
1714638887
ოთარ შამუგია იაყუბლოს წყალსაცავზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, დმანისის მუნიციპალიტეტის მერ კობა მურადაშვილთან ერთად, სოფელ იაყუბლოს წყალსაცავის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში,  შპს „საქართველოს მელიორაცია“ დმანისში, იაყუბლოს წყალსაცავზე 7 მლნ ლარის ღირებულების პროექტს ახორციელებს.„უკვე მრავალი წელია, სახელმწიფო ხელს უწყობს ფერმერებს მეურნეობების შექმნასა და განვითარებაში და ეს მხარდაჭერა გრძელდება. წყალუზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, კლიმატის ცვლილების ფონზე. იაყუბლოს წყალსაცავის რეაბილიტაციაზე საქართველოს მელიორაცია 7 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს.  აღნიშნული სამუშაოები წყალსაცავის გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. აღნიშნული წყალსაცავი სარწყავი წყლით დაახლოებით 3000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს ამარაგებს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.მიმდინარე პროექტით  დაგეგმილია კაშხლის წნევიანი ფერდის გამაგრება და მონოლითური რკინაბეტონის ფილებით მოპირკეთება,  ტალღამრიდის დამცავი რკინაბეტონის 1600 მეტრი სიგრძის კედლის მოწყობა, წყალსაცავის სარეგულაციო კოშკზე ელექტრო განათების და ელექტრომექანიკური ამწე დანადგარების მოწყობა; ასევე, გათვალისწინებულია კაშხლის თხემზე ბეტონის 1,3 კმ სიგრძის სამანქანო  გზის  მშენებლობა. აღნიშნული სამუშაოებიწყალსაცავის გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, რომელიც სარწყავი წყლით დაახლოებით 3000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს ამარაგებს.სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წლის ბოლოს დასრულდება.აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან დღემდე, ქვემო ქართლის რეგიონში დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 86 სარეაბილიტაციო პროექტი, ჯამური ღირებულებით 70,1 მლნ ლარი.  შედეგად, რეგულარულ სარწყავში გადავიდა 57 300 ჰექტარი მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა 26 565 ჰექტარზე.დღეისათვის რეგიონში მიმდინარეობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის  24,5 მლნ ლარის ღირებულების 11 პროექტი, რომელთა დასრულების შედეგად,  8730 ჰექტარ  სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე  სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

1714370584

ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 7 კომპანია მონაწილეობდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო გამოფენა „Real Wine Fair” გაიმართა, რომელშიც  ქართული ღვინის მწარმოებელი 7 კომპანია მონაწილეობდა, - ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. გამოფენა „Real Wine Fair”  ყოველწლიურად იმართება და ბუნებრივი მეღვინეობის სფეროში  წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად არის მიჩნეული. ღონისძიებას  მსოფლიოში ცნობილი ნატურალისტი მეღვინეები, ღვინის იმპორტიორები, მედიის წარმომადგენლები და სომელიეები ესწრებიან. გამომდინარე აქედან, London Wine Fair  წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქვევრის ღვინის მწარმოებლებისთვის ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების, პროდუქციის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის კუთხით.მიმდინარე წელს გამოფენაში მსოფლიოს 20 ქვეყნის ბუნებრივი ღვინის მწარმოებლები მონაწილეობდნენ, მათ შორის, ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, აშშ, გერმანია და სხვა.დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია და, შესაბამისად, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება აქტიურად ხორციელდება.

