logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"გენერაციის შეზღუდვის გამო, ენერგოსექტორმა ათეულობით მილიონი ლარი იზარალა"- მაია მელიქიძე

განახლებადი ენერგიების ასოციაციის ინფორმაციით, გენერაციის შეზღუდვის შედეგად, 2026 წლის წყალუხვობის პერიოდში, კერძო სექტორმა ათეულობით მილიონი ლარის ზარალი მიიღო.

როგორც მაია მელიქიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, თუ მომავალ წელსაც იგივე სტრატეგია იქნება, ენერგოსექტორი დადგება კოლაფსის წინაშე.

„ქვეყნის მიზანი არის 2036 წლისთვის მიაღწიოს ენერგოდამოუკიდებლობას. ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ვერ მიიღწევა იმ გამოწვევის გადალახვის გარეშე, რასაც ჰქვია მაისის, ივნისის და ივლისის კონკრეტული პერიოდის განმავლობაში, წყალუხვობის დროს, წყლის დაღვრის ანუ გენერაციის შეზღუდვის შემთხვევაში,“-აღნიშნა მაია მელიქიძემ.

მისივე განმარტებით, გენერაციის შეზღუდვის თვალსაზრისით, წლევანდელი წელი ყველაზე კრიტიკული აღმოჩნდა.

„წინა წლების განმავლობაშიც იყო მსგავსი ტიპის გამოწვევა, მაგრამ სტრატეგია და მოცემულობა იყო განსხვავებული. 2026 წელს, ზამთრის პერიოდში ჩვენ ელექტროენერგიის იმპორტი ოთხივე მეზობელი ქვეყნიდან განვახორციელეთ და ამაში გადავიხადეთ ათეული მილიონი დოლარი, ზაფხულში კი, როცა დავაგენერირეთ ელექტროენერგია, ვერ მოვახერხეთ მისი რეალიზაცია.  წინა წლებში ჩვენი საექსპორტო ბაზარი იყო თურქეთი, სადაც ფასი ფიქსირდებოს საკმაოდ მომხიბვლელი, 6 დოლარ-ცენტი. წელს ეს მაჩვენებელი 2 დოლარ-ცენტამდე ჩამოვიდა, მეტსაც გეტყვით,  0,8 დოლარ-ცენტიც კი გახდა. ამის მიზეზი თავის მხრივ არის ის, რომ თურქეთმა ააშენა დიდი ჰიდროელექტროსადგური, ნაწილობრივ ექსპლუატაციაში შეიყვანა ატომური ელექტროსადგური, განავითარა მზის სადგურებიც.  შესაბამისად, გენერაციის ობიექტებისთვის ელექტროენერგიის ექსპორტი არ იყო მიზანშეწონილი.  წინა წლებშიც  ხდებოდა გენერაციის   შეზღუდვები, მაგრამ რისკი რომლის ჰეჯირებაც მნიშვნელოვანია, არ იყო მხოლოდ კერძო სექტორის პასუხისმგებლობა . ამ რისკს სახელმწიფოც ინაწილებდა. წელს ეს არ მოხდა და შედეგად, კერძო სექტორმა ძალიან დიდი ფინანსური დარტყმა მიიღო.“-აღნიშნა მაია მელიქიძემ.

გამოგვყევით