“როცა დროულად ვერ ხდება რეაბილიტაცია ან ინფრასტრუქტურის გამოცვლა, ეს იწვევს იმ ტექნიკურ გამოწვევებს, რომლებსაც ადგილი აქვს ხოლმე. ჩვენ დავდექით სწორედ ამ ტექნიკური გამოწვევის წინაშე 24-25 ივლისს,”- ამის შესახებ განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა. მაია მელიქიძის თქმით, საქართველოში აუცილებელია, ერთის მხრივ კოორდინირებული მუშაობა ენერგეტიკაზე პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან და მეორე მხრივ დიაგნოსტიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში სირთულეები და გამოწვევები გროვდება.
“ივლისის თვე არის ძალიან კრიტიკული, ძალიან მაღალია დატვირთვა და ტექნიკური თვალსაზრისით გადამცემმა ქსელმა ვეღარ აიტანა. დამცავები ვეღარ აღმოჩნდა საკმარისი და მოხდა ის გათიშვა, რასაც ადგილი ჰქონდა მთელ საქართველოში. ბუნებრივია მომავალში ეს დიაგნოსტირებით უნდა გამოსწორდეს, როგორც გადამცემი ქსელის საშუალებით, ისე სადისტრიბუციო ქსელის თვალსაზრისით,”-აღნიშნა მაია მელიქიძემ.
მისივე განმარტებით, საქართველო მუშაობს სინქრონიზებულ, პარალელურ რეჟიმში რუსეთთან და აზერბაიჯანთან.
“რაც შეეხება თურქეთს, მათთან ვართ ასინქრონულ პარალელურ რეჟიმში, სომხეთთან ვართ კუნძულოვან რეჟიმში. ეს არის ჩვენი მოცემულობა. ტექნიკური თვალსაზრისით არის კონკრეტული წამი, წამის ნახევარიც უკვე, როცა ელექტროენერგიის გადადინება-გადმოდინება უნდა მოხდეს ქსელში, ამისთვის ქსელი უნდა იყოს მზად და არსებობს დამცავი მექანიზმები, რომლებიც ხარვეზის დროს უნდა ამუშავდეს, ეს პროცესი სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ არის მართული, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ცვეთა.დღეს, მაგალითად ენგურჰესი სრული დატვირთვით ვერ მუშაობს რადგან გარკვეული აგრეგატები საჭიროებს რეაბილიტაციას, “- განმარტა მაია მელიქიძემ.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 24 და 25 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება თბილისსა და რეგიონების ნაწილში რამდენიმე საათით შეწყდა.სისტემური ავარიების საკითხის დეტალური შესწავლა სემეკის მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა უკვე დაასრულა. შემოწმების ფარგლებში გადამცემი და გენერაციის ობიექტების ქსელის წესებთან შესაბამისობა შეისწავლეს და არაერთი ხარვეზი და დარღვევა გამოავლინეს. სემეკის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ელექტროენერგეტიკული სისტემის 24-25 ივლისის სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.