1714050000

"იმერი" ექსპორტზე გასასვლელად ემზადება

ბაღჩეულისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია "იმერის" დამფუძნებლის ნიკოლოზ კიკნაძის განცხადებით, საქართველოში წარმოებული ბაღჩეული და ბოსტნეული უცხოურ ბაზრებზე, სავარაუდოდ, 1 წელში გავა.როგორც მან “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნა, "იმერის" პროდუქცია ექსპორტზე გალფის ქვეყნებში ერთხელ უკვე გავიდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო აღნიშნული მიმართულება დაპაუზდა."ექსპორტის გამოცდილება გალფის ქვეყნებთან უკვე მაქვს. სამომავლოდ, ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს მიმართულება ისევ განვაახლოთ. ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ დუბაიში დაგეგმილ Gulfood-ის გამოფენაზე და ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ კიდევ უფრო გაგვიმარტივდება ექსპორტზე გასვლა", - აცხადებს ნიკოლოზ კიკნაძე.რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს - “იმერის” დამფუძნებლის ინფორმაციით,  წლიდან წლამდე მოთხოვნა დაახლოებით, 10-15%-ით იზრდება."თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პროდუქციის 100% არის ადგილობრივი წარმოების. პროდუქცია ირჩევა, ხარისხდება, შესაბამისად იფუთება და შემდეგ გადის გასაყიდად ბაზარზე. ძირითადად ფასების ცვლილებას  სეზონური ბაღჩეული განიცდის ხოლმე, მათ შორის, ტარხუნა, რეჰანი და ა.შ.  დაფასოებულ პროდუქციაზე სტანდარტული ფასები ნარჩუნდება. პროდუქციის გაყიდვა არ გვიჭირს, მოთხოვნა იმაზე მეტი გვაქვს, ვიდრე რეალიზაციაა.ჩვენ ვპარტნიორობთ GDB აგროს მეურნეობასთან, რომელიც პროდუქციას GLOBAL GAP-ის და HACCP-ის სტანდარტების დაცვით აწარმოებს. GDB აგროს მეურნეობაში წარმოებულ პროდუქციას ექსკლუზიურ დისტრიბუციას კომპანია „იმერი“ გაუწევს. ჩვენი მეურნეობა და GDB აგროს მეურნეობა გაერთიანდა და კომპანია “იმერი” აღნიშნული პროდუქტის შეფუთვასა და რეალიზაციას მოახდენს", - აცხადებს ნიკოლოზ კიკნაძე.გარდა ამისა, როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, "იმერი" ახლო მომავალში ასორტიმენტის გაზრდას და საინტერესო პროდუქტების დამატებას გეგმავს.ცნობისთვის, კომპანია "იმერი" ბაზარზე 3 წლის წინ  გამოჩნდა. კომპანია ამ ეტაპზე, ბოსტნეულს, ბაღჩეულს და ციტრუსოვან ხილს აწარმოებს და პროდუქციას, ამ ეტაპზე, ადგილობრივი გლეხებისგან იღებს. "იმერის" პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ქსელურ მარკეტებსა და ონლაინ Wolt-ის და Glovo-ს საშუალებით.

1714029299

ოთარ შამუგიამ სამეგრელოში, მოცვის დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი  ოთარ შამუგია, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში, კომპანიის  „ჯეო აგრო ისთეით“ ბაღში იმყოფებოდა. მინისტრმა, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან ერთად, მოცვის  დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა.ახლად გაშენებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაღში კომპანიას „ჯეო აგრო ისთეით“ ამ ეტაპზე 100 ადგილობრივი, სეზონზე კი, 200 პირი ჰყავს დასაქმებული. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, კომპანიას „ჯეო აგრო ისთეით“  17  ჰა-ზე ბაღის გაშენება 250,000  ლარით დაუფინანსდა.„ლურჯი მოცვი ერთ-ერთი ახალი კულტურაა საქართველოში, რომელიც ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გაშენდა. ჩვენ 2800 ჰა-მდე ბაღი გვაქვს დაფინანსებული; მათი დიდი ნაწილი მსხმოიარობაშია შესული და მოსავალი ექსპორტზე გადის. გასულ წელს, მოცვის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 20 მილიონს გადააჭარბა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ახალი ბაღების გაშენება გრძელდება; ბაღების დაფინანსებაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. ბაღების მოვლის კომპონენტში ბენეფიციარები სარგებლობენ შეღავათიანი აგროკრედიტით, რაც საშუალებას აძლევთ, მიიღონ მეტი შემოსავალი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ხარისხიანი მოსავლისთვის, მნიშვნელოვანია ფერმერების ცოდნა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება“, - განაცხადა დავით წითლიძემ.პირველადი წარმოების მხარდაჭერის მიზნით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით,  53,5 მლნ ლარით თანადაფინანსებულია  2,836  ჰა-ზე ფართობზე  ლურჯი მოცვის  ბაღების გაშენება, მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში 31,6 მლნ  ლარითაა თანადაფინანსებული 1,688 ჰა-ზე ბაღების გაშენება.

