logo
Loading data...
1714629862
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება AUSTRIAN AIRLINES-მა დაიწყო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვენიდან პირველი პირდაპირი ფრენა ავსტრიის ლიდერმა ავიაკომპანია Austrian Airlines-მა შეასრულა,- ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებსახალი ევროპული ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ვენა-თბილისი-ვენას მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით  განახორციელებს.საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან 2 წლიანი მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დაასრულა.აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავსტრიის ავიახაზები სიახლეა ქართული ავიაბაზრისთვის და ვენა არის ერთ-ერთი  მოთხოვნადი მიმართულება, როგორც ტურისტული, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის. ,,თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს მივიღეთ Austrian Airlines-ის პირველი რეისი. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ ორწლიანი მოლაპარაკება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვენის მიმართულებით კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს კვირაში 3 სიხშირით. მოხარულები ვართ, რომ პირველ რეისზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო და სრული დატვირთვით ჩამოფრინდა ბორტი, რაც იმის დასტურია, რომ ვენა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აგრძელებს თბილისის აეროპორტის დაკავშირებას ევროპის ცენტრალურ დედაქალაქებთან და არამხოლოდ, იმისთვის, რომ ჩვენს მგზავრებს ჰქონდეთ მეტი მობილობა და მეტი პირდაპირი ფრენა,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას, პირველ საინაუგურაციო რეისს ვენიდან სავსე ბორტი - 136 მგზავრი ჩამოჰყვა. პირველ რეისს საქართველოში ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი, აღმოსავლეთ ევროპასა და ისრაელში AUSTRIAN AIRLINES-ის გაყიდვების დირექტორი შტეფან ლინჰარტი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე და თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანიის Tav Georgia-ს წარმომადგენლები დახვდნენ.1957 წელს დაფუძნებული და ის Lufthansa Group-ის შვილობილი კომპანიაა. Star Alliance-ის წევრი ავიაკომპანია ფრენებს 55 ქვეყნის 130 მიმართულებით ასრულებს. მისი ფლოტი 70  საჰაერო ხომალდისგან შედგება, საიდანაც უმეტესობა Airbus A320 ტიპის თვითმფრინავებს წარმოადგენს.

1714472640

საქართველომ ტურიზმიდან I კვარტალში $807.7 მლნ მიიღო

საქართველოში, 2024 წლის პირველ კვარტალში,  საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა კვარტალურ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და  $807.7 მილიონი შეადგინა, -  ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 39.6%-ით (229 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2023 წლის მონაცემებს კი +1.5%-ით (12.3 მლნ. აშშ. დოლარით).მიზნობრივ და ახალ ტურისტულ ბაზრებზე საქართველოს ტურიზმი ეროვნული ადმინისტრაციის აქტიური მარკეტინგული კამპანიების შედეგად საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა.

1714472220

მარიამ ქვრივიშვილი: ტურიზმის ინდუსტრიიდან 2024 წლის I კვარტალში ქვეყანამ შემოსავლების ისტორიული მაქსიმუმი მიიღო

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 39.6%-ით გადააჭარბა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის შედეგად, ტურიზმის ინდუსტრიიდან 2024 წლის პირველ კვარტალში ქვეყანამ შემოსავლების ისტორიული მაქსიმუმი მიიღო - წინა წელთან შედარებით ის 1.5%-ით გაიზარდა და პირველი კვარტლის რეკორდული მოცულობა - 807.7 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის, რომ აღნიშნული შედეგი კოვიდ - პანდემიანდელ მდგომარეობას 39.6%-ით აჭარბებს. „მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს ევროკავშირიდან და ყურის ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების დანახარჯების ზრდის კუთხით. ჩვენ ვაგრძელებთ დივერსიფიკაციის პოლიტიკას, რაც ასევე დადებითად აისახება ტურისტებისა და სექტორიდან შემოსავლების ზრდაზე. საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების, ცნობადობის ზრდის მიზნით, ჩვენ ვაწარმოებთ მარკეტინგულ კამპანიებს, რათა საქართველოში ტურიზმის ინდუსტრია მდგრადად და დივერსიფიცირებულად განვითარდეს, ასევე მივიღოთ მეტი შემოსავალი ტურიზმიდან და მეტ საერთაშორისო მოგზაურს ვუმასპინძლოთ,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.2024 წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ევროკავშირიდან (48.0%-ით), თურქეთიდან (22.0%-ით), აზერბაიჯანიდან (44.1%-ით) და სხვ. 2024 წლის პირველ კვარტალში 2019 წელთან შედარებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონით გამოირჩევა: ისრაელი (231.3%), საუდის არაბეთი (185.7%), ევროკავშირი (182.0%) თურქეთი (147.1%) და სხვ. აღნიშნული ქვეყნებიდან შემოსავლებმა 2019 წლის დონეს გადააჭარბა.

