logo
Loading data...
1714562460
ამერიკის საცალო ვაჭრობის უმსხვილესი ქსელი Walmart-ი კლინიკებს ხურავს

ამერიკის შეერთებული შტატების საცალო ვაჭრობის უმსხვილესი ქსელი Walmart-ი 6 შტატში, მის საკუთრებაში არსებულ 51 სამედიცინო ცენტრს ხურავს. ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.CNN-ი წერს, რომ ბოლო წლებში Walmart-მა ჯანდაცვის სექტორში დიდ პროგრესს მიაღწია, როცა, ოთხიოდე წლის წინ, სუპერმარკეტების გვერდით კლინიკების გახსნა დაიწყო. აღნიშნულ ობიექტებში მომხმარებლებს სთავაზობენ პირველად და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, ლაბორატორიულ მომსახურებას, ფსიქოლოგიური დახმარების სერვისებს და სტომატოლოგიას.Walmart-ში მიიჩნევდნენ, რომ შეეძლოთ სოლიდური ფინანსებისა და მაღაზიების ბაზის გამოყენება, რათა სოფლისა და ისეთ დასახლებებში, სადაც ჯანმრთელობის სერვისები სათანადოდ განვითარებული არ არის, ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისები განევითარებინათ.თუმცა კომპანიის ბოლო განცხადება Walmart-ის სტრატეგიის მკვეთრ შემობრუნებაზე მიანიშნებს და შესაძლოა, ამან შედარებით მცირე შემოსავლიან და  დაზღვევის არმქონე პაციენტებს პრობლემები შეუქმნას.Walmart-მა ასევე განაცხადა, რომ აჩერებს ვირტუალური ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას.ამ კლინიკების ერთ-ერთი თავისებურება ის იყო, რომ ისინი მცირეშემოსავლიან რაიონებში იყო განთავსებული. კომპანიამ განაცხადა, რომ კლინიკების დახურვა მძიმე გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ამ პროექტს მისთვის მოგება არ მოჰქონდა მზარდი საექსპლუატაციო ხარჯების გამო.„ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ არ გვაქვს მდგრადი ბიზნეს-მოდელი, რომელსაც გავაგრძელებდით,“ - განაცხადეს კომპანიაში.„ეს განსხვავდება ისეთი პროდუქტების გაყიდვისგან, როგორიცაა კბილის პასტა ან საუზმის ფანტელები, და სხვა გამოცდილებასა და მართვას მოითხოვს,“ - განაცხადა ჯანდაცვის სპეციალისტმა რობერტ ფილდმა.  ექსპერტების განცხადებით, Walmart-ის კლინიკების დახურვა ასახავს პრობლემებს, რომელთა წინაშეც ამერიკის პირველადი სამედიცინო დახმარების სისტემა დგას. კერძოდ, შტატების სამედიცინო კოლეჯების ასოციაციის მონაცემებით, მომდევნო 10-წლეულში ამ სფეროში 55 ათასი თანამშრომლის დეფიციტი შეიქმნება.Walmart-მა კლინიკები იმ ადამიანებისთვის შექმნა, რომლებსაც სამედიცინო დაზღვევა არ აქვთ, ან მაღალი ფრანშიზის გამო, მკურნალობაზე დიდი თანხების გადახდა უწევდათ.Walmart-ს 4600 აფთიაქი და 3 ათასზე მეტი ოპტიკური ცენტრიც აქვთ, რომლებსაც კომპანია არ ხურავს და მათ განვითარებას განაგრძობს. jandacva.ge 

