logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

Stark Future ევროპის პირველი ელექტრომოტოციკლების მწარმოებელი უნიკორნი გახდა

Stark Future ევროპის პირველი ელექტრომოტოციკლების მწარმოებელი უნიკორნი გახდა

1794918060

Stark Future ევროპის პირველი ელექტრომოტოციკლების მწარმოებელი კომპანია გახდა, რომელმაც „უნიკორნის“ სტატუსი მიიღო. Reuters-ის ცნობით, კომპანიის საბაზრო ღირებულებამ 1.2 მილიარდი ევრო შეადგინა. აღსანიშნავია, რომ  „უნიკორნი“ ეწოდება კერძო სტარტაპ-კომპანიას, რომლის ღირებულებაც 1 მილიარდ დოლარს აღემატება.

2025 წლის სექტემბერში ჩატარებულ წინა საინვესტიციო რაუნდთან შედარებით, კომპანიის შეფასება 60%-ით გაიზარდა — მაშინ Stark Future 750 მილიონ ევროდ იყო შეფასებული. 

ბარსელონაში დაფუძნებული კომპანიის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ანტონ ვასის განცხადებით, Stark Future თავდაპირველად ენდუროს რბოლებში — უგზოობის პირობებში გამძლეობაზე ორიენტირებულ მოტოსპორტში გახდა ცნობილი. მისივე თქმით, კომპანია მიმდინარე წელს დაახლოებით 150 მილიონი ევროს შემოსავალს ელოდება.

ანტონ ვასი აღნიშნავს, რომ კომპანიის შესყიდვასთან დაკავშირებით რამდენიმე შეთავაზება ჰქონდათ, თუმცა გაყიდვით დაინტერესებულნი არ არიან. ამის ნაცვლად, იგი იმედოვნებს, რომ მოზიდული დაფინანსება კომპანიისთვის ბოლო კერძო საინვესტიციო რაუნდი იქნება მანამ, სანამ საფონდო ბირჟაზე გასვლას გადაწყვეტენ, თუმცა, მისი თქმით, ეს ნაბიჯი ჯერ კიდევ რამდენიმე წლით არის გადავადებული.

მისივე შეფასებით, Stark Future-ის სწრაფი ზრდის მთავარი მიზეზი მოტოციკლების ისეთი კონსტრუქციაა, რომელიც შიდა წვის ძრავაზე მომუშავე კონკურენტებს წარმადობითა და გამოყენების სიმარტივით აღემატება, შესაბამისად, კომპანიის სტრატეგია მხოლოდ ეკოლოგიურ უპირატესობებს არ ეფუძნება.

თამთა ცერცვაძე

ფოტო: Reuters

გამოგვყევით