1714471607

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სააღდგომოდ, შიდა ფრენების მიმართულებით დამატებით ავიარეისებს ნიშნავს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 8 ავიარეისს ნიშნავს. დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 2-8 მაისის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება:2 მაისი: ნატახტარი - ამბროლაური გაფრენა -17:00 საათზე, ამბროლაური - ნატახტარი გაფრენა  -18:15 საათზე.3 მაისი: ნატახტარი - მესტია,  გაფრენა - 16:30  საათზე, მესტია - ნატახტარი გაფრენა - 18:15 საათზე.6 მაისი: ნატახტარი -ამბროლაური,  გაფრენა - 17:15 საათზე, ამბროლაური- ნატახტარი გაფრენა - 18:15 საათზე.8 მაისი: ნატახტარი - მესტია გაფრენა - 16:15 საათზე, მესტია - ნატახტარი გაფრენა 18:15 საათზე;შეგახსენებთ, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით - 90 ლარს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე 

1714464364

"ზესტაფონის ახალი გზის გახსნა ტურისტულ აქტივობას წაახალისებს" -  სასტუმრო "აისი"

თბილისიდან ბათუმში მგზავრობის ხანგრძლივობის შემცირება ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს, განსაკუთრებით კი შიდა ტურიზმს წაახალისებს. ამის შესახებ  "ბიზნესპარტნიორთან"  ბათუმში მდებარე სასტუმრო ‘’აისის“ გენერალურმა მენეჯერმა მარიკა ბოლქვაძემ ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.მისი შეფასებით, მგზავრობის ხანგრძლივობის კლება მნიშვნელოვნად გაააქტიურებს ადგილობრივ ტურისტებს და უცხოელების იმ ნაწილს, რომლებსაც ბათუმში ჩამოსასვლელად ავტომობილების დაქირავება უწევთ."გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა პირდაპირკავშირშია ტურიზმის განვითარებასთან, შესაბამისად, დიდი მოლოდინია, რომ ტურისტული ნაკადები გაიზრდება. ახალი გზის გახსნა პირველ რიგში, შიდა ტურიზმს წაახალისებს და სეგმენტის რაოდენობას გაზრდის. ცხადია, უცხოელ  ვიზიტორებზეც დადებითად იმოქმედებს. თბილისის აეროპორტიდან ბათუმში  ავტომობილით მომავალი ტურისტებისთვის გზა ნაკლებ დროში დაიფარება და ამასთან  კომფორტულად იმგზავრებენ. ჩვენს სასტუმროებში განთავსება და ასევე  საქართველოს სხვადასხვა რეგიონის დათვალიერება ამიერიდან უფრო გამარტივდება. ვფიქრობ, ახალი გზის გახსნით როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო მგზავრებისთვის ძალიან კარგი საქმე გაკეთდა და ტურიზმი ამას ყველას უკეთ იგრძნობს“, - აცხადებს მარიკა ბოლქვაძე.რაც შეეხება წლევანდელ სეზონზე სასტუმროს დატვირთულობას, "აისის" გენერალური მენეჯერის ინფორმაციით, სასტუმროს 70-80% უკვე დაჯავშნილია. აქედან ადგილობრივი ტურისტების წილი 10%-ს შეადგენს. მოთხოვნა ძირითადად ევროპული ქვეყნებიდან ფიქსირდება, მოწინავე პოზიციაზე კი პოლონეთია. ბოლქვაძის ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდშიც ზუსტად ეს მოცემულობა იყო.სასტუმრო "ასისი"  ბათუმში 2012  წლიდან ფუნქციონირებს.  სასტუმრო 4-ვარსკვლავიანია.შეგახსენებთ, რომ რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის 26 აპრილს გაიხსნა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 3 საათნახევარში იქნება შესაძლებელი და ეს ყველაფერი საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების დაცვით მოხდება.ამ დროისთვის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 276 კმ  ანუ 64% ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალის 66,1 კმ-ზე.

