საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარის, ნატა კვაჭანტირაძის განცხადებით, ქვეყანაში მაღალმხარჯველი ტურისტების ჩამოსვლა ერთ-ერთი გამოწვევაა.
როგორც მან „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, ამ მიმართულებით კომპლექსური სამუშაოა ჩასატარებელი, რადგან მაღალმხარჯველი ტურისტი მაღალ ხარისხს მოითხოვს.
ნატა კვაჭანტირაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ტურისტს ქვეყანაში დახვდეს განვითარებული ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო გარემო და მომსახურების მაღალი დონე.
„ქვეყანაში მაღალმხარჯველი ტურისტი გვჭირდება. დღემდე ეს საკითხი აქტუალურია და ერთ-ერთი გამოწვევაცაა. ძალიან კომპლექსური სამუშაო უნდა ჩატარდეს, რადგან მაღალმხარჯველი ტურისტი მაღალ ხარისხს მოითხოვს. ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით დახვდეს მზა ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო გარემო და სერვისის ის დონე, რომელიც მაღალმხარჯველ სტუმარს აინტერესებს. ისინი ყოველთვის ირჩევენ კომფორტს, ავთენტურობას, ქვეყნის შესაძლებლობებსა და ბუნებრივ თუ კულტურულ რესურსებს, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანაში ხვდებათ.
ხარისხი ერთ-ერთი ძალიან მტკივნეული გამოწვევაა, რომელზეც ბოლო წლებში განსაკუთრებით ხშირად ვსაუბრობთ. ჩვენ ძალიან ვეცადეთ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში ინიციატივა გაგვეკეთებინა იმ პროექტისთვის, რომელიც ზაფხულში დაანონსდა. ეს არის განათლებისა და უნარების კომიტეტი, რომელშიც გაერთიანებული არიან ექსპერტები და ტურიზმის სფეროში ჩართული ადამიანები, როგორც ბრენდული, ისე ადგილობრივი სასტუმროებიდან. მიზანია, ერთობლივად შევძლოთ, მომავალ წელს პროცესი შევამსუბუქოთ და ხარისხი გავაუმჯობესოთ, რაზეც მუდმივად არის საუბარი. ამ პასუხისმგებლობის ნაწილში გვეხმარებიან როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ისე სახელმწიფო უწყებები. იმედი გვაქვს, ერთობლივი ძალისხმევით დავძლევთ სექტორში არსებულ ამ გამოწვევას, რომელსაც მტკივნეულად განვიცდით“, - განაცხადა ნატა კვაჭანტირაძემ.
მისივე თქმით, ბიზნესებს ურჩევენ, ტურისტების მოზიდვის არეალი სხვადასხვა ქვეყნიდან გააფართოონ და აქცენტი ე.წ. ნიშურ მიმართულებებზე გააკეთონ.
„გაზაფხულის მოვლენებმა ცხადყო, რომ ერთ ქვეყანაზე დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ. ბიზნესებს ყოველთვის ვურჩევთ, მაქსიმალურად გააფართოონ თავიანთი საერთაშორისო თვალსაწიერი. გაზაფხულის პერიოდში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც ერთი კომპანია ან სასტუმრო სრულად იყო დამოკიდებული ისრაელის ან სხვა რომელიმე ქვეყნის ბაზარზე. ქვეყანაში ნამდვილად გვჭირდება ახალი ბაზრების ათვისება. აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველო მასობრივი ტურიზმის მიმართულება არ არის. საჭიროა, პროდუქტები ისე შევთავაზოთ, რომ დაინტერესებული ტურისტი ჩამოვიდეს და საქართველო თავისი კულტურით, ტრადიციებითა და ავთენტური მიმართულებებით აღმოაჩინოს, რომელიც ქვეყანაში უხვად გვაქვს“, - განაცხადა ნატა კვაჭანტირაძემ.