logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"მეღვინეობა ბრიცა" პოლონეთსა და ჩინეთში ექსპორტზე გასვლას გეგმავს

„მეღვინეობა ბრიცა“, რომელიც ღვინოს 2022 წლიდან აწარმოებს, ექსპორტის გაფართოებას გეგმავს და ჰოლანდიისა და გერმანიის ბაზრებთან ერთად, პოლონეთსა და ჩინეთშიც შესვლას განიხილავს. „ბრიცა“ -  ახალი თაობის ქართული კრაფტ-მარანია კახეთიდან, რომელიც ბაზარზე ცნობილია ბრენდით „ღვინო ლენტო“.

როგორც კომპანიის დირექტორმა, გიორგი ჩივიაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, წინა წლებთან შედარებით, გაყიდვები შემცირებულია.

„ჩვენმა საწარმომ მუშაობა 2022 წლიდან დაიწყო. კომპანია კახეთის რეგიონში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. წლიურად 800 ტონა ღვინოს ვაწარმოებთ, რომლის ნაწილიც ბრენდირებული სახით იყიდება, ნაწილს კი ღვინომასალად ვყიდით. ამჟამად 12 სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ. საწარმოში 15 ადამიანია დასაქმებული, თუმცა ვენახში სეზონურად გაცილებით მეტი ადამიანი მუშაობს. საქართველოს ბაზარზე განსაკუთრებით პოპულარულია ქისი, კახური მწვანე, ხიხვი, საფერავი და რქაწითელი.

ვერ ვიტყვი, რომ გაყიდვები გაიზარდა ან შემცირდა, თუმცა ტენდენცია ორი წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით უფრო უარესია. რთულია ამის კონკრეტულ მიზეზზე საუბარი, რადგან ჩვენ ღვინომასალას უფრო დიდი რაოდენობით ვყიდით. მას სხვა საწარმოები ყიდულობდნენ, რომლებიც შემდეგ რუსეთის ბაზარზე ყიდდნენ. დიდი ალბათობით, მათაც აღარ აქვთ გაყიდვების ის მოცულობა, რაც ადრე ჰქონდათ.

არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ წარმოებას კი არ გავზრდით, შესაძლოა, მისი შემცირებაც მოგვიწიოს. გაყიდვები მნიშვნელოვნად არის შემცირებული და საქმიანობის გადალაგება მოგვიწევს. ფაქტია, რომ ამ სფეროში სერიოზული პრობლემებია, რომლებიც კიდევ უფრო ღრმავდება.

ამჟამად ღვინო ჰოლანდიასა და გერმანიაში გაგვაქვს. საექსპორტო ბაზრების გაფართოებას ვგეგმავთ. ჩვენი პრიორიტეტი პოლონეთია, შემდეგ კი ჩინეთი. გარკვეული დონის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, თუმცა ეს ჯერ საწყისი ეტაპია“, - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

გარდა ამისა, „მეღვინეობა ბრიცა“-ს დირექტორი აცხადებს, რომ კომპანიისთვის ყველაზე პრიორიტეტული ევროპის ბაზარია.

“ჩემთვის პრიორიტეტული ჩინეთის ბაზარი არ არის, ევროპის ბაზარია, მაგრამ დივერსიფიკაციის თვალსაზრისით ვცდილობთ, რომ იქაც ვიყოთ. ჩემთვის ევროპული ბაზარი უფრო საინტერესოა, ვიდრე ჩინეთის”,-განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

რაც შეეხება რუსეთის ბაზარს, “მეღვინეობა ბრიცას”  დირექტორის განმარტებით, ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური პარტნიორია.

“ჩვენ რუსეთის ბაზარზე არ ვყიდით, მათ თავიანთი რეგულაციები აქვთ და ჩვენთვის რუსული ბაზარი მიუწვდომელია. თუმცა, ისტორია აჩვენებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური პარტნიორია”,-განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას გიორგი ჩივიაშვილმა რამდენიმე მთავარი პრობლემა დაასახელა: მუშახელის დეფიციტი, კომპანიის დაბალი ცნობადობა და გაზრდილი ფასები.

„კვალიფიციური კადრების დეფიციტი პირადად ჩემს საწარმოში არ არის, თუმცა ქვეყანაში მუშახელის ნაკლებობა ფაქტია. არის ინფლაციაც და ლოგიკურია, რომ შრომის ღირებულებაც იზრდება. ვფიქრობ, ამ სექტორში სახელმწიფო უფრო აქტიურად არის ჩართული, ვიდრე სხვა სექტორებში. რთულია დიდ მწარმოებლებთან კონკურენციაში შესვლა. ამასთან, ჩვენს შესახებ ცნობადობაც დაბალია იმ ბაზრებზე, რომლებიც ჩვენთვის საინტერესოა“, - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

სამომავლოდ კომპანიას ტურიზმის სფეროში დამკვიდრებაც სურს, თუმცა ამ ეტაპზე პრიორიტეტი წარმოებაა. კომპანიის ღვინო წარმოდგენილია „8000 მოსავალში“ და დაახლოებით 25 მაღაზიაში. 

გამოგვყევით