logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზისა და ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა - ბიუჯეტი ₾3.9 მლნ-ია

ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზისა და ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა - ბიუჯეტი ₾3.9 მლნ-ია

1794466159

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზისა და საფეხმავლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

პროექტის ფარგლებში აღდგა ღვარცოფის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზის მონაკვეთი, აშენდა ახალი საფეხმავლო ხიდი და მოეწყო ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურა.

ძლიერი ღვარცოფის შედეგად დაზიანებული იყო მდინარის ორივე სანაპიროზე არსებული ნაპირსამაგრი კედლები, გზის სავალი ნაწილი და ავტობუსის მოსაცდელი. ასევე დაზიანებული იყო ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი საფეხმავლო ხიდი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, აშენდა ახალი ერთმალიანი საფეხმავლო ხიდი, მოეწყო რკინაბეტონის ნაპირსამაგრი და ნაკადჩამქრობი კედლები, უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟდა ლითონის მოაჯირები. ასევე აღდგა გზის ასფალტბეტონის საფარი, მოეწყო ტროტუარი და ახალი ავტობუსის მოსაცდელი.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად აღდგა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 3 862 630 ლარი შეადგინა.

განახლებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას, ისე ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ვიზიტორებისთვის მისაწვდომობის გაუმჯობესებას.

გამოგვყევით