logo
Loading data...
1716208430
მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ აქსელერატორები თბილისში არიან

მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ აქსელერატორები - Startupbootcamp/Rainmaking, Plug and Play, UPTEC, Baltic Innovation Agency, USMAC, 2080 Ventures, Startup Wise Guys, 500 Global in Eurasia, German Accelerator თბილისში არიან. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ GITA 2.0 ფარგლებში მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები და ახალი ინიციატივები გააცნო, რომელიც სტარტაპებისთვის ახალი საგადასახადო რეჟიმის ამოქმედებასა და გლობალური მასშტაბირებადობის პოტენციალის ზრდას უწყობს ხელს.აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო აქსელერატორების როლი და ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის, როგორც ინოვაციების ჰაბად გარდაქმნას. სამუშაო პროცესში სტუმრებმა წარადგინეს თავიანთი ხედვები და გეგმები საქართველოში პროგრამის განხორციელების შესახებ.ავთანდილ კასრაძე - „საქართველოს მთავრობის გაცხადებული პრიორიტეტებია სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერა, შესაბამისად, ჩვენ წლების განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც ევროპულ, ასევე ამერიკულ აქსელერატორებთან და მთავრობის ახალი ინიციატივების საფუძველზე კიდევ უფრო მეტ ახალ შესაძლებლობას მივცემთ ქვეყანას, მოვახდინოთ პოზიციონირება, როგორც რეგიონალური ლიდერი ინოვაციების ეკოსისტემის ნაწილში. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი მსხვილი, გლობალურად წარმატებული აქსელერატორები არიან დაინტერესებული საქართველოში შემოსვლით, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის მნიშვნელოვან მიღწევებზე.“საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ დაფინანსდა გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპი და საგრანტო დაფინანსების ოდენობამ შეადგინა 38 მილიონი ლარი, შედეგად კი დაფინანსებულმა სტარტაპებმა ნახევარი მილიარდი ლარის კერძო ფინანსური სარგებელი მოიპოვეს და შექმნეს 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.

1715692260

ბუნებრივი ქსოვილებით შექმნილი ინტერიერის აქსესუარები - როგორია სტარტაპი Harmosphere-ს გეგმები

გარემოზე ზრუნვა ნებისმიერი ბიზნესისთვის პრიორიტეტული მიმართულება ხდება, მეტიც  ამ მოტივით სულ უფრო მეტი ბიზნესი იწყებს ოპერირებას.სტარტაპის Harmosphere თანადამფუძნებელი დიანა ლეჟავა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ყოველდღიურობაში შევიტანოთ მეტი კომფორტი და ამასთან, ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე. "სახლში სამუშაო პროცესი არის პირველი, რაც  ადამიანს სჭირდება. პანდემიის დროს, როდესაც ყველაზე დიდ დროს სახლში ვატარებდით, მე და ჩემმა დამ გადავწყვიტეთ, რომ რაღაცები რაც გვაკლია ჩვენით დაგვემზადებინა. ასე გაჩნდა ამ პატარა ბიზნესის წამოწყების იდეაც. ჩვენი პროდუქცია ნატურალური ტილოსგან იქმნება და ეკოლოგიური ფუნქციაც აქვს. გარდა ამისა, ჩვენი მიდგომა ნარჩენების გადამუშავებასთან მიმართებით განსხვავებულია და სულ პატარა ქსოვილითაც ვცდილობთ შევქმნათ პატარა ნივთები."-აცხადებს დიანა ლეჟავა.სტარტაპი, ამ ეტაპზე, 30-მდე სახეობის პროდუქტს აწარმოებს, ძირითადად სუფრებს, ხელსახოცებს, წინსაფრებს და ტომსიკებს, რომელიც მრავალჯერადი გამოყენებისაა და პოლიეთილენის პარკს ანაცვლებს.პროდუქცია ძირითადად ონლაინ იყიდება, ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა კონცეპტუალურ მაღაზიაში. განსაკუთრებული მოთხოვნაა საპურეებზე, ორმაგი დანიშნულების აქსესუარი გამოიყენება სერვირებისთვის და პურის შესანახად.სტარტაპმა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ გრანტიც მოიპოვა, რისი საშაულებითაც მოხდა დანადგარების შეძენა, წარმადობის ზრდა და დამატებითი კადრების დასაქმებაც. ამასთან, გაფართოებამ კორპორატიული შეკვეთის დამზადება კიდევ უფრო გააიოლა."ინტერიერის აქსესუარებს ბევრი ადგილობრივი კომპანია აწარმოებს და იმპორტირებული პროდუქციაც საკმაოდ ბევრია ბაზარზე. თუმცა, ჩვენი ნიშა არის სადა დიზაინი და მასალა. მომავალში დავამატებთ ასევე ნაქსოვ პლედებს, ამისთვის აღჭურვილობა უკვე შეძენილი გვაქვს,“-ამბობს დიანა ლეჟავა.სტარტაპი თავიდანვე გულისხმობდა ისეთი პროდუქციის შექმნას, რომელიც საქართველოს საზღვრებს გასცდებოდა, აქსესუარების გამრავალფეროვნების შემდეგ, კომპანიის მთავარი გეგმა სწორედ ექსპორტზე გასვლაა.

