logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ONEX.GE ამანათების მიღების გასამარტივებლად "სმარტ-ლოქერების" განვითარებას გეგმავს

ლოჯისტიკისა და საკურიერო  ქართულ ბაზარზე ამანათების ჩაბარების პროცესი მომხმარებელთა ნაწილისთვის კვლავ გამოწვევად რჩება. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად  კურიერების მხრიდან მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე, უშუალოდ მისამართზე მისვლისას დაკავშირება სახელდება - იმ შემთხვევაში, თუ ადრესატი ადგილზე არ იმყოფება, გზავნილის ჩაბარება ფერხდება და დამატებით დისკომფორტს ქმნის.

აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით აქტუალურია პოპულარული ონლაინ საცალო პლატფორმა Temu-ს მომხმარებლებისთვის, რომლებიც ამანათების მიწოდების ვადებსა და ფორმასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას ხშირად გამოთქვამენ. მომხმარებელთა ნაწილის შეფასებით, კურიერის ლოდინის ნაცვლად, ბევრად უფრო კომფორტული იქნებოდა გზავნილების „ჭკვიანი საკეტების“ — ე.წ. სმარტ ლოქერების მეშვეობით მიღება.

არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, „ბიზნესპარტნიორი“ დაინტერესდა, ხედავს თუ არა პრობლემას საკურიერო მომსახურების არსებულ პრაქტიკაში ბაზარზე ამ კუთხით მოქმედი გადამზიდავი კომპანია ONEX.GE და რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს სერვისის გასაუმჯობესებლად, მათ შორის, განიხილება თუ არა "სმარტ ლოქერების" სისტემის დანერგვა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, გადამზიდავმა კომპანია ONEX.GE-მ TEMU-ს  პლატფორმიდან საქართველოში ამანათების უფასო პირდაპირი მიწოდება 2024 წელს დაიწყო. ანგარიშსწორების შემდეგ, TEMU-ზე შეძენილი პროდუქცია საქართველოში ONEX.GE-ს უფასოდ ჩამოაქვს.

იგეგმება თუ არა საქართველოში ამანათების და ნივთების თვითმომსახურების ქსელის დანერგვა-განვითარება,  ONEX.GE-ს საქართველოს ოფისის მარკეტინგის მენეჯერი მარიამ ადამია აცხადებს, რომ ამ დროისთვის კომპანიას თბილისის მასშტაბით 5 სმარტ-ლოქერი (კომპანიის ლოქერები განთავსებულია საბურთალოზე, თავხელიძის ქუჩა N1, ვაკე, ფალიაშვილის ქუჩა N90, ჩუღურეთი, მარჯანიშვილის ქუჩა N26, ისანი, აწყურის ქუჩა N47, ვარკეთილი, შუამთის ქუჩა N12) აქვს, 2027 წლისთვის კი მათი რაოდენობის 10-ჯერ ზრდას გეგმავს. 

ე.წ. სმარტ ლოქერი ONEX-ის მიერ წარმოებული მიწოდების ავტომატური სისტემაა, რომლის  საშუალებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ ამანათები  მოსახერხებელ დროს და ხელსაყრელ ადგილზე მიიღონ.

მომხმარებელს შეუძლია შეცვლოს ამანათის აღების მთავარი ლოკაცია ლოქერით, ან ამანათი ჩამოვა მისი აღების მთავარ ლოკაციაზე და ამის შემდეგ შეუძლია შეუკვეთოს სერვისი ,,ლოქერში მიწოდება''. სერვისით სარგებლობა უფასოა.

“ე.წ ლოქერები არის ნიკორაში",  ახლა მიმდინარეობს გაფართოება სხვა მაღაზიათა ქსელებში. განიხილება ინსტალაცია სამშენებლო კომპანიების პროექტებშიც.  ჩვენი "ლოქერები" პირველივე წლიდან სხვადასხვა მისამართზეა დამონტაჟებული, თუმცა ახლა სხვადასხვა მისამართზე გაფართოების პროცესი მიმდინარეობს. 

