logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ONEX.GE: ჩინეთიდან ამანათები განსაკუთრებით გაიზარდა

ONEX.GE-ს მარკეტინგის მენეჯერის მარიამ ადამიას განცხადებით, საერთაშორისო გადამზიდი კომპანიის ამანათების ნაკადში დღეს ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება ჩინეთია, რომლის წილი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა.

როგორც მარიამ ადამიამ “ბიზნესპარტნიორს” განუცხადა, ამის მთავარი მიზეზი ჩინური ელექტრონული კომერციის პლატფორმების პოპულარობის ზრდა და ქართველი მომხმარებლების მხრიდან მათზე მოთხოვნის მატებაა.

“ONEX-ის ამანათების ნაკადში დღეს ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება ჩინეთია, რომლის წილიც განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო პერიოდში, რაც დიდწილად დაკავშირებულია ჩინური ონლაინ პლატფორმების პოპულარობის ზრდასთან. ჩინეთიდან გამოწერილი ამანათების წილი ჩვენს მთლიან გადაზიდვებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და ეს ტენდენცია კვლავ გრძელდება.

ამის მთავარი მიზეზი ჩინური ელექტრონული კომერციის პლატფორმების პოპულარობის ზრდა და ქართველი მომხმარებლების მხრიდან მათზე მოთხოვნის მატებაა. ზუსტ პროცენტულ მაჩვენებელს ამ ეტაპზე არ გავასაჯაროებთ, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინეთის მიმართულებამ უკვე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ჩვენს ოპერაციებში და სტრატეგიულად ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ONEX-ისთვის.

ამასთან, მნიშვნელოვანი მიმართულებებია აშშ და ევროპის ქვეყნები, მათ შორის გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საბერძნეთი.

ჩვენ ვხედავთ, რომ მომხმარებელთა ონლაინ შოპინგის ჩვევები იცვლება და ჩინეთის მიმართულება სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. შესაბამისად, ვმუშაობთ როგორც არსებული მიმართულებების გაძლიერებაზე, ისე ახალი ქვეყნების დამატებაზე”,-განაცხადა მარიამ ადამიამ.

რაც შეეხება კითხვას, რა წილი უჭირავს Temu-სა და Pinduoduo-ს გადაზიდვებში, მარიამ ადამია აღნიშნავს, რომ Temu და Pinduoduo ჩინეთის მიმართულებით ელექტრონული კომერციის მნიშვნელოვანი პლატფორმებია და მათი გავლენა ONEX-ის გადაზიდვების ზრდაზეც აისახება.

“ამ პლატფორმებზე მოდის ჩინეთიდან მიღებული ამანათების მნიშვნელოვანი ნაწილი, თუმცა კონკრეტულ პროცენტულ მაჩვენებლებსა და პლატფორმების მიხედვით გადანაწილებას არ ვასაჯაროებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ONEX-ი არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ ერთ ან ორ პლატფორმაზე. ჩვენი სტრატეგიაა, მომხმარებლებს სხვადასხვა საერთაშორისო ონლაინ მაღაზიიდან გამოწერის შესაძლებლობა შევთავაზოთ და მრავალფეროვანი ლოგისტიკური ეკოსისტემა განვავითაროთ”,-განაცხადა მარიამ ადამიამ.

მისი განმარტებით, Temu-სა და სხვა ჩინური ონლაინ პლატფორმების გააქტიურებამ ქართველი მომხმარებლის ონლაინ შოპინგის ქცევაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

“პირველ რიგში, ონლაინშოპინგი უფრო მასობრივი და ხელმისაწვდომი გახდა. მომხმარებლები დღეს უფრო ხშირად იწერენ სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტებს, მათ შორის ისეთ ნივთებსაც, რომელთა შეძენასაც ადრე ადგილობრივ მაღაზიებში ამჯობინებდნენ.

ასევე შეიცვალა შეკვეთების სიხშირე და მოცულობა — მომხმარებლები უფრო ხშირად აკეთებენ მცირე ღირებულების შეკვეთებს და ნაკლებად არიან დამოკიდებული ერთ დიდ შენაძენზე.