1715179080

პირველად ქართულ სტარტაპ ეკოსისტემაში - CityPay.io-მ Tether.to-სგან $10 მლნ-ის Series A ინვესტიცია მიიღო

კრიპტო გადახდის პლატფორმა CityPay.io-მ Tether.to-სგან 10 მილიონი დოლარის Series A ინვესტიცია მიიღო, რაც ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის უპრეცედენტოა, - ამის შესახებ CityPay.io საკუთარ Facebook გვერდზე წერს. "Tether Operations Limited, რომელიც უმსხვილესი კომპანიაა ციფრული აქტივების ინდუსტრიაში მომხმარებლებს სხვადასხვა პროდუქტებს სთავაზობს, მათ შორის ყველაზე ცნობილი სტაბილური კრიპტოვალუტა USDt-ია. CityPay.io ინვესტიციის დახმარებით გეგმავს მოიცვას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი მათ შორის საქართველო, უზბეკეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი,"-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეაგხსენებთ, CityPay.io - კრიპტო გადახდის მიღების პლატფორმაა, რომელიც პარტნიორ კომპანიებს საშუალებას აძლევს გადახდები მიიღონ სასურველ ვალუტაში კონვერტაციით.

1713006000

შინაური ცხოველების მოვლის სერვისები ერთ სივრცეში - როგორია სტარტაპი TATI-ს გეგმები

