ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის ავთანდილ კასრაძის განცხადებით, ინოვაციური სტარტაპებისთვის დაახლოებით 50 მილიონ ლარამდე არის დახარჯული.
როგორც მან „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში აღნიშნა, ჯამში, ეკონომიკური სარგებელი დაახლოებით 900 მილიონი ლარია.
„ჩვენი მხრიდან ინოვაციური სტარტაპებისთვის დაახლოებით 50 მილიონ ლარამდე არის დახარჯული, მაშინ, როდესაც ქართული ინოვაციური სტარტაპის შემოსავალი ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტზე მთლიანად აისახება. მიღებული პირდაპირი ინვესტიციები 450 მილიონს აღემატება. ჯამში, ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 900 მილიონამდე არის უკვე ეკონომიკური სარგებელი გენერირებული“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ქართული სტარტაპებისთვის ბაზრების დივერსიფიცირება მოხდეს.
ავთანდილ კასრაძის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ შემდეგ წელს აფრიკული ბაზრის მიმართულება განვითარდეს.
„ქართული სტარტაპებისთვის მიმზიდველია როგორც ამერიკული, ასევე ევროპისა და აზიის ბაზარი. აზიის ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე მზარდია. ამერიკა და „სილიკონის ველი“ იმიტომ იყო მიზიდულობის ველი, რომ ინოვაციურ სტარტაპებში ძალიან დიდი საინვესტიციო კაპიტალია. თუმცა, ბაზრის მიმართულებით აზიური ბაზარი შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს. ბევრი მიზეზია, რის გამოც ქართული სტარტაპები უფრო ევროპული და ამერიკული ბაზრისკენ იხრებიან. პირველ რიგში, ენის ბარიერის გამო. გამომდინარე იქიდან, რომ ინგლისურ ენაზე უფრო მარტივია ქართული ინოვაციური სტარტაპებისთვის მუშაობა. თუმცა, მთავრობის ამოცანა არის, რომ სტარტაპებს ნებისმიერ კონტინენტზე ჰქონდეთ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. ჩვენ ძალიან კარგ პარტნიორულ ურთიერთობებს ვამყარებთ ამ ქვეყნის მთავრობებთან. ასევე, სინგაპურში ვიზიტისას მაღალი დონის შეხვედრები გვქონდა, მათ შორის მინისტრის დონეზე, სინგაპურის მთავრობასთან. ჩვენი ამოცანა იყო, როგორ შეიძლება ქართულმა სტარტაპებმა უფრო სწრაფად შეძლონ ინტეგრირება სინგაპურის და შემდეგ სამხრეთ აზიის ბაზარზე. ამ შემთხვევაში, არჩევანი არ არის ამერიკულ, ევროპულ და აზიურ ბაზარს შორის, სამივე ერთად არის. ვმუშაობთ, რომ შემდეგ წელს მხარი დავუჭიროთ აფრიკული ბაზრის მიმართულების განვითარებას. გამომდინარე იქიდან, რომ აფრიკული ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარია. საინტერესოა, რომ კონკურენცია უფრო ნაკლებია ამ ახალ ბაზრებში და ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი პირველი ვიყოთ, ვინც ამ მიმართულებით ნაბიჯებს გადადგამს“, - განაცხადა კასრაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო რამდენიმე წელია აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებში და წელს, პირველად, სინგაპურშიც იყო წარმოდგენილი.
„ქართული სტარტაპები უკვე იმ დონეზე არიან, რომ მათ შეუძლიათ საერთაშორისო ბაზრებზე გავიდნენ და ინვესტორები მოიზიდონ. ამისთვის კიდევ ერთი დამხმარე ინსტრუმენტია სახელმწიფოს მხრიდან ქვეყნის პავილიონით დიდ საერთაშორისო გამოფენებზე წარდგენა. წელს იყო პირველად, როდესაც ეს სინგაპურში მოვახერხეთ. სინგაპურსა და საქართველოს ძალიან ბევრი მსგავსება აქვს. ორივე პატარა ქვეყანა ვართ მოსახლეობის რაოდენობითაც და ძალიან ჰგავს მის გეოპოლიტიკურ ლოკაციას. ის არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრანზიტული დამაკავშირებელი. ამ მიმართულებით მათ იმდენად ბევრი ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტები გააკეთეს გადაზიდვებით, საპორტო მიმართულებით და ასე შემდეგ, რომ ისინი მთავარი კონკურენტუნარიანი ძალა გახდნენ. აქედან გამომდინარე, სინგაპური ყოველთვის არის მიზიდულობის ცენტრი, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მთელი მსოფლიოსთვის სინგაპური არის კარგი პლატფორმა, რომ უფრო დიდ ბაზრებზე გახვიდე, როგორიც არის ინდონეზია, მალაიზია, ჩინეთი, იაპონია და ა.შ. საქართველოსაც ეს თავისებურება აქვს. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ძალიან კარგი საგადასახადო კანონმდებლობით, ბიზნესრეგულაციით, სახელმწიფო მხარდაჭერის ინსტრუმენტებით და ასე შემდეგ, საქართველო არის ძალიან კარგი პლატფორმა, რომ ინოვაციური სტარტაპები გლობალურ ბაზარზე გავიდნენ. 5 სტარტაპი იყო წარმოდგენილი და მათ უკვე რამდენიმე შეთანხმებასაც კი მოაწერეს ხელი ინვესტორებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა ცალკე პანელი, სადაც აუდიტორიას საქართველოს შესახებ ვესაუბრეთ, როგორც წარმატებულ შემთხვევაზე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით“, - განაცხადა კასრაძემ.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის განმარტებით, მათი მიზანია არა მხოლოდ ფინანსურად დაუჭირონ მხარი ინოვაციურ სტარტაპებს, არამედ მისცენ უნარები, ცოდნა, კონტაქტები იმისთვის, რომ მათ მაღალტექნოლოგიური ინოვაციური კომპანიები შექმნან.
„შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საგადასახადო რეჟიმი არსებობს ქართული ინოვაციური სტარტაპებისთვის, რის შედეგადაც პირველი 3 წელი 0%-იანი საშემოსავლო-საგადასახადო რეჟიმია სტარტაპისთვის, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სწრაფად განვითარდება, რამდენ ადამიანს დაასაქმებს და რამდენი იქნება ბრუნვა. ეს ძალიან ძლიერი სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ საქართველო არის ადგილი, სადაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით მთავრობის ინტერესი და მხარდაჭერა არის ძალიან დიდი“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.