„2026 წელს დასრულდა სამი ჰიდროელექტროსადგურისა და ერთი ქარის პროექტის მშენებლობა - წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის, ორი ქარის და სამი მზის პროექტის მშენებლობა“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან ერთად დაესწრო.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, მხოლოდ მიმდინარე წელს საქართველოს ენერგოსისტემას 300 მეგავატზე მეტი ახალი განახლებადი სიმძლავრე შეემატება.
„ეს დინამიკა გრძელდება. 2027 წელს 100-მდე მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით, 12 ელექტროსადგურის პროექტი, ჯამში, 70 მეგავატზე მეტი შევა ექსპლუატაციაში. წელს ასევე აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით დასრულდა 250 მეგავატი სიმძლავრის ენერგიის შემნახველი ბატარეების შესყიდვა, სამუშაოები 2026 წელს დაიწყება და 2029 წელს დასრულდება. ეს უზრუნველყოფს სისტემის მდგრად და უსაფრთხო ფუნქციონირებას, ასევე განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის ლიმიტების გაფართოებას.
მაგრამ, ჩვენ მხოლოდ ახალ პროექტებს არ ვიწყებთ. ჩვენ ვაბრუნებთ და ვუბრუნებთ სიცოცხლეს იმ პროექტებშიც, რომლებსაც წლების განმავლობაში პრობლემები ჰქონდათ. შეიძლება ითქვას, რომ ჩიხში იყვნენ მოქცეული: ენერგეტიკულ პროექტზე ჯარიმებისა და პირგასამტეხლოების მოცულობა ერთ მილიარდ ლარს აჭარბებდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სიცოცხლისუნარიან პროექტებს განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობა მისცემოდათ. ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილების შედეგი სახეზეა - ჯარიმების პირობიანი პატიების საფუძველზე, ხელშეკრულებები გაუგრძელდა 111 პროექტს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 1600-მდე მეგავატია.
ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არა მხოლოდ პრობლემა აღმოფხვრა და მხარდაჭერა გამოუცხადა კერძო სექტორს, არამედ ქვეყანას დაუბრუნა 1600 მეგავატის განვითარების პოტენციალი“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.