უძრავი ქონების სააგენტო „ბაიას ჰოუმსის“ (Baia's Homes) დამფუძნებლისა და დირექტორის ბაია ტუგულაშვილის განცხადებით, წელს, ბაზარზე 34 ათასზე მეტი უძრავი ქონება არის გაყიდული.
როგორც მან „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, წელს ევროპის ქვეყნებიდანაც საკმაოდ დიდი აქტიურობა იყო, რაც წინა წლებში არ შეინიშნებოდა.
„2026 წელი საკმაოდ აქტიური იყო. 34 ათასადე ტრანზაქცია არის დაფიქსირებული. გარდა ამისა, ხშირად დეველოპერები საჯარო რეესტრში ნასყიდობის ხელშეკრულებას არ არეგისტრირებენ. ვფიქრობ, რომ წელს ბაზარზე 34 ათასზე მეტი უძრავი ქონება არის გაყიდული. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ წელს ევროპის ქვეყნებიდანაც საკმაოდ დიდი აქტიურობა იყო, რაც წინა წლებში ნამდვილად არ შეინიშნებოდა. ვფიქრობ, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარმა საერთაშორისო რუკაზე ნელ-ნელა თავისი ადგილი დაიმკვიდრა“,-განაცხადა ბაია ტუგულაშვილმა.
მისი თქმით, სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მყიდველთა 80% საქართველოს მოქალაქეა, ხოლო 20% სხვადასხვა ქვეყნის.
„მაგალითად, გერმანიის, პოლონეთის მოქალაქეები საკმაოდ გააქტიურდნენ. ისინი საინვესტიციო მიზნებით უძრავ ქონებას ნამდვილად ყიდულობენ“,-განაცხადა ბაია ტუგულაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ტრანზაქციების უმეტესი ნაწილი პირველად ბაზარზე მოდის, თუმცა მეორად ბაზარზე წინა წელთან შედარებით, წელს დაინტერესება საკმაოდ დიდია.
რაც შეეხება იპოთეკური სესხების ხელმისაწვდომობას, ბაია ტუგულაშვილმა განმარტა, რომ საქართველოში კარგი საპროცენტო განაკვეთი არ არის, რის გამოც მომხმარებლებს იპოთეკური სესხის გარეშე ბინის შეძენა ურთულდებათ.
„ჩემი აზრით, ნამდვილად არ არის კარგი საპროცენტო განაკვეთი ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ადამიანებს სხვა გზა არ აქვთ ხოლმე. დღეს ძალიან რთულია გქონდეს ისეთი დანაზოგი, როგორც არის 150-200 ლარი, ხშირ შემთხვევაში იპოთეკური სესხის დახმარება არის საჭირო. სესხის აღება ნამდვილად არის გართულებული“,-განაცხადა ბაია ტუგულაშვილმა.
მისი განმარტებით, ძირითადად, ერთსაძინებლიანი ბინებს საინვესტიციოდ ან გასაქირავებლად იძენენ, ხოლო დიდი კვადრატულობის ბინებს საცხოვრებლად.
„დაახლოებით 20%-ია დიდი კვადრატულობის ბინები, რომლებიც შეიძლება საცხოვრებლად შეიძინოს ადამიანმა. ჩემი აზით, 80% არის ისეთი უძრავი ქონება, რომელიც ბევრად უფრო ხელსაყრელია საინვესტიციოდ“,-განაცხადა ბაია ტუგულაშვილმა.