logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"აშშ-სგან განსხვავებით, Wendy’s-ის გაყიდვები საქართველოში რეკორდულია" - გივი გვეტაძე

აშშ-ში Wendy’s-ის გაყიდვები 5.7%-ით შემცირების ფონზე, საქართველოში 2025 წელთან შედარებით, Wendy’s-ის გაყიდვები და ტრანზაქციების რაოდენობა რეკორდულია.

Wendy’s Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის გივი გვეტაძის განცხადებით, კომპანია 2027 წელს საქართველოში ახალ რესტორნებს გახსნის და დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.

“2026 წელი Wendy’s საქართველოსთვის რეკორდულია. 2025 წელთან შედარებით, გაყიდვები და ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბრენდის საიმიჯო მაჩვენებლებიც. ამ შედეგებით, განვითარების ახალ ეტაპზე გადავდივართ. 2027 წელს საქართველოში ინვესტირებას გავაგრძელებთ, ახალ რესტორნებს გავხსნით და სამუშაო ადგილებს შევქმნით. ამით Wendy’s-ის პროდუქტები მეტი ადამიანისთვის გახდება ხელმისაწვდომი. ჩვენს ერთგულ სტუმრებს კი წინ მენიუს მუდმივი განახლება და კიდევ ბევრი სიახლე ელის“, -განაცხადა  გივი გვეტაძემ.

ამასთან, Wendy’s-ში აღნიშნავენ, რომ წლის ბოლომდე ფასებში მნიშვნელოვანი ცვლილება არ იგეგმება.

“რასაკვირველია, ნედლეულის, ლოგისტიკისა და საოპერაციო ხარჯების ზრდა ნებისმიერი ბიზნესისთვის სერიოზული გამოწვევაა. ჩვენ ამ ხარჯების დიდ ნაწილს ოპერაციული ეფექტიანობის გაზრდით და მომწოდებლებთან ეფექტიანი თანამშრომლობით ვაბალანსებთ, რათა ფასის ზრდის ზეწოლა მომხმარებელზე მინიმალურად აისახოს. თუმცა, წლის ბოლომდე ფასებში მნიშვნელოვანი ცვლილება არ იგეგმება”,-განაცხადა გივი გვეტაძემ.

მისი განმარტებით,  2027 წელს საქართველოში Wendy’s-ის ქსელის გაფართოება იგეგმება.

“2027 წელს, ისევე როგორც აქამდე, კომპანია საკმაოდ აქტიურად გააგრძელებს ინვესტირებას ქვეყნის ეკონომიკაში. მომდევნო წელს დაგეგმილია “ვენდისის” ახალი რესტორნების გახსნა, რაც გააფართოებს ჩვენს ქსელს, შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და მომხმარებლებისთვის Wendy’s-ის პროდუქციას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის”,- აღნიშნავს გივი გვეტაძე.

როგორც Wendy’s-ის მარკეტინგის დირექტორი ალექსანდრე შენგელია აცხადებს, კომპანიის პროდუქციის გაყიდვების ზრდა რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობის შედეგია, თუმცა მთავარი მაინც Wendy’s-ის პროდუქტი და მომხმარებელთან კომუნიკაციაა.

