logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ფასების მატება უფრო მეტად დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების ბილეთებზე შეინიშნება"

საავიაციო საწვავის ფასები ისევ რჩება გამყვანი ტურიზმისთვის ნომერ პირველ გამოწვევად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად.

საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის ინფორმაციით, მთელ მსოფლიოში გეოპოლიტიკური რისკების გაზრდის კვალდაკვალ, წლიურ ჭრილში ავიასაწვავის ფასები უკვე 100%-ით არის გაზრდილი. მხოლოდ ბოლო 1 კვირაში კი, მისმა ღირებულებამ 6%-ზე მეტით მოიმატა და დღეისათვის, ერთი ბარელის საშუალო ფასი 181 დოლარს აჭარბებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ტურისტული კომპანია Kera Travel-ის დამფუძნებელმა, დავით ქუთათელაძემ განუცხადა, გაძვირებული საავიაციო საწვავი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოგზაურობის ფასებს.

„ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებიდან ამ დრომდე, ავიაბილეთების ღირებულება, დაახლოებით, 20-25%-ით არის გაზრდილი. ფასების ყველაზე მკვეთრი მატება დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების ბილეთებზე შეინიშნება. რაც შეეხება დიდ, არა ბიუჯეტურ ავიაკომპანიებს, როგორც წესი, მათ ავიასაწვავის რამდენიმე თვის მარაგები აქვთ ხოლმე, შესაბამისად, ავიაბილეთებზე ფასების მატება მყისიერად არ უწევთ“,- განმარტა დავით ქუთათელაძემ.

მისივე ინფორმაციით, ასევე გაძვირებულია ავიაბილეთები ძალიან შორ მანძილზე ფრენებზე, კერძოდ - ტრანსატლანტიკურ მიმართულებებზე.

თუმცა, გამყვან ტურიზმზე მომუშავე კომპანიების ინფორმაციით, მოგზაურებისთვის გამოწვევას მხოლოდ გაძვირებული ავიაბილეთები არ წარმოადგენს. საგრძნობლად არის მომატებული სასტუმროების ფასებიც, განსაკუთრებით კი - ყველაზე პოპულარული სამოგზაურო მიმართულებებით. ტუროპერატორების თქმით, გამორჩეულად თვალშისაცემია ფასების ზრდა რომში მდებარე სასტუმროებზე.

გამოგვყევით