1713948426

ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში  კომპანიის MMG Agriculture  თხილის ბაღი  დაათვალიერა  და იმ მეთხილე ფერმერებს შეხვდა, რომლებიც ინდუსტრიული თხილის ბაღების მფლობელები არიან.„ჩვენ ხშირად ვხვდებით ფერმერებს და მათგან ვისმენთ ინფორმაციას არსებული საჭიროებების შესახებ.  საქართველოში თხილის სექტორს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს; ჩვენი მიზანია, ფერმერებს მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი როგორც ფინანსურ ნაწილში, ასევე საჭირო ცოდნაზე წვდომის კუთხით. ხარისხიანი მოსავლით ფერმერები უფრო მეტად კონკურენტუნარიანები იქნებიან  და მეტ შემოსავალს მიიღებენ. უნდა აღინიშნოს, რომ შარშან, კლიმატური პირობების მხრივ, საკმაოდ რთული წელი გვქონდა, ამიტომაც ხარისხის კუთხით გარკვეული გამოწვევები იყო.  მთლიანობაში, შარშან, მოსავალი 5 ათასი ტონით მეტი იყო, ვიდრე წინა წელს, წელს კი, გაცილებით უკეთესს ველოდებით. იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო პროგრამები და ფერმერების აქტიურობა, ერთობლივად კარგ შედეგს მოგვცემს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.კომპანიას  MMG Agriculture ქართულ-ებრაული ინვესტიციით  300 ჰექტარზე მეტ ფართობზე აქვს გაშენებული თხილის ბაღი. 50ჰა-ზე თხილის ბაღის გაშენება  50,000 ლარით დაფინანსდა სახელმწიფო პროგრამით „დანერგე მომავალი“. როგორც კომპანიის მფლობელი პაატა სირაძე აცხადებს, ამავე მიზნობრიობით ისარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტით, რომლის ოდენობაც 1,5 მლნ ლარს აღემატება.აღსანიშნავია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 3,291 ჰექტარზე ახალი მრავალწლოვანი ბაღის გაშენება თანადაფინანსებულია 43 მლნ ლარით, მათ შორის, თხილის ახალი ბაღების გაშენება  თანადაფინანსებულია  505 ჰა-ზე  1,2 მლნ ლარით. მებაღეობის განვითარების მიზნობრიობით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში  გაცემულია  123  მლნ ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი, მათ შორის თხილის გაშენების მიზნობრიობით გაცემულია 9,1 მლნ ლარი.

1713944220

"ქართული არტიზანული ყველი ექსპორტზე ჯერჯერობით ვერ გავა" - ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ქართული ყველის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ''ბიზნესპარტნიორთან" ქართული არტიზანული ყველის პერსპექტივაზე საუბრობს. მისი განცხადებით, წარმოება სტანდარტს  ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც პროდუქტი ექსპორტისთვის მზად არ არის.ბაზრის კვლევა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ „ქართული ყველის“ პროექტის ფარგლებში მოახდინა და არტიზანული ყველის წარმოებას საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გაეცნო.როგორც მკვლევარი აღნიშნავს, ქვეყანას აქვს არტიზანული ყველის უნიკალური სახეობები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მივიწყებული იყო და ტრადიცია ახლა ცოცხლდება.მთავარი დაბრკოლება, მისი შეფასებით, სურსათის უვნებლობის საკითხია, რაშიც მწარმოებლებს მხარდაჭერა სჭირდება, რათა წარმოებას ორგანიზებული ფორმა მიეცეს და სფერო განვითარდეს.‘’მსოფლიოს ყველა ქვეყანა, სადაც დღეს ყველის წარმოება მაღალ დონეზეა განვითარებული, ურთულესი გზა გაიარა. ჩვენს იგივე პროცესს გავდივართ, ფაქტობრივად ახლა ვიწყებთ.  ამიტომ სანამ საექსპორტო ბაზრებზე დავიწყებდეთ ფიქრს, მანამდე საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, ჯერ აქ რას ვჭამთ, რაც არ ვიცით. არც ის, რა ხელით მომზადდა, როგორ შეიფუთა, დაცულია თუ არა სტანდარტი, ელემენტარული სანიტარიული ნორმა. უცხოეთმა დიდი ხანია ეს დააწესა, რეგულაციებში ასახა და ვერავინ დაარღვევს, წარმოება გაუჩერდება, რადგან არაფერია ისეთი საშიში, როგორც  დაბინძურებული რძის პროდუქტებია", - აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ''ბიზნესპარტნიორთან".რაც შეეხება ყველის სახეობებს, აღდგენილია მივიწყებული უნიკალური წარმოება, როგორიცაა ტენილი, დამბალ ხაჭო, გვაჯილა,  შუშველა, ნარჩვი და სხვა.ცნობისთვის,  არტიზანული ყველის მხარდაჭერა "ქართული ყველის“ ერთ-ერთი პროექტის ‘'ქარხანა ბორბლებზე" ფარგლებში ხორციელდება.  ანა მიქაძე ჩიკვაიძემ პროექტზე მუშაობა 2023 წელს დაიწყო. ქართული ყველის მკვლევარი პროექტს საკუთარი რესურსით ახორციელებს.

