საქართველოდან იაპონიაში ჯგუფური ტურები ძალიან მოთხოვნადი გახდა , - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ტურისტული კომპანია TravelOnly-ის დამფუძნებელმა, სოფიო ნაცვლიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ზოგადად, ბოლო წლებში, ქვეყანაში ჯგუფური ტურების მიმართ ინტერესი მაღალ ნიშნულზე ფიქსირდება.
„ვფიქრობ, ამ ინტერესს კომფორტი და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები განაპირობებს. მოგეხსენებათ, ჯგუფური ტურები უმეტესად პოპულარულია აზიური სახელმწიფოების მიმართულებით, სადაც მოგზაურობის დროს, უსაფრთხოებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომ, მომხმარებლებს ურჩევნიათ ინდივიდუალურად გამგზავრების ნაცვლად, ჩვენთან ერთად - ჯგუფურ ტურში წამოვიდნენ. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ფასების ნაწილიც. აზიაში ჯგუფურად მოგზაურობა შედარებით იაფი ჯდება, ვიდრე - ინდივიდუალურად“, - აღნიშნა სოფიო ნაცვლიშვილმა.
TravelOnly-ის დამფუძნებლის თქმით, იაპონიის გარდა, მისი კომპანიის მაგალითზე, ასევე მოთხოვნადია ჯგუფური ტურები ვიეტნამში, ტაილანდში, ჩინეთსა და ინდოეთში.
როგორც სოფიო ნაცვლიშვილი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში, საავიაციო საწვავის მკვეთრად გაძვირების გამო, გაზრდილია ტურისტული პაკეტების ფასები, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოგზაურობაზე, კვლავ საკმაოდ მაღალი მოთხოვნა ნარჩუნდება.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის გლობალური საავიაციო საწვავის ფასი 1 ბარელზე 170 დოლარს აჭარბებს, ეს კი - ცხადია, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ავიაბილეთების ღირებულებაზე.