"2026 წელი სიახლეებით დატვირთული იყო: მენიუს დავამატეთ ტრიუფელის ბურგერი, დორიტოსის ბურგერი, ცხარე ყველის სოუსი, ასევე Biscoff-ის ნაყინი, შეიკი და Bubble Waffle. 1-ელ ივნისს ჩავატარეთ Wendy’s-ის მონეტების კამპანია, ხოლო VR არენასთან თანამშრომლობით სტუმრებს ახალი გამოცდილება შევთავაზეთ. მნიშვნელოვანია, რომ ზრდა მხოლოდ ახალი რესტორნების გახსნით არ არის განპირობებული. არსებულ რესტორნებშიც მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც გაყიდვები, ისე სტუმრების რაოდენობა. ეს ნიშნავს, რომ ბრენდს ახალი მომხმარებლები შემოემატა, არსებულები კი უფრო ხშირად გვსტუმრობენ. მნიშვნელოვან როლს თამაშობს Wendy’s-ის აპლიკაციაც, რომელიც საქართველოში პირველი აპლიკაციაა, რომელიც სამ ამერიკულ ბრენდს, Wendy’s-ს, Dunkin’-სა და Subway-ს, ერთ სივრცეში აერთიანებს. აპლიკაციით მომხმარებელს შეუძლია წინასწარ გააკეთოს შეკვეთა, დააგროვოს ქულები და მიიღოს საჩუქრები, რაც სტუმრობას უფრო კომფორტულს ხდის და ლოიალობას ზრდის. ყველაზე შესამჩნევი ზრდა ახალგაზრდა აუდიტორიაში გვაქვს. ამაში დიდი როლი ითამაშა Wendy’s-ის ბრენდ-ამბასადორების პროგრამამ, რომელიც 16 კონტენტ-კრეატორს აერთიანებს და TikTok-ზე თვეში 10–15 მილიონ ნახვას აგროვებს.

ჩვენი მეორე მნიშვნელოვანი აუდიტორია ოჯახები და ბავშვები არიან, რომლებზეც Wendy’s საქართველო 2013 წლიდან არის ორიენტირებული. წელს მათთვის 3D პრინტერზე დამზადებული სათამაშოები შემოვიღეთ, რომლებმაც ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა. ზრდაში დიდი წვლილი შეიტანა სწორმა საფასო პოლიტიკამაც. ჩვენი მენიუ ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხარჯების ზრდის პირობებში. ასევე, მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ტურიზმის ზრდას: უცხოელი სტუმრებისთვის Wendy’s ნაცნობი და სანდო ბრენდია. მარკეტინგი ამ ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა მარტო მარკეტინგი ამ შედეგს ვერ შექმნიდა, სტუმარს რესტორანში ხარისხიანი პროდუქტი და კარგი მომსახურება რომ არ დახვედროდა. ეს მთელი გუნდის, ოპერაციების, პროდუქტის განვითარებისა და მარკეტინგის ერთობლივი შედეგია. Wendy’s საქართველოში უკვე 13 წელია მასპინძლობს სტუმრებს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი რესტორნების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და Wendy’s ბევრი მომხმარებლისთვის საყვარელ ბრენდად და ყოველდღიურ არჩევანად იქცა. განსაკუთრებით გვახარებს, რომ სტუმრები ისევ და ისევ გვიბრუნდებიან. სწორედ მათი ერთგულების დამსახურებაა, რომ დღეს Wendy’s საქართველოს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია",- განაცხადა ალექსანდრე შენგელიამ. 

Wendy’s ლეგენდარული ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების საერთაშორისო ქსელია. პირველი რესტორანი დეივ ტომასმა 1969 წლის 15 ნოემბერს აშშ-ში, ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლუმბუსში გახსნა. ბრენდი ცნობილი გახდა კვადრატული ბურგერებითა და Frosty დესერტით. დღეს Wendy’s-ი მსოფლიოში 7 194 რესტორანს აერთიანებს, საქართველოში კი 22 რესტორნითაა წარმოდგენილი ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში. უახლოეს პერიოდში Wendy’s-ის კიდევ ერთი რესტორანი თბილისში, ვარკეთილში გაიხსნება.

ცნობისთვის, CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ში Wendy’s-ის გაყიდვები 5.7%-ით შემცირდა. კომპანიის ფინანსურ შედეგებზე გავლენას ახდენს საქონლის ხორცის გაძვირება და ფაქტი, რომ დაბალფასიანი შეთავაზებები მომხმარებლების მოზიდვას ვერ ახერხებს. მედიის ცნობით, კომპანიის შედეგები მის მთავარ კონკურენტებს ჩამორჩება: McDonald’s-ის გაყიდვები 0.2%-ით შემცირდა, ხოლო Burger King-მა 8.4%-იანი ზრდა აჩვენა.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, Wendy’s-მა აშშ-ში არსებული 6 000 რესტორნიდან თითქმის 300 დახურა. გადაწყვეტილება მუდმივად დაბალი შედეგების მქონე ობიექტებს შეეხო. 

გამოგვყევით