ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნუგზარ ბერიძის განცხადებით, ცენტრში ტრენინგების თემატიკა ძირითადად ბაზრისა და სექტორის მოთხოვნებიდან გამომდინარე განისაზღვრება.
როგორც მან „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, ცენტრის მიზანი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაა.
„პირველ რიგში, ეს არის ენერგეტიკის რეგულირების მექანიზმები და პრაქტიკა. ზოგადად, რეგულირება ისეთი საკითხია, რომლის შესახებაც საინჟინრო ტიპის სპეციალისტებს სრული ინფორმაცია არ აქვთ. ვფიქრობთ, რომ რეგულირების მექანიზმები და პრაქტიკა აუცილებლად უნდა გადავცეთ მათ, რათა სექტორმა გამართულად იფუნქციონიროს.
ეს არის ტრენინგი, რომელიც ძალიან გამართულად ფუნქციონირებს. ეს მხოლოდ ელექტროენერგეტიკას არ ეხება, ყველა რეგულირებადი სექტორისთვის არსებობს ასეთი ტიპის პროგრამა. იმის მიხედვით, თუ რომელი სექტორის წარმომადგენლები გამოთქვამენ შესაბამის მზაობას, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სწორედ ამაზეა ორიენტირებული.
ძალიან მნიშვნელოვანია სატარიფო რეგულირება, რომლის მიმართაც საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესია. სატარიფო განაცხადის წარმოდგენა, მისი შედგენა და სხვა შესაბამისი საკითხები სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ეს ტრენინგი მაღალი მოთხოვნით სარგებლობს.
წელს მისგან კიდევ ერთი ტრენინგი გამოვყავით - მარეგულირებელი აუდიტი. ეს სატარიფო რეგულირების წინაპირობაა, რომლის დროსაც ხდება კომპანიის მიერ გაწეული ყველა ხარჯის ანალიზი“,- განაცხადა ნუგზარ ბერიძემ.
მისივე განმარტებით, მიმდინარე წელს ცენტრმა მნიშვნელოვანი ტრენინგი შეიმუშავა, რადგან სექტორში ამის საჭიროება არსებობდა.
„დეველოპერებმა და ინვესტორებმა მოგვმართეს და გვითხრეს, რომ ელექტროსადგურების ოპერირების მიმართულებით სპეციალისტების კვალიფიკაციის თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები იყო. ჩვენ შევიმუშავეთ ახალი სასწავლო კურსი, რომელიც სხვადასხვა რესურსზე მომუშავე ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლებს ეხება.
კურსი მოიცავს არა მხოლოდ სადგურის აგებულებასა და ოპერირების ალგორითმებს, არამედ სისტემის სხვა მონაწილეებთან ურთიერთქმედების საკითხებსაც. ეს კურსი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის, ისე ინვესტორებისთვის, რომლებიც ამ სექტორში შემოსვლას გეგმავენ“, - განაცხადა ნუგზარ ბერიძემ.
მისივე თქმით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს სექტორის ძირითად მოთამაშეებთან თანამშრომლობის დაახლოებით ოთხწლიანი გამოცდილება აქვს. ცენტრი მათგან იღებს უკუკავშირს იმის შესახებ, თუ რა ტიპის ტრენინგებია საჭირო.
„ძალიან აქტიური ჩართულობაა და ეს საკითხები სწორედ ასე განისაზღვრება. იმ თემაზე, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია, ვამზადებთ ტრენინგს და შესაბამის სპეციალისტებს ვარჩევთ“, - განაცხადა ნუგზარ ბერიძემ.