ამანათები შეიძლება დარჩეს "ლოქერში" 5 სამუშაო დღის განმავლობაში. iHerb-ის შემთხვევაში, ამანათები შეიძლება დარჩეს 10-დან 15 სამუშაო დღემდე. "ლოქერიდან" ამანათის აღებისას საჭიროა ბარკოდი. ადგილზე მიტანის საფასურის გადახდა ხდება პირადი გვერდიდან. სერვისის შეკვეთისას "ლოქერში მიწოდება" და ლოქერიდან ამანათის აღების დროს, უნდა იყოს საკმარისი თანხა ანგარიშზე. Onex-ის ლოქერები 24/7 კამერის მეთვალყურეობის ქვეშაა, ხოლო სათავსოები დახურულია უსაფრთხო საკეტებით”,-განმარტავენ კომპანიაში.

მარიამ ადამიას განმარტებით, საქართველოში  ONEX-ის მომხმარებელთა ბაზა მუდმივად იზრდება.

რაც შეეხება კითხვას, ამჟამად რამდენი კურიერი ჰყავს ONEX.ge-ის, კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი რაოდენობა ცვალებადია და ამის თქმა რთული იქნება.

"2027 წელს ONEX-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის განვითარება, მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა იქნება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ვგეგმავთ სმარტ-ლოქერების ქსელის მასშტაბურ გაფართოებას — მათი რაოდენობა საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 10-ჯერ გაიზრდება. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს ამანათების მიღების კიდევ უფრო მოქნილი, სწრაფი და კომფორტული შესაძლებლობა შევთავაზოთ.

ასევე, უკვე გავუშვით ახალი AI პროექტი — ROXY, რომელიც ONEX-ის მომხმარებლებს დაეხმარება სასურველი პროდუქტის მოძიებაში და სხვადასხვა ონლაინ მაღაზიაში არსებული შეთავაზებებიდან მათთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტის შერჩევაში.

ჩვენი სტრატეგიაა, ONEX მხოლოდ ამანათების გადამზიდავი კომპანია არ იყოს და ეტაპობრივად ჩამოყალიბდეს ტექნოლოგიურ პლატფორმად, რომელიც მომხმარებელს ონლაინ შოპინგის სრულყოფილ გამოცდილებას შესთავაზებს”,-განაცხადა მარიამ ადამიამ.

ამასთან, როგორც  მარიამ ადამია განმარტავს, ONEX-ის საქართველოში ოპერირების დაწყებიდან დღემდე განხორციელებული ინვესტიციები მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურის განვითარებას, ისე ტექნოლოგიურ აღჭურვას, ლოგისტიკური ქსელის გაფართოებას, ადამიანური რესურსების ზრდასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

“ჩვენი მიდგომა თავიდანვე გრძელვადიან განვითარებაზე იყო ორიენტირებული. მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ კომპანიის განვითარებასა და გაფართოებაში ბრუნდება.

რაც შეეხება ინვესტიციის სრულ უკუგებას, ჩვენი პრიორიტეტი ამ ეტაპზე მხოლოდ მოკლევადიანი ფინანსური შედეგი არ არის. ჩვენ ვმუშაობთ ბაზარზე მყარი პოზიციების დამკვიდრებაზე, ოპერაციული შესაძლებლობების ზრდასა და ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რომელიც მომდევნო წლებში კომპანიის მდგრად ზრდას უზრუნველყოფს”,- განაცხადა ადამიამ.

მისი თქმით,  გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წელს მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის მაჩვენებელი უფრო მაღალია, რაც კომპანიის მიმართ ნდობის ზრდას, მომსახურების გეოგრაფიის გაფართოებასა და ახალი პარტნიორული მიმართულებების განვითარებას უკავშირდება.

“მომხმარებელთა ზუსტ რაოდენობას ამ ეტაპზე არ გავაჟღერებთ, თუმცა შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ONEX-ის ზრდის ტემპი გასულ წელთან შედარებით დაჩქარებულია და კომპანია აგრძელებს პოზიციების გაძლიერებას საქართველოს ბაზარზე”,-განაცხადა მარიამ ადამიამ.

გამოგვყევით