logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

"AI-ით ჩანაცვლების ყველაზე დიდი რისკის წინაშე, ქოლ-ცენტრის ოპერატორები დგანან" - გიგი გიორგაძე

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დამფუძნებლის, გიგი გიორგაძის ინფორმაციით, მომავალში დასაქმებულს სამსახურში ჩაანაცვლებს არა ხელოვნური ინტელექტი, არამედ პირი, რომელიც AI-ს უკეთ ფლობს, რადგან საქმეს უფრო სწრაფად გააკეთებს.

როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" გიგი გიორგაძე აღნიშნავს, ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლების ყველაზე დიდი რისკის წინაშე ქოლ-ცენტრის ოპერატორები დგანან.

ამასთან, ასოციაციის დამფუძნებელი ბიზნესის შესახებაც დეტალურად საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ აღნიშნულ სექტორში AI ათვისება მაღალი არ არის, თუმცა ნელ-ნელა ჩნდება.

"ადამიანები ხელოვნურ ინტელექტს საკუთარი საქმისთვის უფრო მეტად იყენებენ, აღნიშნული სფეროს წარმომადგენლები ძირითადად ურბანულ, კორპორაციულ გარემოში დასაქმებული პირები არიან, ასევე ახალგაზრდები, მოსწავლეები გახლავთ. რაც შეეხება ბიზნესს -  ათვისება მაღალი არ არის, თუმცა, ქართული ბიზნესისგან ხშირად გაიგებთ - "რამე  AI მინდა". ხელოვნური ინტელექტი ყველაზე კარგად საბანკო სექტორშია დანერგილი, საქართველოში ორივე წამყვანი ბანკი  AI-ის აქტიურად იყენებს.

ზოგადად, AI დიდი ტერმინია და სხვადასხვა, მიმართულებას მოიცავს, ეს შეიძლება იყოს - გენერაციული ინტელექტი, მანქანური სწავლება და ა.შ. ხელოვნური ინტელექტის კომპანიებში დანერგვა, განსაკუთრებით საქართველოში ძალიან ექსპერიმენტული საკითხია. ძირითადად, პირველი რამდენიმე თვე პროცესებს ვაკვირდებით, აღნიშნულ დროს შესაძლოა, ბევრი შეცდომა გამოვლიდეს... ზოგადად, სამსახურში ჩაგვანაცვლებს ადამიანი, რომელიც  AI-ის უფრო კარგად იყენებს, რადგან საქმეს უფრო სწრაფად გააკეთებს.  AI-ის გამოყენება მე მგონია, რომ ყველა პროფესიაში არ მოხდება, როდესაც ჩანაცვლებაზე მიდგება საქმე, პირველ ადგილზე ქოლცენტრის ოპერატორები სახელდებიან ხოლმე. საქართველოში აღნიშნული პროცესი (ჩანაცვლების) უკვე დაწყებულია", - აღნიშნავს გიგი გიორგაძე.

ცნობისთვის, ხელოვნური ინტელექტი (შემოკლებით AI) კომპიუტერული მეცნიერების დარგია, რომელიც მიზნად ისახავს ინტელექტუალურ კომპიუტერულ მანქანის/პროგრამის შექმნას, რომელსაც შესაძლებლობა ექნება ადამიანის ინტელექტის დონეს მიაღწიოს. ამასთან, ხელოვნური ინტელექტის წარმოქმნის თარიღად XIX საუკუნეს მიიჩნევენ.

გამოგვყევით