1714461099

2024 წლის I კვარტალში საქართველოში ტურისტული ვიზიტები 11%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 7.6%-ით  მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 48.3%  განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.მათივე ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.2 მილიონი შეადგინა, რაც 8.6%-ით  მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.2024 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 957.8 ათასს მიაღწია, რაც 9.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 938.6 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 11.0 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.საერთაშორისო ვიზიტორების 81.5 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 14.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.0 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.2024 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 187.1 ათასი, დაფიქსირდა თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 19.2%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 14.5%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (254.6 ათასი), რუსეთის ფედერაციის (215.5 ათასი) და სომხეთის (191.8 ათასი) მოქალაქეების მიერ.ვიზიტორების უმრავლესობა, 49.7 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 35.9 პროცენტს შეადგენდა.2024 წლის I კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (44.8 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 608.1 ათასი და 363.0 ათასი ვიზიტი.2024 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.5 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.0 ღამე) 8.6 პროცენტით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 81.3 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.2024 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.2 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 6.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის I კვარტალთან შედარებით 1.6 პროცენტით შემცირდა და 1 869.1 ლარი შეადგინა.

1714459649

Kass Diamond Resort-ის მშენებლობა დასრულდა, სასტუმროს გახსნას ზაფხულის ბოლოს ვგეგმავთ - KASS LAND

"წალკის კანიონში“  ახალი სასტუმრო ზაფხულის ბოლოს გაიხსნება. ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან"  KASS LAND-ის დირექტორი  ეკატერინე თორდია აცხადებს. მისი ინფორმაციით, სასტუმროს სახელწოდება იქნება Kass Diamond Resort-ი, რომლის ოპერირებასაც  KASS LAND-ი საკუთარი ბრენდის ქვეშ განახორციელებს.როგორც ცნობილია, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 20 მლნ დოლარია.  თუმცა, როგორც ეკატერინე თორდია განმარტავს, დამატებით კიდევ იგეგმება ინვესტირება ატრაქციონების მიმართულებით, თუმცა ინვესტიციის მოცულობას კომპანიის დირექტორი არ აკონკრეტებს.მისი თქმით, სასტუმროს სამშენებლო ნაწილი უკვე დასრულებულია. მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. გახსნა ზაფხულის ბოლოს იგეგმება, რისთვისაც ვადა  კლიმატური პირობებიდან გამომდინარე შეირჩა.ახალი სასტუმროს გახსნის პარალელურად იგეგმება ტერიტორიაზე დამატებითი ატრაქციების მოწყობა.რაც შეეხება ტურისტული ობიექტის მიმართ ინტერესს, ეკატერინე თორდიას ინფორმაციით, Kass Land Diamond Resort-ი გასულ წელს  100 ათასამდე ვიზიტორმა მოინახულა და მიმდინარე მინიმუმ გაორმაგებულ რაოდენობას ელოდებიან.,,ტურისტული ობიექტის მიმართ ინტერესი მუდმივად მზარდია. მარტო მარტი-აპრილის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  უკვე 30% -მდე არის გაზრდილი“, - აცხადებს KASS LAND-ის დირექტორი  ‘’ბიზნესპარტნიორთან“.მისი ინფორმაციით, ტურისტულ ობიექტს  ძირითადად სტუმრობენ რუსეთიდან, ისრაელიდან, ინდოეთიდან, ტაილანდიდან, ემირატებიდან, ირანიდან და ა.შ.რაც შეეხება ტურისტულ ნაკადებზე ისრაელის ომის გავლენას, ეკატერინე თორდიას განცხადებით, ისრაელიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა შემცირებული იყო, თუმცა აპრილიდან ტენდენცია შეიცვალა და  მათი რაოდენობა მცირედით  გაიზარდა. ცნობისთვის, წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე KASS LAND-ი ისრაელური კომპანია Kass Group-ის ინვესტიციით 2022 წლის ივნისში გაიხსნა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 120 მლნ ლარია.

