„შატო მუხრანში“ წინა წლებთან შედარებით მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 20%-ით გაიზარდა. სტუმრების 35% უცხოელია, დანარჩენი კი ადგილობრივი მომხმარებელი.
როგორც „შატო მუხრანის“ სტუმარმასპინძლობის მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი ხარატიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, კომპანიის შეთავაზებები როგორც უცხოელი ღონისძიების ორგანიზატორების, ისე ადგილობრივი მომხმარებლების დიდ ინტერესს იწვევს.
„შატო მუხრანში“ წინა წლებთან შედარებით მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 20%-ით გაიზარდა. ღონისძიებების, რესტორნისა და ტურისტული ბიზნესის დატვირთვის მიხედვით, სტუმრების 35% უცხოელია, დანარჩენი კი ადგილობრივი მომხმარებელი. სტუმარმასპინძლობისთვის 30 ჰექტარი გვაქვს დათმობილი. მათ შორისაა ორანჟერეა, რომელიც 500-მდე ადამიანს იტევს და სადაც ღონისძიებების გამართვაა შესაძლებელი. ასევე, გვაქვს სხვადასხვა სივრცეები, სადაც მაღალი დონის ღონისძიებების ჩატარებაა შესაძლებელი. ფაქტობრივად, ნებისმიერი გარე სივრცე, იქნება ეს ტყე-პარკი თუ სხვა ტერიტორია, ღონისძიებებისთვის შეიძლება გამოვიყენოთ. ასეთი უნიკალური კომბინაცია ბევრ სხვა ადგილს არ აქვს. გვაქვს მრავალფეროვანი და გამორჩეული შეთავაზებები, რაც დიდ ინტერესს იწვევს როგორც უცხოელი ღონისძიების ორგანიზატორების, ისე ადგილობრივი მომხმარებლების მხრიდან“, – განაცხადა გიორგი ხარატიშვილმა.
მისი თქმით, „შატო მუხრანს“ ყოველწლიურად, ჯამში 35 000-მდე სტუმარი სტუმრობს.
„წლიდან წლამდე ეს მაჩვენებელი მერყეობს და 30 000-დან 35 000-მდეა. მომხმარებელთა შორის დიდი წილი ქართველებზე მოდის. ასევე გვყავს სტუმრები დსთ-ისა და ევროპის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან და ინდოეთიდან. ტურისტებისთვის „შატო მუხრანი“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სანახავი ადგილია. ჩვენი პარტნიორებისთვისაც, რომლებიც ტურისტულ ან ღვინის კომპანიებში არიან დასაქმებული, „შატო მუხრანი“ ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტია, რომლის საშუალებითაც ტურისტები ჩვენთან ჩამოჰყავთ“, – აღნიშნა გიორგი ხარატიშვილმა.
მისივე განმარტებით, კომპანიის საქმიანობა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს – ღვინის ბიზნესსა და ღონისძიებების ორგანიზებას.
„ერთი მიმართულებაა ღვინის ბიზნესი, რომელიც როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზეა ორიენტირებული, მეორე კი ღონისძიებების მომსახურებაა. ჩემს მიმართულებაში 60% ღონისძიებების მომსახურებაზე მოდის, 12% – პირდაპირ გასტროტურიზმზე, ხოლო 28% – ღვინის ტურიზმზე, რომელიც მოიცავს დეგუსტაციებს, ტურებსა და ტურისტულ სააგენტოებთან კომუნიკაციას. ვცდილობთ, სამივე მიმართულება განვავითაროთ, საკუთარი ნიშა შევინარჩუნოთ და წლების განმავლობაში მოპოვებულ რეპუტაციას გავუფრთხილდეთ“, – განაცხადა გიორგი ხარატიშვილმა.
მისი თქმით, „შატო მუხრანი“ აქტიურად მონაწილეობს მსოფლიოს მასშტაბით გამართულ წამყვან გამოფენებსა და ტურიზმის სფეროს ღონისძიებებში.
გიორგი ხარატიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „შატო მუხრანის“ საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი პრემიუმ სეგმენტს უკავია.
შატო მუხრანი (Château Mukhrani) პირველი ქართული შატოa, რომელიც სოფელ მუხრანში მდებარეობს. იგი წარმოადგენს უნიკალურ ისტორიულ მამულს, რომელიც აერთიანებს მე-19 საუკუნის ნეოკლასიკურ სამეფო სასახლეს, ორგანულ ვენახებს, მიწისქვეშა გვირაბებსა და უმაღლესი კლასის თანამედროვე ღვინის ქარხანას. მამულის ისტორია უკავშირდება ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელს, ივანე მუხრანბატონს, რომელმაც 1870-იან წლებში საფრანგეთში მოგზაურობის შემდეგ გადაწყვიტა საქართველოში შატოს კონცეფციისა და ევროპული მეღვინეობის ტრადიციების დანერგვა.