მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის თავმჯდომარის, გიორგი მარგებაძის განცხადებით, საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის წასახალისებლად ტარიფების გადახედვა აუცილებელია.
როგორც მან „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, ეკონომიკის სამინისტროსთან აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომ ტარიფი გადაიხედოს და სადგურებს აუქციონის პრინციპით სხვა ტარიფი შესთავაზონ.
„დღეს ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკული დეპარტამენტის მიმართულებით ნამდვილად სწორ მიმართულებას ადგას. ჩვენ ვხედავთ იმ გვერდში დგომას, რომელიც დეველოპერებს გვაქვს. ვხედავთ, რამდენ კანონპროექტზე მიდის ახლა მუშაობა, რომ ჩვენი სფერო გაჯანსაღდეს. ვგულისხმობ ქონების გადასახადის ნაწილში კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს და ახლა ამაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს გვაქვს, ეს არის ტარიფი. თუ გვინდა, რომ ჩვენი რესურსები განვავითაროთ, ის ტარიფი, რომელიც პირველი და მეორე აუქციონით გვაქვს, საკმარისი არ არის. ელემენტარულად რომ ვთქვათ, მარტო საწვავის ფასის ზრდამ იმხელა ეფექტი იქონია ზოგადად მშენებლობაზე, რომ მარტო საწვავის კუთხით 10%-ით არის გაზრდილი. აღარ ვსაუბრობ იმაზე, როგორ გაძვირდა პროდუქტი, ვგულისხმობ მილსადენს, რომელიც უნდა შეისყიდო, აგრეგატებს, რომლებიც ევროპიდან მოგვაქვს. დაახლოებით 35%-ით არის ყველაფერი გაზრდილი.
შესაბამისად, ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს სამინისტროსთან, მინისტრთანაც, და ველოდებით, რომ მესამე აუქციონი ჩატარდეს, გადაიხედოს ტარიფები და სადგურებს აუქციონის პრინციპით უკვე სხვა ტარიფი ჰქონდეთ შეთავაზებული, რაც ამ ეტაპზე დეველოპმენტისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა. ჩვენ თუ გვინდა, რომ სადგურები აშენდეს, ეს ტარიფი საკმარისი აღარ არის. თუ გვსურს, რომ საქართველოში ინვესტორმა სადგურები ააშენოს, მას ადეკვატური ტარიფი უნდა შევთავაზოთ",- განაცხადა გიორგი მარგებაძემ.
მან ასევე განმარტა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის სისტემის გაჯანსაღება და ახალი ელექტროქსელების მშენებლობა.
„ვგულისხმობ თუნდაც ქვესადგურების განახლებას, სარეზერვო სისტემებს. ისეთი ბატარეები რომ შეიქმნას, სარეზერვო სისტემა გვქონდეს. პრობლემამ, როდესაც ჩავქრით და ენგურმაც ვერ იმუშავა ისე, როგორც უნდა ემუშავა, საბოლოოდ მიგვაღებინა ის, რომ აგვისტოს თვეში თბოსადგურები გვქონდა ჩართული. ამიტომ ძალიან კომპლექსურია ეს ყველაფერი. აუცილებელია ქსელების განახლება. აუცილებელია, ჰიდროდეველოპერებს ახალი ტარიფი შევთავაზოთ, რადგან მის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია“, - განაცხადა გიორგი მარგებაძემ.
როგორც მან აღნიშნა, არსებული ტარიფები ინვესტორებისთვის მიმზიდველი აღარ არის, რის გამოც არაერთი პროექტი შეჩერებულია ან სრულად ვერ ხორციელდება.
„ყველა ვხედავთ, რომ ეს ტარიფის ბრალია. ამიტომ, პირველ რიგში, ტარიფია გადასახედი, რომ უფრო მიმზიდველი გახდეს. უკუგების პერიოდი მინიმუმ 4-5-6 წლამდე უნდა ჩამოვიდეს, რომ დაინტერესება მაღალი იყოს. ზუსტად იგივე მოხდა სომხეთშიც“, - განაცხადა გიორგი მარგებაძემ.
მისი თქმით, უახლოეს წლებში ვნახავთ, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შუამავლის გარეშე იმპორტს რა შედეგები ექნება.
„ჩვენ ელექტროენერგიის იმპორტს ვახორციელებთ. შესაბამისად, ნავთობისგან განსხვავებით, რომელსაც „შავ ოქროს“ ვეძახით, ცოტა ხანში ელექტროენერგია ნავთობზე პრიორიტეტული გახდება, რადგან ვხედავთ, ზოგადად, სამყარო რა მიმართულებით მიდის. ყველაფერი ელექტროენერგიაზე გადადის. ვგულისხმობ DATA ცენტრებს“, ხელოვნური ინტელექტის განვითარებას. საბოლოოდ, ჩვენ გაიაფებას მივიღებთ თუ არა, ამას დრო გვიჩვენებს. ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან ამოვარდა შუამავალი, რომელიც გარკვეულ მარჟას საკუთარ ბიზნესს ახმარდა და მოგებას იღებდა. ახლა ეს მოგება გამოთავისუფლდება“, - განაცხადა გიორგი მარგებაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან შუამავლის გარეშე განხორციელდება. მისი თქმით, აზერბაიჯანთან გაფორმებული საეტაპო მნიშვნელობის ხელშეკრულებით, 20-წლიან პერსპექტივაში საქართველომ მიიღო გარანტიები როგორც გაზის მოცულობის, ისე დაბალი ფასის კუთხით.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შუამავლის გარეშე განხორციელდება ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან და არც ერთი ქვეყნიდან აღარ განხორციელდება იმპორტი შუამავლის მეშვეობით. შუამავალი ნიშნავდა სახელმწიფოსთვის დამატებით ხარჯებს და მხოლოდ აზერბაიჯანის შემთხვევაში, შუამავლის ჩახსნის შედეგად, ყოველწლიურად რამდენიმე მილიონის შემოსავალს მიიღებს, დაიტოვებს სახელმწიფო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, ჩვენ შევთანხმდით აზერბაიჯანთან ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენის და სუფსის ტერმინალის ერთობლივი ოპერირების შესახებ ძალიან კარგი პირობებით, ესეც იყო ამ შეთანხმების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. სომხეთთან გვაქვს არაჩვეულებრივი ეკონომიკური ურთიერთობა, იგივე შეეხება თურქეთს“, - განაცხადა პრემიერმა.