logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"გურია ფიშ ფარმინგმა" თევზის ექსპორტი სომხეთში დაიწყო

„გურია ფიშ ფარმინგმა“ თევზის ექსპორტი სომხეთში დაიწყო, სამომავლოდ კი აზერბაიჯანის ბაზარზე შესვლასაც გეგმავს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი ჩხაიძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, საწვავის გაძვირებამ თევზის თვითღირებულებასა და ფასებზე გავლენა მოახდინა, თუმცა ადგილობრივი პროდუქტის გაძვირება იმპორტირებულთან შედარებით ნაკლებია.

„საწვავი გაძვირდა, რაც ფასზეც აისახება. იმპორტირებული თევზი ადგილობრივთან შედარებით 20-30%-ით უფრო გაძვირდა, ჩვენი პროდუქტის ფასი კი მაქსიმუმ 5-7%-ით გაიზარდა. ჩვენი თევზი 72 ლარი ღირს, ნორვეგიიდან იმპორტირებული კი – 115 ლარი. მაქსიმალურად ვცდილობთ, ღირებულება არ გავზარდოთ. ბაზარზე მოთხოვნა არის, თუმცა კონკურენციის საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან რეალურად იმპორტირებულ თევზს ვანაცვლებთ.

ჩვენი გაყიდვები დაახლოებით 50%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, პირველად დავიწყეთ ექსპორტი სომხეთში. დაახლოებით თვე ნახევრის განმავლობაში სტაბილური მიწოდება გვქონდა. მიმდინარე თვეში რაოდენობრივი შეზღუდვა თავად ჩვენ გვქონდა, თუმცა დეკემბრიდან მიწოდება კვლავ განახლდება. ინიციატივა სომეხი იმპორტიორებისგან წამოვიდა. მათი მოთხოვნის დაახლოებით 50% დავაკმაყოფილეთ და ვფიქრობთ, რომ იანვრიდან მოთხოვნას სრულად დავაკმაყოფილებთ.

ამის შემდეგ აზერბაიჯანში ვიზიტს და ბაზრის შესწავლას ვგეგმავთ. ემიგრანტებთანაც გვქონდა მოლაპარაკებები, თუმცა რეგიონში დაძაბულმა ვითარებამ ხელი შეგვიშალა. დაინტერესებულები იყვნენ, რომ ვინაიდან „კარფურს“ ვაწვდიდით პროდუქციას, დუბაიშიც განგვეხორციელებინა ექსპორტი. ამ ეტაპზე ძირითადად „კარფურში“ ვართ წარმოდგენილი და რესტორნებსაც ვამარაგებთ“, – განაცხადა გიორგი ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, კომპანია „გურია ფიშ ფარმინგი" გრიგოლეთში მდებარეობს. პროექტის ღირებულება 8,5 მლნ ლარია, საიდანაც 5 მლნ ლარი დაფინანსებულია პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში. პროექტი გათვლილია 5 წელზე და კომპანიის მენეჯმენტი ჯამში 200 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს. 

გამოგვყევით