საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, წლის ბოლომდე ეროვნულმა ბანკმა ლარის გამყარებას შეუწყოს ხელი. როგორც დავით რუსიამ “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში აღნიშნა, დღეს ეროვნული ბანკის განკარგულებაში არსებული რეზერვები 8.17 მლრდ დოლარს აჭარბებს.
"რეზერვები, რომელიც 8.17 მლრდ დოლარს აჭარბებს და ეროვნული ბანკის განკარგულებაშია, შეიძლება გადაითარგმნოს იმაში, რომ გარკვეული პაუზა აიღოს მარეგულირებელმა რეზერვების ზრდის მიმართულებით და სანაცვლოდ კურსი შეარბილოს. შესაბამისად, მიმდინარე წელი ლარი დოლართან მიმართებით 2.55 ლარით რომ დავხუროთ, შეგვიძლია, ასეთი ვარაუდი დავუშვათ,”-აღნიშნა დავით რუსიამ.
რაც შეეხება ინფლაციასთან დაკავშირებულ მოლოდინებს, საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი მიიჩნევს, რომ წელს ფასების ზრდის საერთო დონე 5.2-5.4%-ის ფარგლებში იქნება.
“საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა სწორედ ფასების საერთო დონის კონტროლია. ინფლაციის 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებელი აქვს მარეგულირებელს დადგენილი და მის ნებისმიერ გადახრას მყისიერი რეაგირება მოჰყვება ხოლმე. წლის დასაწყისშივე ჩანდა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მაღალი უნდა ყოფილიყო. თუ ეროვნული ბანკის წინა პროგნოზი, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მალე ამოწურვას და ენერგომატარებლების გაიაფებას მოიაზრებდა, ახლა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის შესაძლო გახანგრძლივების გამო, ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების შენარჩუნების პროგნოზებია. თუ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს დავესესხებით, მათ შორის ADB-ს, მსოფლიო ბანკს, სავალუტო ფონდს, ინფლაცია წელს 5.2-5.4%-ის ფარგლებში იქნება. 2027 წელთან დაკავშირებით არის მოსაზრება რომ 3.1 %-იანი მაჩვენებლით დაიხურება, თუმცა წლის პირველი ნახევარიც ანალოგიურად მაღალი ფასების ფარგლებში ვიქნებით,”-აღნიშნა დავით რუსიამ.
მისივე თქმით, როდესაც მკაცრ მონეტარულ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეფინანსირების განაკვეთი უფრო მაღალ ნიშნულზეც გვქონდა ქვეყანაში.
“როდესაც მკაცრ მონეტარულ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, უფრო მეტიც გვინახავს, 11%-იანი განაკვეთიც იყო. ასე რომ, დღევანდელ მონეტარულ პოლიტიკას შეგვიძლია ზომიერად მკაცრი ვუწოდოთ. თუმცა, ეროვნულ ბანკს ძალიან კარგად შეუძლია ამ ინფლაციის მართვა. მათ მონეტარული ინსტრუმენტები გამოიყენეს, ასევე ფიზიკური პირების დაკრედიტებასთან დაკავშირებით ზღვარი შეცვალეს და ისინი კარგად ემზადებიან იმისთვის, რომ 2027 წლისთვის, ინფლაციასთან გამკლავება უფრო ქმედითი და შესაძლებელი გახდეს,”-აღნიშნა დავით რუსიამ.