ჩვენი დაკვირვებით, განსაკუთრებით გაიზარდა ჩინეთიდან გამოწერილი ამანათების რაოდენობა. მომხმარებლებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ პროდუქტის ფასი, არამედ მიწოდების სისწრაფე, საიმედოობა და ამანათის მიღების კომფორტი.

ამ ტენდენციამ ლოგისტიკური კომპანიების წინაშეც ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები შექმნა. ONEX-ისთვის ეს არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო განავითაროს ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიები და მომსახურების ხარისხი, რათა ბაზრის მზარდ მოთხოვნას უპასუხოს”,-განაცხადა მარიამ ადამიამ.

გარდა ამისა, ONEX.GE-ს მარკეტინგის მენეჯერმა გამოწვევებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გადამზიდი ბიზნესის მომგებიანობა დიდწილად დამოკიდებულია ოპერაციების ეფექტიან მართვაზე, მასშტაბზე და ხარჯების ოპტიმიზაციაზე.

“ეს არის ბიზნესი, სადაც დიდი ბრუნვა ავტომატურად არ ნიშნავს მაღალ მოგებას. ყოველდღიურად გვიწევს მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება ინფრასტრუქტურაში, ტრანსპორტირებაში, საბაჟო პროცესებში, ტექნოლოგიებსა და ადამიანურ რესურსებში.

რაც შეეხება მთავარ გამოწვევებს, გამოვყოფდი სამ მიმართულებას:

ოპერაციული ეფექტიანობა — მზარდი ამანათების ნაკადის სწრაფად და ხარისხიანად დამუშავება, შეფერხებების გარეშე.

კონკურენცია და ფასები — მომხმარებელი სულ უფრო მეტად არის ორიენტირებული დაბალ ფასსა და მიწოდების სისწრაფეზე, რაც კომპანიებისგან მუდმივ ოპტიმიზაციას მოითხოვს.

ადამიანური რესურსები და ინფრასტრუქტურა — დიდი მოცულობის პირობებში კვალიფიციური კადრების, საკურიერო ქსელისა და შესაბამისი ტექნოლოგიური სისტემების განვითარება.

ჩემი აზრით, ამ ბიზნესში წარმატებას აღწევენ ის კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ მასშტაბის ზრდასთან ერთად მომსახურების ხარისხის შენარჩუნება და თითოეული ამანათის დამუშავების ხარჯის ოპტიმიზაცია.

ONEX-ის სტრატეგიაც სწორედ ეს არის — არა უბრალოდ მეტი ამანათის გადაზიდვა, არამედ უფრო ეფექტიანი, ტექნოლოგიური და მომხმარებელზე ორიენტირებული ლოგისტიკური კომპანიის შექმნა”,-განაცხადა მარიამ ადამიამ.

მან “შავი პარასკევის” ფარგლებში შეთავაზებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კომპანიამ ახლახან დანერგა ლოიალობის პროგრამის ბონუს ქულა, რომლითაც 1 OnexCoin უდრის 1 თეთრს (100 ქოინი = 1 ლარი). დაგროვებული ქოინები გამოიყენება უცხოეთიდან გამოწერილი ამანათების ტრანსპორტირების (წონის) საფასურის შესამცირებლად.

“ეს ძალიან დიდი ბენეფიტია ჩვენი მომხმარებლებისთვის, რადგან რაც უფრო მეტს შოპინგობ ONEX-ის დახმარებით, მომხმარებლებს მით უფრო მეტი ქოინი უგროვდებათ. დაგროვილ ქოინებით ტრანსპორტირების თანხის დაზოგვა შეიძლება. მგონია, რომ აღნიშნული შეთავაზება ყველაზე დიდი აქციაა, რაც აქამდე გაგვიკეთებია. ეს არის მიმდინარე პროგრამა, რომელიც “შავ პარასკევსაც” ძალაში იქნება”,-განაცხადა მარიამ ადამიამ. 

გამოგვყევით