პლატფორმა, რომელიც შინაური ცხოველების მოვლისთვის ყველა საჭირო სერვისს ერთ სივრცეში აერთიანებს.როგორც სტარატპი TATI-ს თანადამფუძნებელი სერგი აბაშიძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ხშირად პატრონებმა არ იციან რა სჭირდებათ მათ ოთხფეხა მეგობრებს, გარშემო რა სერვისები არსებობს და სიტყვიერი რეკომენდაციებითა თუ რჩევებით იღებენ გადაწყვეტილებას, რაც გარკვეულ რისკებთანაც შეიძლება იყოს დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, შექმნეს აპლიკაცია, რომელიც ოთხფეხა მეგობრების მოვლას ამარტივებს და ისეთ სერვისებს, როგორიცაა:  გრუმინგი, ვეტერინართან ვიზიტი, გასეირნება, სასტუმრო და სხვა, ერთ სივრცეში უყრის თავს.აპლიკაციის შექმნისას გუნდის თითოეული წევრის ინსპირაციის წყარო სწორედ საკუთარი შინაური ცხოველი იყო."TATI-ს ინსპირაცია არის ჩემი ოთხფეხა მეგობარი ლეო, რადგან როცა ავიყვანეთ არ ვიცოდით გარშემო რა სერვისები არსებობდა და თათი ზუსტად ამ მიზანს ისახავს, რომ მომხმარებელს აჩვენოს თუ მოვლის რა სერვისები არსებობს. იმედი გვაქვს თათის ჩაწერით მომხმარებლებს თავიანთი ოთხფეხა მეგობრების მოვლას გავუადვილებთ,"- ამბობს სერგი აბაშიძე.აპლიკაციაზე მუშაობა გუნდმა 6 თვის წინ დაიწყო, თუმცა 2 თვეა ჩაეშვა და უკვე 1000 რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს, რომელთა რიცხვიც ყოველდღიურად იზრდება. პლატფორმის ინოვაციურობა არამხოლოდ ცხოველის მოვლის სერვისების შეთავაზებაშია, არამედ მის დამატებით ფუნქციონალებშიც, მაგალითად მომხმარებელს აქვს დღიური, სადაც შესაძლებელია მნიშვნელოვანი თარიღების, მაგალითად, ვაქცინაციის, ვეტ -კლინიკაში ვიზიტის დაგეგმვა და ამის შესახებ დროული შეტყობინებების მიღება.სტრატაპის თანადამფუძნებლის ბესიკ ექსეულიძის თქმით, აპლიკაცია ნებისმიერი ადამიანისთვის უფასოა, ასევე ერთ მომხმარებელს სისტემაში რამდენიმე ცხოველის დამატება შეუძლია."ჩვენი მთავარი მიზანია ჩავრთოთ თითოეული მიმართულება, ახლა თუ გრუუმინგი გვაქვს ეტაპობრივად ვამატებთ შემდეგ სერვისებს: ზოომაღაზია, გასეირნება, ვერ კლინიკას და ა.შ. და მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ყველა სერვისით ისარგებლოს, შემდგომ ჩვენი მთავარი მიზანია გავცდეთ საქართველოს ფარგლებს, გავიდეთ სხვა ბაზარზე და მოვახდინოთ პოზიციონირება, როგორც ევროპის, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნების ბაზარზე,"-აღნიშნავს ბესიკ ექსეულიძე.აღსანიშნავია, რომ პლატფორმას აქვს ორი მხარე, მომხმარებლების პანელი და პარტნიორი კომპანიების, რომლებსაც საშუალება აქვთ დააკვირდნენ ჯავშნებს, თანამშრომლების ქცევას და მათ შორის აკონტროლონ ფინანსებიც."ჩვენ ბიზნესპარტნიორებს პანელი სთავაზობს მათი სერვისების  ეფექტურ მართვას. აპლიკაციაში რამდენიმე მოდულია, ერთ-ერთია მაგალითად ჯავშნების მოდული, ასევე ფინანსების განკარგვის ნაწილშიც ეხმარება, ხარჯების დათვლაში. გვაქვს თანამშრომლების მოდულიც, სადაც კომპანიებს შეუძლიათ მართონ სამუშაო საათები, დეი ოფები და სხვა."-აცხადებს სტარტაპის CTO დავით სარჯველაძე.TATI-ს გეგმები დიდია, გუნდი საქართველოს ბაზრის ათვისების შემდეგ სხვა ქვეყნებში გასვლასაც გეგმავს, თუმცა უახლოესი გეგმა საგრანტო კონკურსში გამარჯვებაა, რაც დასახული მიზნების ეფექტურად და სწრაფად განვითარებაში დაეხმარებათ.