1713794400

თურქეთი სამედიცინო ტურიზმის ერთ-ერთი სამიზნე ქვეყნად საქართველოს ასახელებს

თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის განცხადებით, გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართულებით თურქეთს შერჩეული აქვს 29 სამიზნე ქვეყანა, რომელთა შორის საქართველოცაა. თურქეთი იმ ქვეყნების ათეულშია, რომლებსაც ყველაზე ბევრი უცხოელი პაციენტი ჰყავთ. ინფორმაციას გამოცემა dailysabah.com ავრცელებს.ქვეყნის ტირუსტული სააგენტოების ასოციაციის განცხადებით, თურქეთში სამედიცინო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი იზრდება. ასოციაციაში განმარტავენ, რომ მსოფლიოში გამაჯანსაღებელი ტურიზმი სამ მიმართულებად იყოფა - სამედიცინო, თერმული და ტურიზმი შშმ ხანდაზმული პირებისთვის.ასოციაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ თურქეთში იზრდება საავადმყოფოების, სამედიცინო ცენტრებისა და მედპერსონალის, ასევე იმ ტურისტული სააგენტოების რაოდენობა, რომლებიც აქტიურ როლს ასრულებენ გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარებაში.ასოციაცია ახორციელებს პროექტს „ტურიზმის საუკუნე,“ რომლის მიზანიც თურქეთში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მიზიდვაა.ასოციაცია აცხადებს, რომ გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართულებით თურქეთს შერჩეული აქვს 29 სამიზნე ქვეყანა, რომელთა შორის საქართველოც შედის. საქართველოს გარდა, ეს ქვეყნებია დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ბულგარეთი, სერბეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ავღანეთი, მაროკო, სუდანი, სენეგალი და სხვა.ორგანიზაციის მონაცემებით, 2019 წელს გამაჯანსაღებელი ტურიზმიდან ქვეყანამ 1,49 მილიარდი დოლარი მიიღო, 2023 წელს კი 2,3 მილიარდი.მათივე მონაცემებით, თურქეთში პაციენტები ძირითადად, ისეთი სერვისების მისაღებად ჩადიან, როგორიცაა გინეკოლოგია, ოფთალმოლოგია, სტომატოლოგია, ტრავმატოლოგია და სხვა. გარდა ამისა, თურქეთი ავითარებს ესთეტიკურ და თმის ტრანსპლანტაციის მიმართულებებსასოციაციაში აცხადებენ, რომ სამედიცინო და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარების მიზნით ჩასული ტურისტები ქვეყანაში ხანგრძლივი დროით ჩერდებიან და, შესაბამისად, ტურიზმის სხვა მიმართულებებიც იღებენ მათგან შემოსავალს.jandacva.ge 

1713768151

"მედიქალ ვორლდის ლაბორატორიამ", გენეტიკურ კვლევებზე, ბათუმში კონფერენცია ჩაატარა

გენეტიკური დაავადებების თანამედროვე მიდგომებით დიაგნოსტირება ერთ–ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო სამედიცინო კონფერენციაზე, რომელიც სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ ჩატარდა.კონფერენცია თემაზე – „გენეტიკური კვლევები პერსონალიზებულ მედიცინაში“ „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას 100–მდე ქართველი ექიმი დაესწრო.მომხსენებლები იყვნენ „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიისა“ და ანკარის ერთ–ერთი წამყვანი ლაბორატორია „ინტერგენის“ ექიმი გენეტიკოსები. „ცნობილია, რომ ონკოლოგიურ დაავადებებს ადრეულ სტადიაზე სიმპტომები და ნიშნები არ გააჩნია, ამიტომ, მნიშვნელოვანია, კონკრეტული გენეტიკური კვლევები, რათა დროულად იყოს აღმოჩენილი სხვადასხვა გენური მუტაცია. ეს კი ექიმებს პერსონალიზებული მკურნალობის შერჩევაში ეხმარება“, – განაცხადა „მედიქალ ვორლდის“ ჰოლდინგის დამფუძნებელმა, ლევან ქობალიამ.აღსანიშნავია, რომ „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ საქართველოში 2017 წელს დაფუძნდა. კომპანიამ 2020 წელს ბათუმის ფილიალი გახსნა, რომელიც დღემდე წარმატებით ოპერირებს. „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ უმაღლესი ხარისხის, მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ავტომატიზებული ანალიზატორებითა და რეაგენტებითაა აღჭურვილი. ამასთან, კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რაც უზრუნველყოფს ანალიზების სიზუსტესა და ხარისხს.„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ საქართველოში ერთ–ერთი დიდი ქსელური ლაბორატორიაა. კომპანიის ფილიალები ქვეყნის 14 ქალაქშია წარმოდგენილი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას 1000-ზე მეტი დასახელების კვლევის ჩატარება შეუძლია. მათ შორის, გენეტიკური და ონკოლოგიური კვლევების, რისთვისაც ნიმუშები თურქეთისა და გერმანიის პარტნიორ ლაბორატორიებში იგზავნება.შეგახსენებთ, „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ „მედიქალ ვორლდის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2003 წლიდან ოპერირებს და ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო, სპა და ველნეს აპარატურის იმპორტს ახორციელებს. ასევე ჰოლდინგის შვილობილია კერძო სასწრაფო სამედიცინო დახმარების კომპანია „მედ11“.

