ნიუ-იორკის ბირჟაზე ფასი ფუნტზე 6,89 დოლარამდე გაიზარდა, ლონდონში კი ტონა სპილენძის ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ბოლო ერთ წელიწადში მეტალი დაახლოებით 40%-ითაა გაძვირებული. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი აქვეყნებს.
ფასის ზრდის მთავარი საფუძველი მიწოდებასა და მოთხოვნას შორის მზარდი დისბალანსია. ელექტრომობილების წარმოებასა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების სწრაფი განვითარებაც დაემატა, რაც მეტალზე მოთხოვნას მნიშვნელოვნად ზრდის. პარალელურად, წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ ნახევარში მსოფლიოში სპილენძის მოპოვება 1,1%-ით შემცირდა.
ბაზარზე დამატებით წნეხს ქმნის აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკასთან დაკავშირებული გაურკვევლობაც. შესაძლო ახალი ტარიფების მოლოდინში კომპანიები სპილენძის მარაგებს წინასწარ აგროვებენ, რის შედეგადაც სხვა ბაზრებზე ხელმისაწვდომი მოცულობა მცირდება.
ცნობისთვის, სპილენძის გაძვირება უკვე აისახება დამზადებული პროდუქციის ღირებულებაზეც. აშშ-ში სპილენძის მავთულისა და კაბელის ფასები ივლისში წლიურად დაახლოებით 18%-ით გაიზარდა.
ნია ბაკურაძე