ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის ავთანდილ კასრაძის განცხადებით, საქართველოში დაახლოებით 70-მდე სტარტაპია, რომელმაც ჩადებულ ინვესტიციაზე მეტი ეკონომიკური ეფექტი დააგენერირა.
როგორც მან „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში აღნიშნა, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის ეს ძალიან კარგი ციფრია.
„სახელმწიფოს აქვს დომინანტური როლი სტარტაპებისა და ინოვაციების განვითარებაში. ვისურვებდით ქართული კერძო სექტორის კიდევ უფრო აქტიურ მხარდაჭერას ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპის მიმართულებით“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
გარდა ამისა, მან ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული ჰაბი ერთ-ერთი საამაყო პროექტია, სადაც თავმოყრილია ყველაფერი, რაც ინოვაციური პროდუქტის შექმნას უზრუნველყოფს.
„სულ 3 თვეა გახსნილია და ვიზიტორთა რაოდენობამ 50 000-ს გადააჭარბა. ყოველდღიურად ძალიან ბევრი ადამიანი მოდის. განსაკუთრებული ინტერესი სამეცნიერო-ტექნოლოგიურმა მუზეუმმა გამოიწვია. უმეტესად ახალგაზრდები არიან, რომლებიც რამდენჯერმე მოდიან. ისეთი დიზაინია, რომ აქ არავინ არაფერს გასწავლის, ეს არის აღმოჩენების სამყარო- შენ თვითონ მიდიხარ, ეხები, ექსპონატებთან გაქვს ინტერაქცია და სწავლობ, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის კანონი ასე რატომ მუშაობს, მერე შეგიძლია ამით ინოვაციური პროექტი შექმნა და ასე შემდეგ“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
მისი შეფასებით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი საუკეთესო შანსია ქალაქის განვითარებისა და მისი მომავლისთვის.
„ის არის ღია ჩვენი ქვეყნის და, პირველ რიგში, მთელი იმერეთის მასშტაბით ახალგაზრდა თაობისთვის, რომელიც მათ ასწავლის, როგორ იყვნენ ძლიერი და კონკურენტუნარიანი ბიზნესმოთამაშეები. დარწმუნებული ვარ, სულ რაღაც 5 წელიწადში აბსოლუტურად სხვანაირი ქუთაისი იქნება, ბევრად განვითარებული. მჯერა, ვისაუბრებთ ქუთაისის მაღალტექნოლოგიურ იდეებზე, რომლებიც მსოფლიოში წარმატებული იქნება. ტალანტი ყოველთვის იყო საქართველოში, საჭიროა სწორი ინსტრუმენტები და ეს ინსტრუმენტები თავიდან ბოლომდე გარანტირებულია ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში“, - განაცხადა კასრაძემ.