საქარველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, კომპანიების დაახლოებით 67% ამბობს, რომ შემდეგ კვარტალში ინვესტიციების რაოდენობას გაზრდის.
ლევან ვეფხვაძემ “ბიზნესპარტნიორის” ეთერში დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ბიზნესმენებს შორის გამართული შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ კომპანიების უმრავლესობა არა მხოლოდ დასაქმების, არამედ ხელფასების ზრდასაც გეგმავს.
“ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რაც უნდა გამოვყოთ - პირველი იყო კომპანიების მაღალი ოპტიმიზმი შემდგომ კვარტლებთან დაკავშირებით. ეს გამოიხატა არა მხოლოდ იმაში, რომ “მე მაქვს ოპტიმიზმი შემდეგი კვარტალი იქნება კარგი”, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებშიც. 68% იყო დაფიქსირებული მოლოდინების ზრდა, რაც პრაქტიკულად, 2019 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. მეორე - ეს საინვესტიციო აქტივობაში გარდაისახა. ერთია კარგი განწყობა და მეორე, მზად ვარ ინვესტიციებისთვის. კომპანიების დაახლოებით 67% ამბობს, რომ შემდეგ კვარტალში ინვესტიციების რაოდენობას გაზრდის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ამავდროულად, დასაქმების ნაწილში კომპანიების მესამედი ამბობს, რომ დასაქმებას გაზრდის და ეს პირდაპირ არის ბმაში საინვესტიციო პროექტებთან. კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილი ამბობს, რომ მხოლოდ დასაქმებას კი არ გაზრდის, არამედ ხელფასებსაც. ის დოვლათი, რომელსაც კომპანიები აგენერირებენ, მხოლოდ დამფუძნებლის შემოსავალი არ არის, მათ შორის არის ის კეთილდღეობა, რომელიც თანამშრომლებზეც ნაწილდება და ხელფასების ზრდაზეც აისახება”,-განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
როგორც მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთი მწვავე თემა დაისვა, რაც არის უცხოელთა სამუშაო მიგრაცია.
“იცით, რომ კვალიფიციური კადრების ნაწილში სერიოზული პრობლემაა. პრემიერმა თქვა, რომ იქ, სადაც ადგილობრივ ბაზართან კონკურენციაში შევდივართ და ქართული სამუშაო ძალა არსებობს, ცხადია მკაცრები ვიქნებით, მაგრამ იქ, სადაც გვჭირდება ისეთი კვალიფიკაციები, რომელიც ადგილზე არ არის, რეგულაციები შედარებით შეიძლება შევამსუბუქოთ. ეს იყო ის ინტერაქცია, რომელიც ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთად ვიფიქრებთ, რა მექანიზმები შეიძლება იყოს ამ ნაწილში შემსუბუქება და მეორე- ამ კვალიფიკაციებიდან რომელია საჭირო, ვისი ჩამოყვანა შეიძლება და ასე შემდეგ, რომ ბიზნესი გააფართოონ”,-განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა დასაქმების თვალსაზრისით განათლების მნიშვნელობა.
“ის, სადაც საშუალო შედარებით მაღალანაზღაურებადი კვალიფიკაციებია და უფრო ტექნიკურ განათლებას ეხება საკითხი, ალბათ წლები გვჭირდება, რომ ეს პრობლემები აღმოვფხვრათ, მაგრამ წლებიც არ გვეყოფა, თუ უშუალოდ ბიზნესი და საგანმანათლებლო დაწესებულებები ერთმანეთთან არ დავაკავშირეთ. აქ უკვე სახელმწიფომ უნდა დაინახოს პრობლემა, რატომ არ არის მათი რეაქცია აქამდე. ე.ი რაღაც არ არის კარგად და მოდი, ერთად ვიფიქროთ, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ”,-განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ვითარება შეაფასეს და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.