გეოპოლიტიკური დაძაბულობა, აშშ-ის სავაჭრო ზეწოლა და მდიდარ ბაზრებზე მზარდი ორიენტაცია ღარიბ ქვეყნებში მედიკამენტებზე წვდომის გაუმჯობესების კუთხით მიღწეულ პროგრესს საფრთხეს უქმნის. ამ საკითხს ეხება შვეიცარიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე swissinfo.ch-ზე გამოქვეყნებული სტატია, რომლის თანახმადაც, შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანიები — Novartis და Roche — იმ მცირერიცხოვან გლობალურ ფარმაცევტულ გიგანტებს შორის არიან, რომლებიც ჯერ კიდევ ახორციელებენ ინვესტიციებს ღარიბ ქვეყნებში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.
თუმცა ამ ტენდენციას საფრთხე ემუქრება.
გამოცემას მოჰყავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები, რომელთა თანახმად, მსოფლიოში დაახლოებით 2 მილიარდ ადამიანს არ აქვს წვდომა აუცილებელ მედიკამენტებზე. მათი უმრავლესობა დაბალი და საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ცხოვრობს.
უკვე ორ ათწლეულზე მეტია, რაც ნიდერლანდებში დაფუძნებული ორგანიზაცია Access to Medicine Foundation მსოფლიოს 20 უმსხვილეს ფარმაცევტულ კომპანიას მოუწოდებს, უზრუნველყონ ღარიბი მოსახლეობისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობა.
თუმცა ბევრი კომპანია დაბალშემოსავლიან ქვეყნებში საკუთარ პრეპარატებს საერთოდ არ უშვებს. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მედიკამენტები ხელმისაწვდომი ხდება, მათი ფასი ხშირად მოსახლეობისთვის მიუწვდომელია, ან ადგილობრივ ჯანდაცვის სისტემებს არ აქვთ მათი გამოყენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ინდექსის მეათე გამოცემა აჩვენებს, რომ ეს მიდგომა ფარმაცევტული კომპანიების საქმიანობაში უფრო მნიშვნელოვანი გახდა და უკვე მათი ბიზნესსტრატეგიის ნაწილად განიხილება.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ჯაიასრი აიერის შეფასებით, წარსულში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა კომპანიებისთვის მხოლოდ დამატებითი, კეთილი ნების საფუძველზე განხორციელებული საქმიანობა იყო. დღეს კი ეს საკითხი უკვე კომპანიის ხელმძღვანელობისა და ბიზნესგეგმების დღის წესრიგში დგას.
მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები სულ უფრო ხშირად ითვალისწინებენ მედიკამენტებზე გლობალურ ხელმისაწვდომობას როგორც კვლევისა და განვითარების, ისე მიწოდების დაგეგმვის ეტაპზე.
ინდექსის თანახმად, განვითარების ბოლო ეტაპზე მყოფი მედიკამენტების კანდიდატების 68%-ს უკვე აქვს ე.წ. ხელმისაწვდომობის გეგმა. 2018 წელს ეს მაჩვენებელი სამჯერ ნაკლები იყო.
ამასთან, მიუხედავად მიღწეული შედეგებისა, ანგარიშის მიხედვით, ფარმაცევტული ინდუსტრიის პროგრესი გარკვეულწილად შეჩერდა.
მთავარი პრობლემა ის არის, რომ კომპანიების გეგმები ყოველთვის რეალურ შედეგებში არ აისახება. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და იმ პაციენტების რაოდენობის რეალური ზრდა, რომლებსაც მკურნალობის მიღება შეუძლიათ, ნელი ტემპით მიმდინარეობს.
ვითარებას ართულებს ნაციონალისტური პოლიტიკა, რომელიც კომპანიებს საკუთარი ქვეყნების ბაზრებზე კონცენტრირებისკენ უბიძგებს; ასევე საერთაშორისო დახმარების ბიუჯეტების შემცირება, იშვიათი დაავადებების კვლევისთვის დაფინანსების შემცირება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობის მიწოდებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის არასაკმარისი დაფინანსება.
აიერის თქმით, მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი რესურსები მიმართონ პრიორიტეტული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაზე, თუმცა ბოლო წლებში ახალი მედიკამენტების კანდიდატების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
მისი აზრით, ინდუსტრია უნდა დაფიქრდეს, ქმნის თუ არა რეალურად იმ მედიკამენტებს, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე მეტად სჭირდება.
