წლის ბოლომდე, საქართველოში დამატებით კიდევ 3 მაღაზიას გავხსნით, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“"პიელ ნატურალსის" დამფუძნებელმა თამარ ლომაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამჟამად, კომპანია ქვეყნის მასშტაბით 10 ფილიალს ფლობს.
„ჩვენი ახალი სარეალიზაციო ობიექტები გაიხსნება ისეთ სავაჭრო ცენტრებში, სადაც ჯერჯერობით, არ ვართ წარმოდგენილები. გაფართოების გადაწყვეტილება, ცხადია, მომხმარებლის მხრიდან არსებული მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით მივიღეთ. ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი გაყიდვები წლიდან წლამდე იზრდება. 10 წლის წინ, როდესაც ამ ბიზნესს ვიწყებდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ "პიელ ნატურალსი" ასეთ კონკურენციაში შევიდოდა ძალიან მსხვილ, საერთაშორისო ბრენდებთან“, - აღნიშნა თამარ ლომაძემ.
მისივე ინფორმაციით, გარდა მაღაზიების ქსელის გაფართოებისა, კომპანია მუშაობს ახალ პროდუქტებზეც.
„ცოტა ხნის წინ, გამოვუშვით ყურძნის წიპწის სუბლიმაციის კრემი, რომელმაც ფრანგი და იტალიელი დერმატოლოგების მხრიდან დიდი აღიარება მოიპოვა. ამასთან, ვაგრძელებთ მუშაობს ახალ კოსმეტიკურ პროდუქტებსა და ახალ ფორმულებზე“, - განმარტა "პიელ ნატურალსის" დამფუძნებელმა.
ცნობისთვის, "პიელ ნატურალსი" ბუნებრივი კოსმეტიკის GMP და ISO სერტიფიცირებული ქართული ბრენდია, რომელიც 100-წლიან საოჯახო მემკვიდრეობასა და თანამედროვე მეცნიერებაზე დაფუძნებულ ინოვაციებს აერთიანებს. ბრენდი ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და ტანისა და სახის ნატურალურ მოვლის საშუალებებს აწარმოებს.