logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

აშშ-ში მეორადი ავტომობილების კრიზისია - ირაკლი კუხიანიძე

აშშ-ში მეორადი ავტომობილების კრიზისია, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია Carmark-ის დირექტორმა, ირაკლი კუხიანიძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამერიკულ ავტო აუქციონებზე მკვეთრად არის შემცირებული იმ მანქანების რაოდენობა, რომელთა ღირებულება 15 ათას დოლარამდეა.

„მსგავსი კრიზისი პირველად მოხდა პანდემიის შემდგომ და ახლა, კიდევ განმეორდა. ბოლო 2 თვეა, ვხედავთ, რომ დაახლოებით, 20%-ით არის შემცირებული შედარებით ბიუჯეტური, მეორადი ავტომობილების რაოდენობა, რაც გამოწვევებს ქმნის როგორც ქართველი, ისე სხვა ქვეყნების ავტოდილერებისთვის“, - აღნიშნა Carmark-ის დირექტორმა.

მისივე თქმით, აუქციონებზე ბიუჯეტური ავტომობილების შემცირებამ, ცხადია, გავლენა იქონია ფასებზე და მეორადი მანქანები მნიშვნელოვნად არის გაძვირებული.

თუ ადრე აუქციონზე თითოეულ მოდელსა, თუ მარკაზე დიდი არჩევანი იყო და ყოველ კვირა ემატებოდა ახალი ლოტები, ამჟამად, მანქანები ფაქტობრივად არ ახლდება და მომხმარებელს სულ ერთი და იგივე ავტომობილების დათვალიერება უწევს აუქციონზე“, - განმარტა ირაკლი კუხიანიძემ.

ავტო ექსპერტების შეფასებით, ამერიკულ აუქციონებზე მეორადი ავტომობილების სიმცირე პირდაპირ კავშირშია ადგილობრივი მომხმარებლების ქცევასთან. კერძოდ, ამერიკელების მხრიდან მკვეთრად დაიკლო ინტერესმა ახალი ავტომობილების მიმართ, რაც ანალიტიკოსების განმარტებითვე, აშშ-ის ეკონომიკაში არსებულ გარკვეულ გამოწვევებს უკავშირდება.

იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკელები ახალი მანქანების შეძენისგან დროებით თავს იკავებენ, არ ხდება ბაზრისთვის მეორადი ავტომობილების მიწოდება, მათი დეფიციტი კი აუქციონებზე გამოწვევას ქმნის მანქანის შეძენით დაინტერესებული პირებისთვის.

გამოგვყევით