1713448800

ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის საშუალო ღირებულება 38 ლარია - ექსპერტები სავალდებულო მინიმალური პაკეტის ამოქმედებას ითხოვენ

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის მონაცემების თანახმად, სამედიცინო დაზღვევის პოლისის საშუალო თვიური ღირებულება ერთ წელიწადში 10-12%-ით გაძვირდა და 37,88 ლარი შეადგინა.ბუნებრივია, ამ ღირებულების სადაზღვევო პაკეტი სერვისების სათანადო სპექტრს ვერ დაფარავს. მომხმარებელთა მოთხოვნები და სამედიცინო ინფლაცია კი მუდმივად იზრდება. ამიტომ, სპეციალისტების დიდი ნაწილი წლებია ითხოვს მინიმალური სავალდებულო პაკეტის შემოღებას.ამ ექსპერტებს შორისაა სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელი არჩილ მორჩილაძე, რომელიც  jandacva.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ არსებობს პაკეტები, რომელთა ღირებულებაც 20 ლარია. ეს კი ხარისხიან დაზღვევას ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ, მორჩილაძის განმარტებით, უნდა იქნას შემოღებული პოლისის მინიმალური პირობები, თუმცა ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს ამ პოლისის სავალდებულოობა. პაკეტის დაფარვები მოქალაქეების შემოსავლებსა და სხვადასხვა ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. ამასთან, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, გააუმჯობესონ მინიმალური პაკეტის პირობები.„ცვლილებები მიღებული უნდა იქნას არა რომელიმე ექსპერტის დაჟინებული ფიქრის შედეგად, არამედ იმ სქემების მიხედვით, რომლებიც დიდი ხანია არსებობს ევროპაში. გაეცნონ, როგორი სქემებია ევროპაში. თუ ევროკავშირში შესვლა გვსურს, ჯანმრთელობის დაზღვევაც ევროპული სქემების მიხედვით უნდა ავაწყოთ, ესაა კარგად გამოცდილი პრაქტიკა, ამიტომ თუკი მოქალაქეებს კარგად აუხსნიან ამ სქემების სიკეთეებს, გახსნიან დისკუსიას, ამ ცვლილებას არანაირი პრობლემები არ მოჰყვება. გადაწყვეტილების მიმღებნი უნდა გაეცნონ ევროპულ სქემებს და შემოიღონ ისეთი მოდელი, რაც ამ ეტაპზე მისაღები იქნება არსებული კომპანიებიდან გამომდინარე, რომლებსაც სამედიცინო დაზღვევაში ძალიან კარგი გამოცდილება აქვთ,“ - განაცხადა მორჩილაძემ.jandacva.ge

1713345412

დადგენილება ონკოლოგიური მედიკამენტების ულიმიტო დაფინანსების შესახებ ძალაში შევიდა