1714456320

Crystal Hotel & SPA - ზაფხულის პერიოდში, სასტუმროს 95%-ი დაჯავშნილია

სასტუმრო Crystal Hotel & SPA-ში ზაფხულის პერიოდი 95%-ით დაჯავშნილია. ამის შესახებ სასტურმოს გაყიდვების მენეჯერმა გიორგი მაისურაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.მისივე თქმით, სტუმრების 95%-დან დაახლოებით, 80%-ი  უცხოელია."ჩვენი სასტუმრო ივლისი-აგვსიტო 95%-ით არის დატვირთული, ხოლო ივნისის თვე 80%-ით, თუმცა მოლოდინი გვაქვს, რომ ეს მონაცემები კიდევ გაიზრდება.  თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ზოგადად ბაკურიანის მიმართ იზრდება. უბრალოდ ჩვენ შევქმენით შესაბამისი ინფრასტრუქტურა სხვადასხვა სეგმენტისთვის და ამიტომ ჩვენს მიმართ დაინტერესება გაზრდილია. ჩვენი მომხმარებლები ბოლო პერიოდში ძირითადად უცხოელები არიან. საშუალოდ მომხმარებლების რაოდენობის  დაახლოებით, 70%-ს უცხოელები შეადგენენ. მათი მხრიდან მოთხოვნის გაზრდას პირველ რიგში ვუკავშირებ უვიზო მიმოსვლას. ასევე, საქართველო მათთვის შედარებით იაფი ქვეყანაა. გალფის ქვეყნების გარდა ტურისტები ჩამოდიან ისრაელიდანაც (ორგანიზებული ჯგუფები). ზაფხულის სეზონზე ევროპიდან და ამერიკიდან ტურისტები თითქმის არ არიან, მათი რიცხვი  დაახლოებით, 1%-ს შეადგენს. რამდენიმე წლის უკან ევროპული ჯგუფები გვყავდა, მაგრამ  დღეს სამწუხროდ აღარ არიან. ეს ტენდენცია  მთლიან საქართველოზე ვრცელდება. რაც შეეხება ადგილობრივების მხრიდან მოთხოვნას - შემცირებულია. უმთავრესად იმის გამო, რომ ბაკურიანში საცხოვრებელი კომპლექსები აშენდა და უმეტესობამ თავად იყიდ ბინა", - აცხადებს გიორგი მაისურაძე.მისივე ინფორმაციით, სასტუმროს ფასები წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა.გარდა ამისა, გიორგი მაისურაძემ აღნიშნა, რომ Crystal Hotel & SPA ფართოვდება. 5 ვარსკვლავიან სასტუმროს ზამთრის სეზონისთვის კიდევ 60 ნომერი დაემატება."მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი და ზამთრის სეზონისთვის აღნიშნული ნაწილი დამატებული იქნება. მოთხოვნის შესაბამისად განვავითარეთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, ვგეგმავთ ჩვენი ტყე-პარკის მოწესრიგებას. ასევე, დიდი ატრაქციონების განთავსება გვსურს, თუმცა არ ვიცით აღნიშნული მიმდინარე წელს  რამდენად მოესწრება. ამ დროისთვის სამუშაოები მიმდინარეობს და მაქსიმუმ მომავალ წელს დასრულდება,"-, - აღნიშნავს მაისურაძე. 