1712929740

თორნიკე ცირამუა: Product Hunt-მა გამარჯვება წაგვართვა

Product Hunt-მა გამარჯვება წაგვართვა!, - ამის შესახებ კომპანია Biliki.AI-ს დამფუძნებელი თორნიკე ცირამუა სოციალურ ქსელში წერს.თორნიკე ცირამუა Product Hunt-ისგან განმარტებას ითხოვს - რატომ მოხდა "ბილიკის" კონკურსიდან გამოთიშვა. მისივე ინფორმაციით, მათ კონკურსის არც ერთი წესი არ დაურღვევიათ.''როგორც იცით Product Hunt-ზე კონკურსში ვიღებდით მონაწილეობას, სადაც გამარჯვებისთვის ხმის მიცემა იყო საჭირო. კონკურსი 24 საათიანი იყო და მთელი დღის და ღამის განმავლობაში პირველ ადგილზე ვიყავით და საშუალოდ 90 ხმით ჩამოგვრჩებოდა კონკურენტი. ვუსწრებდით ისეთ კონკურენტებს, რომელთაც 30 მილიონიანი ინვესტიცია აქვთ მოზიდული და წარმოიდგინეთ ჩვენნაირი პატარა სტარტაპისთვის რამხელა გამარჯვება იქნებოდა. კონკურსის სპეციფიკიდან გამომდინარე, 24 საათი არ გვძინებია მთელ გუნდს და ვადევნებდით თვალს პროცესს. გამთენიისას 4:30-ზე, Biliki AI ქრება კონკურსიდან და გვაკლდება 150 ხმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. როგორც ახლა გავარკვიეთ, დააფიქსირეს ბოტების აქტივობა ჩვენს ხმებში, ისე რომ არ გვეუბნებიან რას გულისხმობენ ბოტებში. ზუსტად ვიცით, რომ მივყვებოდით მათ წესებს და საუკეთესო პრაქტიკებს, შესაბამისად არ ყოფილა ჩვენი მხრიდან წესებიდან გადახვევა. თქვენი მხარდაჭერით, ვახერხებდით გამარჯვებას, რომელიც აღიარებასთან ერთად, მოგვიტანდა ცნობადაობას, რომელიც მოვასწარით და მივიღეთ, ახალ პარტნიორობებს და საინვესტეციო შესაძლებლობებს. ძალიან გვინდოდა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის პატარა გამარჯვება მოგვეტანა და საერთაშორისო დონეზე გაგვეტანა საქართველო. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ და გვაქვს უსამართლობის შეგრძნება. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ამ ამბავს ასე არ დავტოვებთ და გვჯერა, რომ შევძლებთ ჩვენი ხმების და სტატუსის დაბრუნებას!'', - წერს ცირამუა.ცნობისთვის, Product Hunt-ზე მსოფლიოდან, ახალი პროდუქტები ეშვებიან. ეს ტექნოლოგიების სფეროსთვის და სტარტაპებისთვის არის როგორც "ოსკარი". Product Hunt-ზე ისეთი კომპანიები გაეშვნენ და პირველად წარადგინეს თავის პროდუქტი როგორიც არის: ChatGPT, Canva, Notion, Stripe, TikTok და სხვა მრავლი წარმატებული კომპანია. ამ პლატფორმაზე არსებული "იუზერები", რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ პროდუქტების შექმნაში, განხილვაში და ტექ. და სტარტაპ სფეროს წარმოადგენენ, ხმის მიცემით, პროდუქტის მიმოხილვით და კომენტარებით ირჩევენ საუკეთესო პროდუქტს, დღის, კვირის, თვის.

1712904370

GITA -ს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით, პირველად საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით, 2024 წლის 20 აპრილს, 14:00 საათზე, D Block-ის სამუშაო სივრცეში  (მის: სასტუმრო სტამბა, მ. კოსტავას  ქ. 14) პირველად საქართველოში გაიმართება Microsoft for Startups  ღონისძიება. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს Microsoft-ს მხრიდან პირველ აქტივობას კავკასიის რეგიონში. ღონისძიების მთავარი სპიკერი იქნება სპეციალურად მოწვეული სტუმარი - Microsoft-ის პარტნიორული განვითარების მრჩეველი ედრიან გეორგი (Adrian Gheorghe).ღონისძიებას გახსნიან StrategEast-ის კავკასიის რეგიონალური დირექტორი ლიკა მერაბიშვილი, GITA-ს ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტის უფროსი სალომე ნაფეტვარიძე და D Block-ის აღმასრულებელი დირექტორი ანი დაბრუნდაშვილი.ღონისძიების მიზანია სტარტაპებისა და ინოვაციური IT კომპანიების მხარდაჭერა და მათი გაძლიერება. შეხვედრას დაესწრებიან სტარტაპების, IT კომპანიებისა და სხვა სექტორის წარმომადგენლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. ღონისძიება ღიაა და დასწრება შესაძლებელია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ღონისძიება D Block-ის  მხარდაჭერით იმართება.ღონისძიების რეგისტრაცია

