„ენერგეტიკა არის ქვეყნის სტრატეგიული სექტორი და ჩვენი მიზანია ენერგეტიკული ბაზრების კონკურენტუნარიანობის გაძლიერება, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლება, საინვესტიციო გარემოს განვითარება და საერთაშორისო კავშირების გამყარება,"- ამის შესახებ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკისთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, ასევე ქვეყნისთვის პრიორიტეტულია ადგილობრივი განახლებადი ენერგორესურსის ათვისება. "ჩვენი მიზანია, რომ 2030 წლისთვის ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილი იყოს 27.4 %“, - აღნიშნა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.
ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორმა, არტურ ლარკოვსკიმ ხაზი გაუსვა საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებით და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ნაწილში.
შეხვედრისას, მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, ავსტრიაში, ქალაქ ვენაში დაგეგმილ ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი.