logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

Miniso ქსელს აფართოებს - ქუთაისის ფილიალში ₾0.5 მლნ-იანი ინვესტიცია განხორციელდება

Miniso ("მინისო") წელს 27-ე ფილიალს ქუთაისში გახსნის. ახალი ფილიალის ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი იქნება.

როგორც  Miniso-ს კომერციულმა დირექტორმა, მარიამ ჯანჯღავამ “ბიზნესპარტნიორს” განუცხადა, წლის ბოლოსთვის კომპანიის ისტორიაში რეკორდული გაყიდვების მოლოდინი აქვთ. 

„2026 წლის პირველ სამ კვარტალში, წინა წელთან შედარებით, გაყიდვები მთელ ქსელში 15%-ზე მეტით გაიზარდა. ზრდა არის როგორც ძველ, ისე ახალ ფილიალებში, რასაც ქსელის გაფართოებაც უწყობს ხელს. 2026 წლის ბოლოსთვის კომპანიის ისტორიაში რეკორდული გაყიდვების მოლოდინი გვაქვს. ამას განაპირობებს როგორც არსებული ფილიალების გაყიდვების ზრდა, ისე ახალი ფილიალების გახსნა და რამდენიმე არსებული მაღაზიის ფართობის გაზრდა.

წელს ქუთაისში 27-ე ფილიალს ვხსნით, სადაც Urban Mall-ი იხსნება.  ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი იქნება. ასევე, გავაფართოვეთ ორი არსებული ფილიალი. ერთი “ისთ ფოინთის” სავაჭრო ცენტრში, მეორე კი ისანი მოლში”,-განაცხადა  მარიამ ჯანჯღავამ.

მისი თქმით, მომხმარებლის მხრიდან ყველაზე მაღალი მოთხოვნა სათამაშოებსა და ლიცენზირებულ კოლექციებზე ფიქსირდება, რომლებიც გლობალური “მინისოსა” და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების თანამშრომლობით იქმნება, მათ შორისაა Disney, Barbie, Harry Potter და სხვა.

“ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა საკოლექციო სათამაშოები და Blind Box-ის კონცეფცია. საინტერესოა ისიც, რომ ამ კატეგორიის მიმართ მაღალი ინტერესია არა მხოლოდ ბავშვებში, არამედ ზრდასრულ მომხმარებლებშიც. სწორედ ემოციური კავშირი პროდუქტთან და მისი უნიკალურობა განაპირობებს ამ მიმართულების პოპულარობას”,-განაცხადა მარიამ ჯანჯღავამ.

Miniso-ს კომერციული დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ ინფლაცია და ფასების ცვლილება საცალო ვაჭრობის სექტორისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა კომპანია ცდილობს, ფასების კორექტირება არ მოახდინოს.

“მუდმივად ვმუშაობთ ასორტიმენტის ოპტიმიზაციასა და სწორი საფასო პოლიტიკის შენარჩუნებაზე. მიუხედავად არსებული ეკონომიკური გამოწვევებისა, წელს გაყიდვების ზრდას ვინარჩუნებთ.

დღეს მომხმარებლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფასისა და ხარისხის თანაფარდობა. მომხმარებელი უფრო გააზრებულად იღებს შესყიდვის გადაწყვეტილებას და მისთვის მნიშვნელოვანია, რა ღირებულებას იღებს გადახდილ თანხაში.

ამავდროულად, საინტერესო ტენდენციაა ის, რომ მომხმარებელი მზად არის გადაიხადოს მეტი იმ პროდუქტში, რომელიც მისთვის განსაკუთრებულ ემოციურ ღირებულებას ქმნის. ამის კარგი მაგალითია ლიცენზირებული და საკოლექციო პროდუქციის პოპულარობა. შესაბამისად, მომხმარებლის გადაწყვეტილებას მხოლოდ ფასი აღარ განსაზღვრავს, მნიშვნელოვანია პროდუქტის დიზაინი, უნიკალურობა და ის გამოცდილება, რომელსაც ბრენდი სთავაზობს”,-განაცხადა მარიამ ჯანჯღავამ.

მისი თქმით, გასულ წლებთან შედარებით, გაზრდილია როგორც განვადებით, ისე ონლაინ შეძენის მაჩვენებელი.

“ორივე მიმართულებით მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. მომხმარებლისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანია შესყიდვის პროცესის კომფორტი, დროის დაზოგვა და გადახდის მოქნილი პირობები”,- აღნიშნა მარიამ ჯანჯღავამ.

Miniso-ს კომერციული დირექტორის განმარტებით, კომპანიის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ლოგისტიკური დატვირთვაც, რამაც არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოების აუცილებლობა შექმნა.

“სწორედ ამიტომ თბილისში  ავაშენეთ ახალი, უფრო დიდი მოცულობის საწყობი. ეს ინვესტიცია საშუალებას გვაძლევს, უფრო ეფექტიანად ვმართოთ მარაგები, გავაუმჯობესოთ ფილიალების მომარაგების პროცესი და მზად ვიყოთ როგორც სეზონური დატვირთვისთვის, ისე ქსელის შემდგომი გაფართოებისთვის”,-განაცხადა მარიამ ჯანჯღავამ.

(Miniso) საერთაშორისო საცალო ვაჭრობის ბრენდია, რომელიც ყოველდღიური მოხმარების ნივთებს, კოსმეტიკას, სათამაშოებს, აქსესუარებსა და ციფრულ მოწყობილობებს სთავაზობს მომხმარებელს. საქართველოში ბრენდს წარმოადგენს შპს „მინისო ჯორჯია“, რომელიც 2016 წლის სექტემბერში დარეგისტრირდა. 

გამოგვყევით