კომპანია "არსის" გენერალური დირექტორის ბესო ორთოიძის განცხადებით, დღეს დეველოპერული კომპანიების მიმართ გამჭვირვალობისა და სანდოობის პრობლემა დღის წესრიგში არ დგას.
ბესო ორთოიძემ “ბიზნესპარტიორთან” “იბერკომპანი ჰოლდინგის" დირექტორის ლევან დიასამიძის განცხადება შეაფასა, რომელიც სექტორში რეგულაციების შემოღების ინიციატივით გამოდის.
„ძალიან რთული თემაა, მარეგულირების შემოყვანას არ უნდა დაემსგავსოს. წლების წინ ბაზარზე იყო სიტუაცია, რომ ნდობა ნაკლები იყო, არაერთი კომპანია გვახსოვს, რომელმაც ვალდებულებები ვერ შეასრულა, გაკოტრდნენ და დღემდე მერიას უწევს მსგავსი პროექტების ბოლომდე მიყვანა. გარკვეული სოციალური პრობლემა ამაში არის, თუმცა ბოლო წლებში ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. მომხმარებლის დაცვისთვის ამ ინიციატივის შემოტანა საჭირო არ არის. თუ საუბარია იმაზე, რომ ბაზარზე ბევრი მოთამაშეა და ეს თემა დავარეგულიროთ, ეს ცოტა სენსიტიური საკითხია. მნიშვნელოვანია, რა კრიტერიუმები იქნება. ყველამ ვიცით, რომ დღეს ფინანსური ანგარიშგება ისედაც ხელმისაწვდომი და ღიაა. მუსირებდა მოსაზრება, რომ ვისაც ბანკში სესხი აქვს, შეკრული აქვს პროექტი და რისკები უფრო მეტად არის დაზღვეული, ამას მივაქციოთ ყურადღება. არიან კომპანიები, რომლებიც საბანკო სესხს საერთოდ არ იყენებენ და თავისი პირადი კაპიტალი აქვთ, მათ შორის ვართ ჩვენც. ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო დაცულია მომხმარებელი. გვახსოვს 2008 წლის კრიზისი, როცა ყველა დეველოპერს ჰქონდა ბანკში სესხი, მაგრამ ამან ვერავინ დაიცვა, პირიქით, ბანკებმა სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმეს. ამიტომ, ძალიან კომპლექსური და რთული საკითხია. კვალიფიციური ადამიანების მსჯელობა სჭირდება. თუ საუბარია იმაზე, რომ კონკრეტული პროექტის ჭრილში შეფასდეს, თუ ვის, რა კაპიტალი აქვს, რომ ესა თუ ის შენობა დაასრულოს, ალბათ, კარგი იქნებოდა მომხმარებელისთვის, რომ მათ იცოდნენ, თუ რომელ კომპანიას ენდონ. თუმცა, ვფიქრობ, რომ დღეს ნდობის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. არ არის ისე, რომ ზოგიერთმა კომპანიამ თანხა აიღოს და მშენებლობა არ დაასრულოს. ნებისმიერი რეგულაცია ართულებს სექტორს, იწვევს ბიუროკრატიას. საბოლოოდ, ეს პროდუქტზე, ფასზე და თვითღირებულებაზე აისახება“,- განაცხადა ბესო ორთოიძემ.
ცნობისთვის, “იბერკომპანი ჰოლდინგის" დირექტორმა ლევან დიასამიძემ “ბიზნესპარტნიორის” ეთერში განაცხადა, რომ დეველოპერებისთვის სარეკომენდაციო სახის რეგულაციები უნდა დაწესდეს.
“უნდა გამოიყოს კვალიფიციური დეველოპერი, მათ უნდა ჰქონდეთ საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გასაჯაროების შესაძლებლობა და მხოლოდ მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, მიიღონ განვადება, ინვესტორისგან თანხა, რომელსაც განვადება დავარქვით. თუმცა, მეორეს მხრივ, ეს თანხა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ინვესტორის ჩვეულებრივი მონაწილეობა პროექტში. ეს არ უნდა იყოს ცალსახა რეგულაცია, ეს უნდა იყოს რეგულაცია, რომელსაც სარეკომენდაციო სახე ექნება. მეორე მხარეს არის მომხმარებელი, რომლის უფლებებიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ დეველოპერებსაც უნდა ენიჭებოდეთ რეიტინგი, ისევე როგორც ბანკებს აქვთ საკრედიტო რეიტინგი”,-განაცხადა ლევან დიასამიძემ.