1712750296

გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოებაზე რეგისტრაცია დაიწყო

როგორც უკვე დაანონსდა, 2024 წლის 28 მაისს, თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარაპ დაჯილდოება გაიმართება!დაჯილდოებაზე რეგისტრაცია დღეიდან ღიაა, როგორც საკუთარი თავის კანდიდატურის წარდგენისთვის, ასევე, სხვების ნომინირებისთვის! ნომინაციები შემუშავდა გიორგი ტუხაშვილის პერსონიდან გამომდინარე - თუ რა ღირებულებებს ატარებდა და რისთვის იბრძოდა. გიორგი მყარი ღირებულებების მატარებელი, განსაკუთრებულად პოზიტიური და ენერგიული იყო, რომელმაც მრავალი ადამიანის სიყვარული დაიმსახურა. ის იყო თვითგანვითარებაზე ორიენტირებული, რომელიც მუდმივად ცდილობდა საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმისთვის მიეღწია. გიორგის ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება ემსახურება სწორედ მისი ღირებულებების წინ წამოწევას და ამით მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის გაგრძელებას.დაჯილდოების შესახებ:დაჯილდოება იქნება ყოველწლიური და სიმბოლურად ჩატარდება 30 მაისს, გიორგის დაბადების დღეს (წლევანდელი გამონაკლისით). წლევანდელ დაჯილდოებას, რომელიც 28 მაისს ჩატარდება, ექნება 8 ნომინაცია და ღია იქნება როგორც საკუთარი თავის, ასევე, სხვების ნომინირებისთვის. გაიცანით ნომინაციები: Boldest Startup: ეს არის სტარტაპისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია ტექნოლოგიური სტარტაპების გაძლიერება. ამ კატეგორიაში, გვსურს ვაღიაროთ სტარტაპი, რომელმაც წლის მანძილზე მოახდინა მნიშვნელოვანი და სისტემური პროგრესი მისი დიდი მიზნების გზაზე. ამ კატეგორიას ეყოლება ორი გამაჯვებული - ერთი ქალის, და მეორე კაცის მიერ დაფუძნებული სტარტაპი. Impact Startup: ეს არის სტარტაპისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია ისეთი მაღალი მასშტაბირების მქონე სტარტაპის აღიარება, რომელსაც ამავდროულად მოაქვს პოზიტიური გავლენა საზოგადოებაზე ან გარემოზე. Servant Leader: ეს არის ინდივიდისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია, აღმოაჩინოს ფარული ლიდერი, თავმდაბალი და ღირებულებების მატარებელი ადამიანი, რომელიც სხვების მხარდაჭერით არის დაკავებული პირადი ინტერესების ან თვით-პიარის გარეშე. როგორც უანგარო ლიდერი, ის პირველ რიგში თავისი ქმედებებით და საქმიანობით მაგალითს აძლევს თავისი გუნდის წევრებს და სტარტაპ ეკოსისტემას. Startup Gemini: ეს არის ინდივიდისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია, აღიაროს სტარტაპ სფეროს განმანათლებელი. ადამიანი, რომელიც მუდმივად ზრუნავს თვითგანვითარებაზე და ახდენს სტარტაპ კულტურის და სხვა საკითხების პოპულარიზაციას ბლოგების თუ ვლოგების საშუალებით. Mindful Founder: ეს არის ინდივიდისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია მენტალური ჯანმრთელობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის როლური მოდელის წახალისება. ადამიანის, რომელიც გააზრებულად უდგება თვით-ზრუნვას და მსგავს მაგალითს აძლევს სტარტაპ საზოგადოებას. Teen Founder: ეს არის 18 წლამდე სტარტაპ დამფუძნებლისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია ტექნოლოგიური სტარტაპების წახალისება ახალგაზრდებს შორის. ამ კატეგორიაში, გვსურს ვაღიაროთ ახალგაზხრდა დამფუძნებელი, რომელმაც წლის მანძილზე მოახდინა მნიშვნელოვანი პროგრესი კომპანიის შექმნა და განვითარებისთვის. Super Connector: ეს არის ინდივიდისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია აღიაროს ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ადამიანების დაკავშირებაში მათი დიდი სტარტაპ მიზნების მისაღწევად. Super Angel: ეს არის სტარტაპ ინვესტორისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია აღიაროს ადამიანი, რომელიც სტარტაპისთვის აკეთებს მეტს ვიდრე დაფინანსება. ადამიანი, რომელიც არის სტარტაპისთვის შესაძლებლობების შემქმნელი მათთვის ახალი კავშირების დამყარების, ახალ ბაზრებზე წვდომის გახსნის, საკუთარი ექსპერტიზით მენტორინგის, თუ სხვა კუთხით. რეგისტრაცია და წარდგენის ბოლო ვადა:შემოსული განაცხადების საფუძველზე, ნომინაციის გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური. დაჯილდოება დაკავშირებული იქნება მნიშვნელოვან პრიზებთან, როგორიცაა: სამოგზაურო გრანტი საერთაშორისო სტარტაპ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, გრძელვადიანი მენტორინგი, სასწავლო სტიპენდია სამეწარმეო ან ტექნიკური კურსის გასავლელად და სხვა. რეგისტრაციისთვის შეავსეთ განაცხადი ბმულზე: კანდიდატურის წარდგენის ბოლო ვადა: 30 აპრილი, 2024 დაჯილდოება გაიმართება 28 მაისს, სადაც დასახელდება ჯილდოს თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული. 