მაგალითად, დენგეს ცხელებისა და სხვა ტროპიკული დაავადებების წინააღმდეგ ახალი პრეპარატების შემუშავების პროექტების რაოდენობა 2018 წლის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით მესამედამდე შემცირდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადებები ღარიბ ქვეყნებში სულ უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს, კომპანიების კლინიკური განვითარების ეტაპზე მყოფი პროექტების მხოლოდ 23% არის მათკენ მიმართული.
COVID-19-ის პანდემიამდეც კი ბევრი კომპანია თანდათან უარს ამბობდა ინფექციური დაავადებების კვლევაზე და ინვესტიციებს უფრო მომგებიან სფეროებში, მაგალითად ონკოლოგიაში, მიმართავდა.
ამ ტენდენციას კიდევ უფრო აძლიერებს სიმსუქნის სამკურნალო პრეპარატების მზარდი პოპულარობა და მოთხოვნა.
ასეთი მედიკამენტები განსაკუთრებით მიმზიდველია კომპანიებისთვის, რადგან მათი მთავარი მომხმარებლები მაღალშემოსავლიან ბაზრებზე ცხოვრობენ და მკურნალობის საფასურის გადახდის შესაძლებლობა აქვთ.
თუმცა გამონაკლისებიც არსებობს.
Novartis კვლავ მუშაობს მალარიის, კეთრისა და ჩაგასის დაავადების საწინააღმდეგო მედიკამენტებზე — დაავადებებზე, რომლებიც ძირითადად განვითარებად ქვეყნებშია გავრცელებული.
უკვე ბაზარზე არსებული მედიკამენტების შემთხვევაშიც კი, მათი მაღალი ფასი კვლავ მთავარ პრობლემად რჩება.
დაბალი და საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში მოსახლეობის 90%-მდე მედიკამენტებს საკუთარი ჯიბიდან იხდის.

შედეგად, ყოველწლიურად მილიარდობით ადამიანი ჯანდაცვის მომსახურების საფასურის გადახდის გამო ფინანსურ სირთულეებს განიცდის.
ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალია მედიკამენტების წარმოების ლიცენზიების გენერიკული პრეპარატების მწარმოებლებისთვის გადაცემა. ეს საშუალებას იძლევა, იგივე მოქმედი ნივთიერების შემცველი მედიკამენტები უფრო დაბალ ფასად დამზადდეს.
ამის მაგალითია Roche-ის გადაწყვეტილება: მაისში კომპანიამ Medicines Patent Pool-თან (MPP) ნებაყოფლობითი სალიცენზიო შეთანხმება გააფორმა, რომლის მიზანია გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ Xofluza-ზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
შეთანხმების შედეგად მოსალოდნელია, რომ პრეპარატის ფასი დაახლოებით 129 ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდება.
თუმცა კიბოსა და სხვა არაგადამდები დაავადებების საწინააღმდეგო ძვირადღირებული პრეპარატების მწარმოებლები მსგავსი ლიცენზიების გაცემას ნაკლებად თანხმდებიან.
ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ მიიჩნევს, რომ კომპანიების ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებები საკმარისი არ არის სამართლიანი და ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველსაყოფად. პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ. ფარმაცევტული კომპანიები სულ უფრო მეტად ცდილობენ საკუთარი უმსხვილესი ბაზრის — აშშ-ის — შენარჩუნებასა და გაძლიერებას.
როგორც გამოცემა წერს, სავაჭრო პირობების გაუმჯობესების სანაცვლოდ, ფარმაცევტულმა კომპანიებმა აშშ-ში 500 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების პირობა დადეს.
ექსპერტების შეფასებით, ფარმაცევტული ინდუსტრია გარდამტეხ მომენტში იმყოფება.
კომპანიებმა უნდა გადაწყვიტონ, სად ხედავენ საკუთარ მომავალს: განვითარებად ქვეყნებში, სადაც მოთხოვნა იზრდება და ახალი ბაზრების ათვისების შესაძლებლობა არსებობს თუ ტრადიციულ, მდიდარ ბაზრებზე, რომლებიც წლების განმავლობაში მათი ბიზნესის ძირითად შემოსავალს უზრუნველყოფდა.
ეს არჩევანი განსაზღვრავს, რამდენად შეძლებს ფარმაცევტული ინდუსტრია მსოფლიოს ყველაზე ღარიბი მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებას.
jandacva.ge