დადგენილება, რომლითაც ონკოპაციენტებისთვის, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტებზე წვდომა ულიმიტოდ ხდება შესაძლებელი, საკანონმდებლო მაცნეზე დღეს გამოქვეყნდა და უკვე ძალაშია.პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი, მთავრობის დადგენილება გულისხმობს ცვლილებების შეტანას „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში.საუბარია ცვლილებაზე, რომლის ამოქმედებასაც ონკოპაციენტების ნაწილი თვეების განმავლობაში ითხოვდა. კერძოდ, მათი მოთხოვნა იყო, თითო პაციენტის მკურნალობაზე გამოყოფილი წლიური 25 ათასლარიანი ლიმიტი მოხსნილიყო და სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების დაფინანსება ულიმიტო გამხდარიყო. ამ მოთხოვნის მიზეზი არის ის, რომ აღნიშნულ თანხაში შედიოდა როგორც მკურნალობის პროცესი და კვლევები, ისე მედიკამენტები. თუმცა პაციენტების ნაწილისთვის, სიმსივნის სახეობიდან გამომდინარე, ძვირადღირებული მედიკამენტები იყო საჭირო, რასაც 25 ათასლარიანი ლიმიტი არ ჰყოფნიდა.ცვლილების ამოქმედება ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე კვირის წინ დააანონსა.მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მედიკამენტებზე ფინანსური ლიმიტი იხსნება.კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში  ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული მედიკამენტები სრულად დაფინანსდება, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული წამლების ღირებულება ონკოპაციენტის მკურნალობისთვის გამოყოფილ წლიურ 25 000 ლარიან ლიმიტს არ გამოაკლდება და ცალკე პროგრამით, ულიმიტოდ დაფინანსდება. 25 ათას ლარს კი პაციენტები სხვადასხვა პროცედურისთვის მოიხმარენ - მათ შორისაა გამოკვლევები, პროცედურები, სხივური თერაპია. ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებსაც ამ დროისთვის 25 000-ლარიანი ლიმიტი ამოწურული აქვთ.აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს ნებისმიერ ონკოპაციენტს, მიუხედავად მათი შემოსავლისა და კერძო დაზღვევის ქონისა.jandacva.ge

1713279600

"ბევრი ქვეყანა ვერ იტრაბახებს ასეთი პროგრამით" - ვის უფინანსებს სახელმწიფო ინსულტის შემდგომ რეაბილიტაციას

"ბევრი ქვეყანა ვერ იტრაბახებს ისეთი კარგი და ინტენსიური სარეაბილიტაციო პროგრამით, როგორიც საქართველოს აქვს", - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, კენ ვოკლერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა რადიოგადაცემაში „ჯანმრთელობის ლაბორატორია“ განაცხადა.მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ინსულტის, თავის ტვინის და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების შემდგომი მდგომარეობების სარეაბილიტაციო პროგრამა 2023 წლიდან ამოქმედდა და ის ძალიან წარმატებით მუშაობს.„პროგრამა 2023 წლდან ამუშავდა და ბევრი ქვეყანა ვერ იტრაბახებს ასეთ კარგი, ინტენსიური სარეაბილიტაციო პროგრამებით, რომლებიც რიგ შემთხვევაში 100, ზოგ შემთხვევაში კი 80 ან 90%-ით ფინანსდება,“ - განაცხადა ირაკლი ნატროშვილმა.შეგახსენებთ იმ კრიტერიუმებს, რომლებსაც პროგრამით სარგებლობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს: დიაგნოზის ხანდაზმულობა არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს.100%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ:„სოციალურად დაუცველი ოჯხების მონაცემთა ერთიან ბაზაში „ რეგისტრირებული  პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს;2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახის წევრებიოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ოჯახები, გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები პირები.ჯანდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააღმზრდელო საქმიანობის განსახორციელებელი დაწესებულებების, დედათა და ბავშვთა თავშესაფრებისა და სათემო ორგანიზაციების ბენეფიციარები.ზრუნვის სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში მცხოვრები ბენეფიციარები; მასწავლებლები; სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და რუსთაველის პრემიის ლაურეატები;ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში რეგისტრირებული ვეტერანები.90%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ:საპენსიო ასაკის სახელმწიფო პენსიის მიმღები პირები (ქალი-60წლიდან , მამაკაცი 65 წლიდან )80%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ:შშმ სტატუსის მქონე პირებისტუდენტები (მათ შორის, პროფესიული სტუდენტები)jandacva.ge