1712561816

თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება გაიმართება

2024 წლის 28 მაისს, თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარაპ დაჯილდოება გაიმართება, გიორგის სახელის უკვდავსაყოფად და იმ სიკეთისთვის, რასაც გიორგი სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლისთვის აკეთებდა!გიორგი ტუხაშვილის დაღუპვის გამო, 2024 წელი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისთვის ტრაგიკულად დაიწყო. გიორგი  წარმატებული ქართული სტარტაპის - Kernel-ის თანადამფუძნებელი, სტარტაპ გრაინდის დირექტორი, კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის პროგრამის ხელმძღვანელი იყო და, ზოგადად, ის გახლდათ ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მშენებელი. მისი დაკარგვა განუზომლად დიდი დანაკლისია ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და მთელი საქართველოსთვის.ყოველივე ამის ფონზე, გიორგის მეგობრებს დღეს გაორმაგებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რათა გაგრძელდეს იმ დიდი მიზნებისთვის ბრძოლა, რისთვისაც გიორგი იბრძოდა. მათ სჯერათ, რომ ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ მისი მაგალითის მომავალი თაობებისთვის გასაცნობად. ასევე, მიიჩნევენ, რომ მათივე ზრუნვის საგანია გიორგის მიერ დაწყებული სტარტაპ ეკოსისტემასთან დაკავშირებული საქმეების ბოლომდე მიყვანა და, ამავდროულად, გიორგის ოჯახის მხარდაჭერა.ვინ იყო გიორგი ტუხაშვილი?გიორგი მყარი ღირებულებების მატარებელი, განსაკუთრებულად პოზიტიური და ენერგიული ადამიანი იყო, რომელმაც მრავალი ადამიანის სიყვარული დაიმსახურა. ის იყო თვითგანვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი, რომელიც მუდმივად ცდილობდა საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმისთვის მიეღწია. გიორგი, როგორც  სტაპრტაპ საზოგადოების აზრის ლიდერი, იყო უანგარო სიკეთისმყოფელი, მხარეთა დამაკავშირებელი, შრომისმოყვარე და თავმდაბალი პიროვნება. ამას გარდა, ის იყო ოთხი შვილის მამა, ერთგული მეუღე, ათლეტი, ჯანსაღი ცხოვრების წესის მაგალითის მიმცემი და პროგრესული ქრისტიანი. გიორგის მეგობრებს სურთ, მისი ღირებულებების წინ წამოწევით, გააგრძელონ და განავითარონ  მის მიერ დატოვებული  მემკვიდრეობა. ამ მიზნით, ისინი აანონსებენ გიორგის ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოების დაწყებას. რას გულისხმობს გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება?წელს, დაჯილდოებას ექნება 8 ნომინაცია, რომელიც ღია იქნება ყველასთვის როგორც საკუთარი თავის, ასევე, სხვების ნომინირებისთვის. ნომინაციებში წარმოდგენილი იქნება კატეგორიები, რომელიც წარმოაჩენს გიორგის ღირებულებებს და იმას, თუ რისთვის იბრძოდა ის. დეტალური ინფორმაცია ნომინაციების შესახებ მალე გახდება ცნობილი და ხელმისაწვდომი იქნება აპლიკაციის განაცხადში. იქნება როგორც ინდივიდუალური, ასევე ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი ნომინაციები. შემოსული განაცხადების საფუძველზე, ნომინაციის გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური.დაჯილდოების მიზანი იქნება: გაზიარებული ღირებულებების პოპულარიზაცია: ვაღიაროთ ინდივიდები და სტარტაპები, რომლებიც განასახიერებენ ისეთ  ღირებულებებს, როგორიცაა სიკეთე, ლიდერობა, ინოვაცია და სოციალური პასუხისმგებლობა. Ყოველივე ამით, შთავაგონოთ მომავალი თაობები, გააგრძელონ ღირებულებებზე დაფუძნებული საქმიანობა. ტექნოლოგიური მეწარმეობის წახალისება: დაჯილდოება წარმატებულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს წარმოაჩენს, რაც ხელს შეუწყობს და წაახალისებს მათ შემდგომ ზრდას და განვითარებას. სტარტაპ საზოგადოების გაერთიანება: ჯილდოები მიზნად დაისახავს ისეთი ადამიანების წარმოჩენას, რომელთა საქმიანობაც საჭირო ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებას და ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს, ჩვენს ენერგიულ სამეწარმეო საზოგადოებაში. კრიტიკული დანაკლისის შევსება ეკოსისტემაში: საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემას ჰყავს არაჩვეულებრივი ადამიანები, რომელთა საქმიანობაც აღნიშვნის ღირსია. ჩვენ დავაგვიანეთ გიორგის აღიარება, მაგრამ გვსურს არ დავაგვიანოთ სხვა შემთხვევებში. გვჯერა, ყველა სიკეთის მკეთებელი იმსახურებს აღიარებას და მადლიერებას საზოგადოებისგან!  დაჯილდოება დაკავშირებული იქნება მნიშვნელოვან პრიზებთან, როგორიცაა: სამოგზაურო გრანტი საერთაშორისო სტარტაპ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, გრძელვადიანი მენტორინგი, სასწავლო სტიპენდია სამეწარმეო ან ტექნიკური კურსის გასავლელად და სხვა.როგორ შეგიძლიათ ჩაერთოთ?მეგობრების ღრმა რწმენით, ამ ინიციატივის წარმატება დამოკიდებულია საზოგადოების მხარდაჭერაზე, რადგან ეს არის მოხალისეობრივი ინიციატივა. ჯილდოს ორგანიზატორები მოუწოდენენ ორგანიზაციებს, ჩაერთონ და დაუჭირონ მხარი, რათა დაჯილდოვებამ ყოველწლიური ხასიათი მიიღოს.  გიორგის მეგობრების ღრმა რწმენით, ერთობლივი თანამშრომლობით, ჩვენ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ გიორგის მემკვიდრეობის გააგრძელება საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის მშენებლობისთვის. ეს დაჯილდოება იქნება მუდმივი შეხსენება მომავალი თაობებისთვის, რომ ჩვენ ყველას გვაქვს ძალა, შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ. 

