logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ექსპორტის მხარდაჭერის ახალი მექანიზმი ავამოქმედეთ, პროგრამა უკვე დამტკიცდა" - ირაკლი გაბრიაძე

"ექსპორტის მხარდაჭერის ახალი მექანიზმი ავამოქმედეთ, პროგრამა უკვე დამტკიცდა" - ირაკლი გაბრიაძე

1789669855

ექსპორტის მხარდაჭერის ახალი მექანიზმი ავამოქმედეთ, პროგრამა უკვე დამტკიცდა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი გაბრიაძემ განაცხადა.

მან გადაცემაში ეკონომიკის განვითარების კორპორაციის სამომავლო საქმიანობაზე ისაუბრა. ასევე, იმ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის, ისე მსხვილი ბიზნესის მხარდასაჭერად განხორციელდება.

„რამდენიმე თვის წინ ჩვენ ვისაუბრეთ გეგმებზე, რომლებიც აქვს ჩვენს კორპორაციას. კერძო სექტორის განვითარებაში განახლებული მანდატით მოიაზრება როგორც მცირე და საშუალო ბიზნესი, ასევე მსხვილი ბიზნესი. რა თქმა უნდა, ამ ორი სეგმენტის გამოწვევები შეიძლება განსხვავდებოდეს, თუმცა არის ისეთი გამოწვევებიც, რომლებიც ორივე სეგმენტისთვის საერთოა. განსაკუთრებით მსხვილი პროექტების განხორციელების მიმართულებით“, - განმარტა ირაკლი გაბრიაძემ.

მისივე თქმით, მაგალითისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ერთ-ერთი გამოწვევა ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა, ასევე კომპეტენციების ნაკლებობა.

„მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით არა ერთ პროგრამას ვახორციელებდით ადრეც და ვახორციელებთ ახლაც. მაგალითისთვის, ამჟამად, გავაფართოვეთ მიკროსესხების პროგრამა. პროგრამის ლიმიტები გაიზარდა - კერძოდ, 50 ათასიანი ლიმიტი გახდა 70 ათასი და ასევე, დაემატა პროგრამით მეორედ სარგებლობის შესაძლებლობა“, - განმარტა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება კიდევ ახალ პროგრამებს, რომლებიც კორპორაციამ ამ მოკლე დროში აამოქმედა - ეს არის ექსპორტის მხარდაჭერის ახალი მექანიზმი, რომელიც გულისხმობს ლოგისტიკასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას.

„ეს ხარჯები შედგება ორი კომპონენტისაგან. პირველი - ეს არის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯები და მეორე  - ეს არის საექსპორტო ბაზარზე დასაწყობებასთან დაკავშირებული ხარჯები“, - განმარტა გაბრიაძემ

მისივე ინფორმაციით, ეს პროგრამა უკვე დამტკიცდა მთავრობის მიერ და მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, უკვე შეეძლებათ ბენეფიციარებს, რომ მასში მონაწილეობა მიიღონ და დაფინანსება მოიპოვონ.

გარდა ამისა, როგორც ირაკლი გაბრიაძე ამბობს, კიდევ ერთი პროგრამა, რომელიც უკვე დამტკიცდა არის - კაპიტალის ბაზრების მხარდაჭერის პროგრამა, რაც კორპორაციის მხრიდან კერძო კაპიტალის ფონდებში ინვესტირებას გულისხმობს. 

გამოგვყევით