1713258420

5 ევროს ჯარიმა კლინიკაში გამოუცხადებლობის გამო - საფრანგეთი ჯანდაცვის სისტემის პრობლემებს ებრძვის

საფრანგეთში იგეგმება ახალი კანონის მიღება, რომლის მიხედვითაც, თუ ექიმთან ვიზიტზე ჩაწერილი პაციენტი კონსულტაციაზე არ გამოცხადდება და ამის შესახებ სამედიცინო დაწესებულებას წინასწარ არ გააფრთხილებს, ის 5 ევროთი დაჯარიმდება. ჯარიმას ის იმ შემთხვევაში აირიდებს, თუ დაადასტურებს, რომ გაცდენის მიზეზი საპატიოა. მთავრობა გეგმავს, რომ ამ ზომის შედეგად სხვა პაციენტებისთვის წელიწადში 15-დან 20 მილიონამდე მიღება გამოთავისუფლდება.დაგეგმილ რეფორმას უკვე მოჰყვა კრიტიკა. პაციენტების ასოციაციის პრეზიდენტის ჟერარ რაიმონის თქმით, ეს კანონი მიმართულია არა პაციენტებში პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებისკენ, არამედ იმისკენ, რომ მათ თავი დამნაშავედ იგრძნონ.ესაა ერთ-ერთი ნაბიჯი, რომლითაც საფრანგეთის ხელისუფლება ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარებას ცდილობს. ამ პრობლემებს შორისაა „სამედიცინო უდაბნოები“ - მცირე ქალაქები და სოფლები, სადაც ექიმებისა და სამედიცინო სერვისების დეფიციტია. ამასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შეეცდება იმ სტუდენტების რიცხვის გაზრდას, რომლებიც რთულ სამედიცინო მომზადებას გადიან.მედიცინა საფრანგეთში ერთ-ერთ ყველაზე რთულ საუნივერსიტეტო საფეხურად მიიჩნევა და სტუდენტთა მესამედი სწავლას თავს პირველივე წლის ბოლოს ანებებს. jandacva.ge

1713179831

"ეკონომიკაში "ბიოქიმფარმის" კონტრიბუციამ, ღვინის ექსპორტის მესამედი ან ნახევარი უნდა შეადგინოს"

ფაგების მწარმოებელი კომპანიის „ბიოქიმფარმის“ კონტრიბუციამ საქართველოს ეკონომიკაში, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, უნდა შეადგინოს იმის მესამედი ან ნახევარი, რასაც ღვინის ექსპორტი განახორციელებს, - ამის შესახებ ფაგების მწარმოებელი კომპანიის „ბიოქიმფარმის“ მენეჯერმა რატი ღოლიჯაშვილმა  გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2“ საუბრისას განაცხადა.მისი თქმით, ამ ეტაპზე „ბიოქიმფარმის“ პროდუქცია  8 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 3-5 წელიწადში ეს რაოდენობა 80-მდე უნდა გაიზარდოს.ღოლიჯაშვილის თქმით, საწარმოს ყოველწლიურად შეუძლია აწარმოოს  უნიკალური ქართული ფაგების 30 მილიონი ფლაკონი პრეპარატი. jandacva.ge

1712845323

„ვითარება საგრძნობლად შეიცვალა“ - დავით ონოფრიშვილი სამოგზაურო დაზღვევის პირობების ცვლილებაზე

სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტის მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შემდეგ, ვითარება საგრძნობლად შეიცვალა და ცვლილებების ამოქმედებიდან სამ თვეში, პოლისების 99% ახალი მოთხოვნებით იყიდება.ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც 2023 წლის სადაზღვევო ბაზრის შედეგები შეაჯამა.„როცა ეს ბაზარი გამოვიკვლიეთ აღმოჩნდა, რომ ბოლომდე ადეკვატური არ იყო შეთავაზებები, ამიტომ სერიოზული ცვლილებები განხორციელდა. ეს ცვლილებები 15 იანვრიდან ამოქმედდა და შედეგები უკვე გვაქვს. კომპანიებმა პოლისებში ეს ცვლილებები შეიტანეს. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ამ სამ თვეში, რეალიზება მოხდა და პოლისების 99% ახალი მოთხოვნებით იყიდება,“ - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.შეგახსენებთ: 15 იანვრიდან ძალაში შევიდა სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტის მინიმალური მოთხოვნები, რომელთა მიხედვით, გაიზარდა დაზღვევის მომსახურების ლიმიტები. კერძოდ:თუ სამოგზაურო დაზღვევის ჯამური ლიმიტი ტოლია ან აღემატება 30,000 ევროს/აშშ დოლარს,გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ლიმიტი, უნდა განისაზღვროს არანაკლებ 5 000 ევროსი/აშშ დოლარისა. მანამდე ძირითადად ლიმიტი იყო 1000 – 2000 ევრო/დოლარი.გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურების ლიმიტი კი უნდა იყოს არანაკლებ 30,000 ევროსი/აშშ დოლარისა, მანამდე დადგენილი იყო დღიური ლიმიტი, 150-1000-მდე; უმეტესად 400 ევრო/აშშ დოლარი.ამასთან, გადაუდებელი ქირურგიული მომსახურება უნდა იყოს ჯამური ლიმიტის ტოლი, (დადგენილი იყო დღიური ლიმიტი: 150 და 400).თუ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯი იანგარიშება დღიურად, ანაზღაურებას უნდა დაექვემდებაროს, სადაზღვევო პერიოდის დასრულებიდან არანაკლებ 15 დღის ხარჯი.მანამდე ძირითადად შემთხვევებში, ანაზღაურება სრულდებოდა მხოლოდ სადაზღვევო პერიოდთან ერთად.რეგულაციები ამოქმედებისთანავე შეაფასა სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტმა - დევი ხეჩინაშვილის თქმით, ცვლილების შემდეგ სამოგზაურო დაზღვევის პაკეტები შესაძლოა, გაძვირდეს, თუმცა ადამიანისთვის, რომელიც უცხოეთში მიდის სამოგზაუროდ, ეს არ იქნება მნიშვნელოვანი გაძვირება იმ გაზრდილ დაცულობასთან შედარებით, რასაც ის მიიღებს.jandacva.ge

1712671200

2032 წლისთვის სამედიცინო ტურიზმის მსოფლიო ბაზარი $35.9 მლრდ-ს მიაღწევს

კონსალტინგური კომპანიის Market.us-ის მონაცემებით, 2032 წლისთვის სამედიცინო ტურიზმის მსოფლიო ბაზარი 35,9 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწევს. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 11,7 მილიარდი იყო. შესაბამისად, ზრდის ყოველწლიური ტემპი  უახლოეს წლებში 12,2% იქნება.მკვლევარები აცხადებრნ, რომ თანამედროვე სამედიცინო ბაზარზე აუცილებელია მოქნილი მიდგომები, ასევე ინოვაციური და ოპერატიული რეაგირება მოთხოვნაზე.ამასთან, სხვადასხვა სახელმწიფოს მთავრობები ქმნიან საკანონმდებლო ბაზებს, რომლებიც მიმართულია უსაფრთხოების ნორმების და ხარისხის დაცვისკენ და რომლებიც სულ უფრო მკაცრდება. ამ რეგულაციების მიზანია მომხმარებელთა მხრიდან ნდობის გამყარება და კონკურენტუნარიანობის გაზრდა.ამიტომ სექტორს უნდა ჰქონდეს უნარი, მოახდინოს ადაპტაცია და ორიენტაცია რთულ ნორმატიულ გარემოსთან და უპასუხოს უმაღლეს საოპერაციო სტანდარტებს.აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ტურიზმში ჩართულ სერვისის მიმწოდებლებს შორის უმეტესობა კერძო კლინიკებია.jandacva.ge

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით