logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

გიორგი შუკაკიძე: თუ ელ.ენერგიის ფასზე რეალური ცვლილება იქნება, დადებითად შეიძლება შეფასდეს ეს გადაწყვეტილება

გიორგი შუკაკიძე: თუ ელ.ენერგიის ფასზე რეალური ცვლილება იქნება, დადებითად შეიძლება შეფასდეს ეს გადაწყვეტილება

1792092720

„თუ ელექტროენერგიის ფასზე რეალური ცვლილება იქნება, დადებითი კუთხით შეიძლება შეფასდეს ეს გადაწყვეტილება,“ - ასე შეაფასა „ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯიას“ დირექტორმა გიორგი შუკაკიძემ სახელმწიფოს გადაწყვეტილება აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის შუამავლის გარეშე განხორციელებასთან დაკავშირებით.

როგორც მან   „ბიზნესპარტნიორის“ ღამის  ეთერში განაცხადა, მნიშვნელოვანია აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ, გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფითი გარემოებების შექმნა არ გამოიწვიოს.

„ვფიქრობ, თუ ელ.ენერგიის ფასზე რეალური ცვლილება იქნება, დადებითი კუთხით შეიძლება შეფასდეს ეს გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რომ საბალანსო ელ.ენერგიის ბაზარზე შესაძლებელი იქნება მოხვდეს მცირედით იაფი ელ.ენერგია.  მაგრამ აქვე დავამატებდი, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ არ უნდა გამოიწვიოს საბოლოო ჯამში კონკურენტუნარიანი ბაზრის პრინციპების ცვლილება.

ვფიქრობ, კონკურენცია აუცილებელია, რომ შეჯიბრობითობის პრინციპები არსებობდეს - მომწოდებლებს შორის ხდებოდეს შეჯიბრი, თუ ვინ უფრო იაფად შემოიტანს ამ ქვეყანაში ელ.ენერგიას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო და კონკრეტული ტრეიდერი, რომლებსაც ერთმანეთს შევაჯიბრებთ,“ - განაცხადა გიორგი შუკაკიძემ.

„ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯიას“ დირექტორი "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში საუბრისას ინვესტირების ნაწილსაც შეეხო. გიორგი შუკაკიძის შეფასებით, დარგი ინვესტირების კუთხით საინტერესოა, თუმცა აუცილებელია ინვესტორს პროგნოზირებადი გარემო დავახვედროთ. 

„ეს დარგი ინვესტირებისთვის საინტერესოა, თუმცა აქვე დავამატებ, რომ აუცილებელია გარემო იყოს პროგნოზირებადი — იქნება ეს ტარიფის თუ სხვა კომპონენტის ნაწილში. ინვესტორი ყოველთვის ითვლის, რამხელაა დაბანდებული ფულის უკუგების პერიოდი და ინვესტიციას სწორედ ამის მიხედვით გეგმავს.

მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორს ჰქონდეს ამ ქვეყანაში შექმნილი პროდუქტის მკაცრად გაწერილი გეგმისა და პროცესის ხედვა, რათა მარტივად მოერგოს გარემოს და თავად მიიღოს გადაწყვეტილება, თუ როგორი ინვესტირების პროცესი განახორციელოს და რა ვადაში უზრუნველყოს ის. ამ საინტერესო დარგის რეალურ ეკონომიკურ სარგებელში გადაყვანა შესაძლებელია, თუმცა ამისთვის ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო და უამრავი გეგმაა შესამუშავებელი“, — განაცხადა გიორგი შუკაკიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით,  ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან  შუამავლის გარეშე განხორციელდება და არც ერთი ქვეყნიდან აღარ განხორციელდება იმპორტი შუამავლის მეშვეობით. 

გამოგვყევით