1714384920

რაჭაში მდებარე Wild Escape Racha ფართოვდება - ინვესტიცია  ₾800 000-ია

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  სოფელ თლუღში ვილა-კოტეჯი Wild Escape Racha გაფართოების პროექტზე მუშაობს. როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი გოგორიშვილი ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ობიექტს  ორი ახალი კოტეჯი და სპა დაემატება, სადაც მომხმარებლებს გამაჯანსაღებელი სერვისის მიღება შეეძლებათ. ინვესტიციის მოცულობა 800 000 ლარს  შეადგენს. ამჟამად Wild Escape Racha ორი კოტეჯით არის წარმოდგენილი და სოფელ თლუღის ბოლოში, სოჭის ტყეში მდებარეობს. როგორც გიორგი გოგორიშვილი აღნიშნავს, კოტეჯი ზამთარშიც მუშაობს, თუმცა ინფრასტრუქტურული პრობლემის გამო ნაკლებად დატვირთულია. რაც შეეხება ზაფხულის სეზონს, ტურისტული ობიექტი მომხმარებლებს უკვე იღებს, ივნისის ბოლოს კი სტუმრების გამასპინძლებას ახალ კოტეჯებში შეძლებს.კერძოდ, ეს იქნება ორი სამსართულიანი კოტეჯი საუნით, ვიზიტორებს კი რამდენიმე ახალ სერვისს შესთავაზებს, მათ შორის, სათევზაო ტურებს, გამაჯანსაღებელ პროცედურებს და სხვა, რისთვისაც ტურისტული ობიექტის დირექტორი ადგილობრივი კადრის გადამზადებას გეგმავს.ერთ-ერთი დაბრკოლება, რაც  Wild Escape Racha-ს საქმიანობაზე ნეგატიურად მოქმედებს, ინფრასტრუქტურული პრობლემაა, რომლის დიდი ნაწილიც კომპანიამ საკუთარი რესურსით მოაწესრიგა, თუმცა ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება საგზაო ინფრასტრუქტურა (კოტეჯი ხელუხლებელ ველურ გარემოში მდებარეობს) და ბუნებრივი აირის არქონა."ორი წლის წინ ავაშენეთ პირველი კოტეჯი, ვინაიდან ტერიტორია მთლიანად ტყეშია, მშენებლობის დროს არ იყო არანაირი კომუნიკაცია, შესაბამისად, მოგვიწია ყველაფრის ნულიდან კეთება. თავის დროზე ეს დიდი გამოწვევა იყო, რაც გადავლახეთ. ბუნება იგრძნობა ყველაფერში, კოტეჯის ინტერიერიც ისე მოვაწყვეთ, რომ მაქსიმალურად დიდი ვიტრაჟებია, საიდანაც ბუნების ხედები იშლება.  კოტეჯი არის სამკუთხედი კონსტრუქციის, რაშიც რაჭის მთიანი რელიეფი გავითვალისწინეთ“, - აცხადებს გიორგი გოგორიშვილი.ვილა-კოტეჯის  დამსვენებლების ნახევარზე მეტს უცხოელი ტურისტები შეადგენენ, მათ შორის ევროპიდან, საამიროებიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და სხვა.ცნობისთვის, Wild Escape Racha არის კომპანია Wild Escape Georgia-ს პროექტი, რომლის ფარგლებშიც ასევე ვილა კოტეჯი ყაზბეგში -  Escape Yazbegi ფუნქციონირებს. როგორც გოგორიშვილი აღნიშნავს, გრძელვადიან გეგმაშია გაფართოება რეგიონების მიმართულებით, სადაც დამფუძნებლები მაქსიმალურად შეეცდებიან კონკრეტული რეგიონისთვის დამახასიათებელი, ავთენტური გარემო შეიქმნას. კომპანია სააგენტო ‘’აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია.  Wild Escape Georgia -ს ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1.2 მლნ ლარს შეადგენს.