1713943983

ოთარ შამუგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მიზნობრივი ტრენინგის მონაწილე მეთხილე ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ საქართველოს მასშტაბით ფერმერებისათვის  მიზნობრივი ტრენინგების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის აქტივობა ფერმერებს საშუალებას აძლევს, სწორად წარმართონ თხილის მოვლის პროცესი და მაღალი ხარისხის პროდუქცია მიიღონ.„სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მიმდინარე ტრენინგების  მიზანია, დარგობრივი ცოდნა და რეალურ გამოწვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოს მეთხილე ფერმერებს, რათა მათ შეძლონ მოსავლის როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.თხილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორის გიორგი თოდუას განცხადებით, სწავლების პროცესში 10 ათასობით ფერმერია ჩართული, რომლებიც თხილის ბაღებში შესაბამისი ვადების გათვალისწინებით გასატარებელი აგროტექნიკური სამუშაოების  შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას და რეკომენდაციას იღებენ.„ფერმერებს ინფორმაციას ვაწვდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წამლობების აგროვადებში ჩატარება. მოსავლის აღების პროცესში, ფერმერმა, მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა აიღოს მოსავალი, სათანადოდ გააშროს და დაასაწყობოს. ამ ნაბიჯების გათვალისწინება, საბოლოოდ, მაღალი ხარისხის პროდუქციას მოგვცემს“, - განაცხადა გიორგი თოდუამ.

1713932820

ქართული ნიგოზი ექსპორტზე გალფის ქვეყნებში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გაგვაქვს - "ანიგოზი"

საქართველო აპირებს, საერთაშორისო ბაზრებზე უმაღლესი ხარისხის, ნიგვზის მწარმოებელი ქვეყნის სტატუსი დაიმკვიდროს. მწარმოებლები ამბობენ, რომ ამ მიზნისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უკვე დაწყებულია .ქართული ნიგვზის პოტენციალის შესახებ  საუბრისას კაკლის გადამმუშავებელი საწარმო „ანიგოზის“ თანადამფუძნებელი ანა ქევხიშვილი აცხადებს, რომ  ნაჭუჭგაცლილი კაკლის, ანუ იგივე ნიგვზის ექსპორტს „ანიგოზი“ გალფის ქვეყნებში, სომხეთსა და აზერბაიჯანში უკვე ახორციელებს. მთავარი მიზანი კი, ევროპულ ბაზრებზე მოხვედრაა.„ვფიქრობ, გაჩნდება ის სწორი დრო და ჩვენი გეგმის მიხედვით, ეს იქნება 2024 წლის ახალი მოსავალი, როდესაც ჩვენ ეს თავისუფალი ნიშა უნდა დავაკმაყოფილოთ იმიტომ, რომ გვაქვს ბევრი უპირატესობა, როგორც ხარისხობრივი, ისე ლოგისტიკური თვალსაზრისით და შეგვიძლია ქართული ნიგოზი ექსპორტზე გავიტანოთ. რაც მთავარია, გვაქვს სურსათის უვნებლობის სტანდარტი, რომელიც არის აუცილებელი ევროკავშირის ბაზრისთვის“, - განმარტავს  „ბიზნესპარტნიორთან“ ანა ქევხიშვილმა.მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით, ქვეყანაში ძალიან მცირე რაოდენობით არის გაშენებული კაკლის ბაღები. საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო კი, საჭიროა ფერმერები ამ კულტურით უფრო მეტად დაინტერესდნენ.„დღეს, საქართველოში კაკლის ბაღები უმეტესად კახეთისა და ქართლის რეგიონებში გვხვდება, ჯამურად მათი ფართობი 4500 ჰექტარს შეადგენს. გაშენებული კაკლის 90-95% კი ამერიკული ჩენდლერის ჯიშია. მსოფლიოში ჩილე და არგენტინა მიიჩნევა ტოპ ხარისხის პროდუქტის მწარმოებლებად  და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ მათთან გათანაბრებული და უკეთესი ხარისხიც კი გვაქვს ჩენდლერის წარმოებაში“, - აღნიშნავს „ანიგოზის“ თანადამფუძნებელი.ანა ქევხიშვილი ადგილობრივ ბაზარზეც  საუბრობს და განმარტავს, რომ ქართულ ნიგოზზე მოთხოვნა საქართველოშიც მკვეთრად გაიზარდა და წელს უკვე მასიურად გამოჩნდა ქართული წარმოების ნიგოზი სავაჭრო ქსელებში, რაც აქამდე არ ფიქსირდებოდა.კაკლის გადამმუშავებელი საწარმო „ანიგოზი“ სოფელ მარტყოფში პანდემიის პერიოდში, კერძოდ 2021 წელს, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით ამოქმედდა. პროექტში, დაახლოებით, 3 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო. თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმო ამჟამად, ორი მიმართულებით მუშაობს, კერძოდ, ფერმერებისგან იბარებს როგორც სველ მდგომარეობაში, ახალ დაკრეფილ კაკალს, ასევე მშრალ კაკალს მეორადი გადამუშავებისთვის.

1713868140

პროექტი "ქარხანა ბორბლებზე" უვადოდ გაგრძელდება - ანა მიქაძე -ჩიკვაიძე

''ქარხანა ბორბლებზე" პროექტი „ქართული ყველის“ მეორე ეტაპია, რომელიც 2023 წელს დაიწყო. საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ქართული ყველის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ''ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ პროექტის პირველი ეტაპი მეწარმეების აღმოჩენა, ფესტივალების  დაარსება, ყველის პოპულარიზაცია, დახლებზე დაბრუნება და  საწარმოების შექმნა იყო.ეს ეტაპი დასრულდა. თუმცა, მეორე ეტაპი ''ქარხანა ბორბლებზე" უვადოა, რაც ნიშნავს, რომ მუდმივად გაგრძელდება. პარალელურად დაიწყება მესამე ეტაპის განხორციელება - ქართული ყველის შეფუთვა და ქვეყნის გარეთ გატანა.ანა მიქაძე-ჩიკვაიძის ინფორმაციით, პროექტმა  საქართველოს ყველა კუთხე მოიარა და მაქსიმალურად ცდილობს გამოცდილების გაზიარებას მეწარმეებისთვის, რომლებსაც არტიზანული ყველის წარმოების რესურსი აქვთ, მაგრამ  ცოდნის ამაღლება სჭირდებათ. რაც შეეხება ყველის სახეობებს, აღდგენილია მივიწყებული უნიკალური წარმოება, როგორიცაა ტენილი, დამბალ ხაჭო, გვაჯილა,  შუშველა, ნარჩვი და სხვა.  ''ყველა რეგიონში 2-3 ყველი მაინც არის,  რომლის წარმოებაც დაწყებულია. ის სამეურნეო კულტურა, რაც გვაქვს, დავაფიქსირეთ და მსოფლიოს ვუთხარით, რომ ქართული  ყველი უძველესია, როგორც ღვინო, ძირძველი წარმოება გვქონდა, ჭურჭელიც გვაქვს შესაბამისი, არქეოლოგია შესწავლილია, ეთნოგრაფია, საკუთარი ფესტივალი გვაქვს.  ახლა საჭიროა ეს ყველაფერი გარკვეულ სტანდარტთან მივაახლოოთ. ვუზიარებ ინფორმაციას,  მეწარმეებს ვესაუბრები მსოფლიო გამოცდილებაზე, ჩვენთან მიღწეულ მარეგულირებელ დოკუმენტებზე, ვუყვები, რამ შეიძლება მისი საქმიანობის გაჩერება გამოიწვიოს. ამ ინფორმაციის გაზიარებაში კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწევთ წინ ქართული ყველის განვითარებაში. ერთია რომ დიდი ტრადიცია გვაქვს და ყველა რეგიონს აქვს დამახასიათებელი ნიშა, დავრწმუნდით გემოვნურ თვისებაში,  კარგია მეგრული და სვანური სულუგუნი, მაგრამ ასევე უნიკალურია გვაჯილა (ლეჩხუმური სულუგუნი), ამ ტერმინის  არსებობა ბევრმა  დღემდე არ იცის, მაგრამ ეს ყველაფერი დაფიქსირებულია და ლამაზად უნდა შეიფუთოს", - აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.რაც შეეხება პროექტის მესამე ფაზას, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როდის დაიწყება. როგორც ყველი მკვლევარი განმარტავს, მცირე ფერმერების პრობლემა სურსათის უვნებლობის საკითხია. ძველი ტრადიცია მოშლილია და  აქამდე წარმოება ფაქტობრივად ნებაზე იყო  მიშვებული, რასაც უკვე ორგანიზებული ფორმა უნდა მიეცეს და სფერო განვითარდეს.''პროექტის მიზანია, არტიზანულ საწარმოებში შევიდეს ცოდნა. მაგალითად,  მსოფლიოში საუკეთესო ფრანგული ყველია კამემბერი, რომელსაც თავის დროზე სოფელ კამემბეში მონაზვნები აწარმოებდნენ.  ამას მოჰყვა შემდეგში ამ ობის რაგვარობის შესწავლა. აღმოაჩინეს, რომ  ძალიან სასარგებლოა  ჯარისკაცებისთვის, განსაკუთრებით ომის დროს, უგვარებს გაციების პრობლემას ანუ გამოუჩინეს ყველს შესაბამისი მომხმარებელი. ის ობზე, რომელიც  წარმოიშვა კამემბერის და გორგონძოლას შემთხვევაში (ასევე ობიანი ყველების შემთხვევაში),  მწარმოებლების და სახელმწიფოს მიერ დადგინდა რაგვარობა და მერე უკვე მათი კულტივირება. ახლა მსოფლიოს მასშტაბით შესაძლებელია უამრავი კომპანიისგან შეიძინო სხვადასხვა ტიპის ობი და საკუთარ  წარმოებაში მოიხმარო. ასე ვითარდებოდა ყველის წარმოება მსოფლიოში და ჩვენც ეს გზა უნდა გავიაროთ", - აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ''ბიზნესპარტნიორთან".ცნობისთვის,  პროექტი ''ქარხანა ბორბლებზე" ანა მიქაძე ჩიკვაიძემ 2023 წელს დაიწყო. ამასთან,  2010 წლიდან არის ა(ა)იპ ‘’საქართველოს ყველის მწარმოებელთა გაერთიანება-გილდიის’’ გამგეობის თავმჯდომარე.  ფესტივალების ‘’ქართული ყველი’’ (ავტორი) და კავკასიური ყველი’’ ორგანიზატორი. ქართული ყველის მკვლევარი პროექტს საკუთარი რესურსით ახორციელებს.

1713855081

საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანია ff.k Public Relations-ის  ორგანიზებით, საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალების 10-კაციანი ჯგუფი სტუმრობდა.ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ სომელიეები, კომერციული სექტორის და მედიის წარმომადგენლები.5-დღიანი ტურის ფარგლებში, სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ,  დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო.ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანია f.k Public Relations-სთან ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობა  2021 წლიდან დაიწყო. აქტიური პოპულარიზაციის კამპანია  მიმდინარე წელსაც გრძელდება.ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა და საექსპორტო ქვეყნების ათეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის პირველ  კვარტალში საქართველოდან გერმანიაში 300 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, ზრდამ  გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31% შეადგინა.

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით