ქართული ღვინის კომპანია "ემვაინი" Mwine წარმოების გაფართოებასა და სამომავლოდ ექსპორტზე გასვლას გეგმავს. კომპანიის კიდევ ერთი მიზანი ტურისტული სივრცის მოწყობაა.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა გვანცა თუშიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ამ ეტაპზე კომპანია მცირე საოჯახო მეღვინეობაა, რომელიც წელიწადში 2 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს.
„ჩვენ მცირე საოჯახო მეღვინეობა გვაქვს და მაღალი ხარისხის ღვინოს ვაწარმოებთ. კომპანია კახეთიდან ტყუპმა დებმა დავაარსეთ. საწარმო სახლში გვაქვს და საქმიანობაში ოჯახის წევრები ვართ ჩართულები. ამ ეტაპზე ოთხი ადამიანი ვმუშაობთ - ტყუპი დები და მშობლები. წელიწადში 2 000 ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ. ამჟამად ორი სახეობის ღვინო გვაქვს - საფერავი და რქაწითელი, ევროპული, კლასიკური სტილით დამზადებული. ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილები ვართ, მათ შორის, „8 000 მოსავალში“, ასევე თელავის რამდენიმე სასტუმროსა და რესტორანში. მომავალში ექსპორტზე გასვლასაც ვგეგმავთ. ახლო მომავალში ამის განხორციელებას არ ვაპირებთ, თუმცა სურვილი გვაქვს“,- განაცხადა გვანცა თუშიშვილმა.
მისივე განმარტებით, კომპანია ასორტიმენტის გაფართოებასაც გეგმავს, თუმცა ამ ეტაპზე საჭირო ინვესტიციის მოცულობა განსაზღვრული არ არის.
„დიდი ხანია, ამ სფეროში ვმუშაობთ, თუმცა საკუთარი მეღვინეობა დაახლოებით ორი წელია, რაც გვაქვს. გვსურს, ეტაპობრივად გავფართოვდეთ“, - აღნიშნა კომპანიის თანადამფუძნებელმა.
მისივე თქმით, კომპანიის სამომავლო გეგმებში ტურისტული სივრცის მოწყობაც შედის.
„გვაქვს სურვილი და გეგმა, რომ ტურიზმის სფეროშიც ვიყოთ წარმოდგენილი და მეღვინეობაც განვავითაროთ. რამდენიმე ადგილი შერჩეული გვაქვს, თუმცა ჯერჯერობით არ ვასაჯაროებთ. ამჟამად პროექტის შემუშავების ეტაპზე ვართ“, - განაცხადა გვანცა თუშიშვილმა.
კომპანიის თანადამფუძნებელმა მთავარ გამოწვევებად გაყიდვებსა და კვალიფიციური კადრების დეფიციტი დაასახელა.
„როდესაც მაღალ ხარისხზე მუშაობ, ბაზარზე საკუთარი ადგილის დამკვიდრება რთულია. დიდი სურვილი გვაქვს, მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქტი შევთავაზოთ, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები მაინც გამოწვევად რჩება.
მეღვინეობაში მუშაობის დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კვალიფიციური კადრის მოძიება და შენარჩუნება ძალიან რთულია. სამწუხაროდ, ყველა კომპანიას სურს კვალიფიციური და გამოცდილი თანამშრომლების აყვანა, თუმცა მათ შენარჩუნებაზე სათანადოდ არ ზრუნავენ“, — აღნიშნა მან.
გვანცა თუშიშვილის განცხადებით, წარმოების გაფართოების შემდეგ კომპანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც გეგმავს.
ცნობისთვის, ქართული ღვინის კომპანია „ემვაინი“ (Mwine) დაახლოებით 2 წელია, რაც ღვინოს აწარმოებს. კომპანიის საწარმო თელავში მდებარეობს და მისი დამფუძნებლები ტყუპი დები გვანცა და ნატა თუშიშვილები არიან.