მსოფლიო ბანკის განახლებული პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ნავთობის ფასი 1 ბარელზე 91 დოლარი იქნება, 2027 წელს კი - 79 დოლარი, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, ოთარ ცუხიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, მომდევნო წლისთვის არსებული პროგნოზები იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ირანსა და აშშ-ს შორის სამხედრო დაპირისპირება კვლავ განახლდება.
„იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო კონფლიქტის ესკალაცია მოხდა, მსოფლიო ბანკი ელის, რომ 2027 წელს 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობი 105 დოლარი ეღირება“, - განმარტა ოთარ ცუხიშვილმა.
მან მიმდინარე დინამიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოს თვის შემდეგ პირველად, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 91 დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა.
„ბოლო დღეებში, ჩვენ ვიხილეთ ნავთობის ფასის მნიშვნელოვანი კლება, რაც პირდაპირ კავშირშია აშშ-ს შუალედურ არჩევნებთან. გაჩნდა მოლოდინი, რომ ირანთან 9 თვიანი სამხედრო კონფლიქტი დასრულდება“,- აღნიშნა Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წელს ნავთობის ბაზარი მაღალი მერყეობით გამოირჩევა. თუ წლის დასაწყისში Brent-ის ფასი ბარელზე, დაახლოებით, 60-დოლარს შეადგენდა, გაზაფხულზე, სამხედრო დარტყმების ესკალაციის პიკზე, მაჩვენებელმა 120 დოლარს მიაღწია. ამ მომენტში კი, 1 ბარელი 93 დოლარად ივაჭრება.