logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"უცხოელები, ძირითადად, სუვენირების ხაზით ინტერესდებიან, თუმცა ჩვენი მყიდველების მხოლოდ 5-6%-ს შეადგენენ" - თორნიკე სამხარაძე

აგვისტოს თვეში, ოქროს საერთაშორისო ფასები მეტწილად იყო სტაბილური, თუმცა წლის ბოლოსთვის ველოდებით, რომ ძვირფასი მეტალი გაძვირდება, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია „ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე სამხარაძემ განუცხადა.

მან მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონის გაყიდვების დინამიკაც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ გასულ წელთან შედარებით, კომპანიას რეალიზაციის მაჩვენებლები გაეზარდა.

ივნის-ივლისის თვეები საკმაოდ პოზიტიური იყო. რაც შეეხება აგვისტოს, ის ყოველთვის პასიურია ხოლმე, ვინაიდან დასვენების პერიოდია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ გაყიდვებში წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, მაინც უკეთესი მაჩვენებლები გვქონდა. ჩვენი მყიდველების, თითქმის, 95% ადგილობრივები არიან. უცხოელების წილი საკმაოდ მცირეა და 5-6%-ს არ აღემატება. უცხოელები, ძირითადად, „ზარაფხანას“ სუვენირების ხაზით ინტერესდებიან“, - განმარტა თორნიკე სამხარაძემ.

„ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორთან“ ფასების საკითხზეც ისაუბრა და თქვა, რომ გლობალურ ბირჟებზე, ამჟამად, ოქროს ფასი მეტ-ნაკლებად სტაბილურია.

„გასულ კვირას, 1 დღეში უნცია ოქროს ფასმა 400 დოლარით მოიმატა, რის გამოც მწარმოებლებს შესასყიდი ნედლეული, ანუ 1 გრამი სუფთა ოქრო 30 ლარით გაგვიძვირდა, თუმცა, შემდგომ ფასებმა ისევ დაიწია და ახლა, შეიძლება ითქვას, რომ სტაბილურ ნიშნულზეა“, - აღნიშნა თორნიკე სამხარაძემ.

რაც შეეხება პროგნოზებს ოქროს ღირებულებასთან მიმართებით, „ზარაფხანას“ აღმასრულებელი დირექტორი ელოდება, რომ 2026 წლის ბოლოსთვის, ძვირფასი მეტალის გლობალური ფასი ისევ გაიზრდება, ვინაიდან საახალწლო პერიოდში ოქროზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება.

გამოგვყევით