1714376308

"ზაფხულის სეზონზე ძირითადად, შიდა ტურიზმზე ვიმუშავებთ" - "პანორამა ბახმარო"

ბახმაროში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შედეგად, სასტუმრო ბიზნესის ნაწილს ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინები აქვს. როგორც სასტუმრო "პანორმა ბახმაროს"  დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი კეჭაყმაძე "ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,ზაფხულის სეზონზე ძირითადად შიდა ტურიზმზე იმუშავებს, რადგან მაისი - სექტემბრის პერიოდში კურორტს ძირითადად, ადგილობრივი დამსვენებელი სტუმრობს. საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო, 2023 წელს ადგილობრივი დამსვენებლების დიდი სიმცირე იყო, თუმცა,  გიორგი კეჭაყმაძის თქმით, წელს პრობლემა მოგვარდა. შესაბამისად, მოლოდინია, რომ მოთხოვნა  გააქტიურდება. რაც შეეხება უცხოელ ტურისტს, "პანორამა ბახმაროს" დამფუძნებლის ინფორმაციით, კურორტს ძირითადად, ზამთრის სეზონზე სტუმრობენ. გზასთან დაკავშირებული პრობლემა კი სასტუმრომ თვითონ მოაგვარა და მომხმარებელს სპეციალური ტრანსპორტი, ე.წ. თოვლმავალი შესთავაზა, რაც ზამთრის  სეზონის განმავლობაში მუშაობდა ბახმაროში.  ''პანორამა ბახმაროს" დამფუძნებელი ვარაუდობს, რომ ზაფხულის სეზონზე სასტუმრო სრულად დაიტვირთება. ზამთარში ეს მაჩვენებელი 70%-ს შეადგენდა.რაც შეეხება სერვისებს, დაწყებულია მუშაობა და დამსვენებლებს წელს პირველად საცხენოსნო ტურებს შესთავაზებენ. ამასთან, სასტუმროს სერვისს  სპა, საუნა და გარე ჯაკუზი დაემატა. საინვესტიციო ღირებულება  €20 000 -ია.საცხენოსნო ტურები ძირითადად შემეცნებითი იქნება, რომლის ფარგლებშიც დამსვენებლებს შეეძლებათ ბახმაროს ირგვლივ დაათვალიერონ საიალაღო ფერმები,  მოიარონ ტერიტორია ცხენებით და ადგილობრივ ყოფა-ცხოვრებას გაეცნონ.  ახალი სერვისი უმეტესად ევროპულ სეგმენტზეა გათვლილი. პროექტი მთლიანად ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობით განხორციელდება. თუმცა ზაფხულში მთავარი აქცენტი შიდა ტურისტებზე გაკეთდება.‘’საკმაოდ კარგ სეზონს ველოდებით, ბახმარო ძალიან პოპულარული გახდა და მომხმარებლებს უკვე ორივე სეზონზე ვიღებთ. წინასწარ თქმა გამიჭირდება, მაგრამ მოლოდინი ნამდვილად საუკეთესოა, ყველა პირობა გვაქვს იმისთვის, რომ სასტუმრო სრულად დაიტვირთოს. ზაფხულში კურორტს, უნიკალური კლიმატის გამო ადგილობრივი დამსვენებლები ძირითადად ოჯახებით, ბავშვებთან ერთად სტუმრობენ. თუმცა ტურისტებს უცხოური ქვეყნებიდანაც, განსაკუთრებით ევროპიდან ველოდებით“, - აცხადებს გიორგი კეჭაყმაძე.მისი ინფორმაციით, სერვისთან ერთად, აქცენტი კვების მიმართულებაზე კეთდება და მომხმარებლებს ნატურალური პროდუქტებით უმასპინძლდებიან.  კომპანია ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს.ცნობისთვის, ,,პანორამა ბახმარო"  2022 წლის პირველი იანვრიდან ფუნქციონირებს. სასტუმრო 29 ნომრისგან შედგება. სასტუმრო დამსვენებლებს აქტიურად მაისიდან მიიღებს.

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით