საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, საჯარო სექტორში ანაზღაურებები 8.4%-ით გაიზრდება.
„მათ შორის, დაგეგმილია დაფინანსების მატება როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით", - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დაფინანსების ზრდა თანაბრად მოიცავს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ხელფასების მატებას.
„ზოგადად, ხელფასები განსაზღვრული არის ინდექსაციის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, ინდექსაცია განხორციელებულია უფრო კერძო სექტორში არსებულ ხელფასებთან მიმართებით, ანუ როგორც იზრდება ხელფასები კერძო სექტორში, იმის გარკვეული ნაწილით იზრდება საჯარო სექტორშიც. აქედან გამომდინარე, გაანგარიშება გაკეთებულია და 8.4%-ია, რითაც გაიზრდება ხელფასები მთლიანად საჯარო სექტორში. ეს მოიცავს 75 ათასზე მეტ ჩვენს პოლიციელს, მაშველებს, ჯარისკაცებს, უსაფრთხოების თანამშრომლებს. თუმცა, ზრდა მოიცავს სხვა მიმართულებასაც. დაახლოებით, 60 ათას პედაგოგს გაეზრდება ხელფასი ამავე ოდენობით, ბაღის 40 ათას პერსონალს, კულტურის სფეროში მოღვაწე 35 ათას პირს, ასევე სასწრაფო დახმარების 7 ათას ექიმს და სხვა“, - განმარტა ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიუხედავად, რეალური ხელფასები მაინც იზრდება.
„თქვენ იცით, რომ ეს არ არის ერთჯერადი და მხოლოდ ერთ წელზე გათვლილი ზრდა. ხელფასები იზრდება ყოველწლიურად და ამაში გათვალისწინებულია, მათ შორის კანონით ის, რომ ხელფასები უნდა იზრდებოდეს იმაზე მეტად, ვიდრე ეს არის ინფლაციის მაჩვენებელი“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ხელფასები საშუალოდ 60%-ზე მეტად არის გაზრდილი. როგორც ფინანსთა მინისტრი ამბობს, ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე ხელფასების ზრდის ეს პროცენტული მონაცემი.