1712290680

"სტარტაპ საქართველომ" ინოვაციური პროექტების დაფინანსება განაახლა

"სტარტაპ საქართველო" ინოვაციური პროექტების დაფინანსებას აახლებს - პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი 100 000 ლარია და განაცხადების მიღება უკვე დაიწყო, - ამის შესახებ "სტარტაპ საქართველოს" დირექტორმა გიორგი ლომიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის მიმართ სტარტაპერების მხრიდან დაინტერესება საკმაოდ მაღალია. "ჩვენი პრიორიტეტია, რომ ისეთ დამწყებ ბიზნესებს შევუწყოთ ხელი, რომელიც ექსპორტის პოტენციალს გააჩენს ქვეყანაში და იმპორტის ჩანაცვლების შესაძლებლობაზე იმუშავებენ და ბაზრის ჩავარდნას აღმოფხვრიან კონკრეტული რეგიონის მასშტაბით. გარდა ამისა, ხელს შევუწყობთ ბიზნესებს, რომლებიც თვისობრივად ახალ გადაწყვეტებს სთავაზობენ პრობლემის ტექნოლოგიების კუთხით და გარემოს დაცვითაც - თუ რამე ისეთი ინოვაციური მასშტაბით, ან მსოფლიოში კარგად მუშაობს, მისი დუბლირება ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება. ჩვენ ვაფინანსებთ ბიზნეს იდეის ბიუჯეტის 90%-ს და სტარტაპერს მოეთხოვება მხოლოდ თანამონაწილეობის 10%-ის მოტანა. ისინი კომპანიაში იქნებიან წილის მაჟორიტარი მფლობელები. ჩვენ არ გვაქვს ინტერესი, რომ კომპანიაში წილს დავეუფლოთ და ჩვენ ამ წილსაც ვთმობთ კონკრეტული გამოსყიდვის ვადის გასვლის მერე და 100%-იან მფლობელობაში ვაბრუნებთ სტარტაპერთან.  ჩვენი ზედა და ქვედა ზღვარი არის 15 000-დან 100 000 ლარამდე", - განაცხადა გიორგი ლომიძემ. 

1711646580

GITA-ს "₾25 000-მდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გურიაში ცნობილია

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის  „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გურიის რეგიონში გამოვლინდნენ.კერძოდ, ArtOa.io - ინოვაციური პლატფორმა, რომელიც შეუფერხებლად აკავშირებს კედლის მხატვრებსა და მომხმარებლებს. უნიკალური AI/AR Order Generator ტექნოლოგია მომხმარებელს მისცემს საშუალებას, შექმნას კედლის იდეალური არტი წუთებში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დროსა და ძალისხმევას, რომელიც საჭიროა არტ-ინსტალაციის პროცესში. (ოზურგეთი); Tailor.ge - პროექტის მიზანია Software პლატფორმის შექმნა სამკერვალოებისთვის, ვებ გვერდზე შეთავაზებული სხვადასხვა თარგისგან სასურველი ესკიზის შესაქმნელად. (ოზურგეთი); Rize.ge - პროექტის ფარგლებში შეიქმნება პირველი ქართული ციფრული დონაციის პლატფორმა იუთუბერებისთვის, ინფლუენსერებისა თუ საჯარო ფიგურებისთვის, რომლებსაც სურთ crowdfunding - ის დახმარებით განავითარონ კონტენტი (ლანჩხუთ).რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს საქართველოს ყველა რეგიონიდან უკვე გამოვლინდა 41 გამარჯვებული. მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ gita.gov.ge-ზე. აჭარას, გურიასა და იმერეთში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კი 29 იანვრიდან შესაძლებლობა ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge  მეშვეობით წარედგინათ განაცხადები.შერჩეულმა სტარტაპებმა გაიარეს ტრენინგები, რომელიც მოიცავდა ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“.ტრენინგების გავლის შემდეგ, სტარტაპებმა პროექტები წარადგინეს კომისიის წინაშე, რომელიც დაკომპლექტებული იყო შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით.საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. არარეგისტრირებულმა პირმა, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით